ჩუგოშვილი: “გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემ თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე”

ჩუგოშვილი: “გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემ თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოპოზიციის მხრიდან ატყდა ამბავი მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით. მე მათ არ ვპასუხობ, მინდა დაინტერესებულ საზოგადოებას არ დავუტოვო კითხვები, ამიტომ ბოლო განმარტებას ვაკეთებ:

1. გუშინ ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრიდა რეზოლუციას მაგნიცკის სიასთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ ამ რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატება და ორპატიულად დავაინიცირეთ ცვლილება. ინიციატივის ავტორები არიან დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი. ანუ დელეგაციის უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები თანაბრად არიან ინიციატორები;

2. კომიტეტში, რომელშიც იხილებოდა ჩვენი წევრი არის ეკა ბესელია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას;

3. პოლიტიკურ ჯგუფში ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობის ყველა დეპუტატმა;

4. სესიაზე კენჭისყრის დროს გიორგი კანდელაკს არ ქონდა მონაწილეობის უფლება, თხოვა ადგილის დათმობა ზვიად კვაჭანტირაძეს, რაზეც ის დათანხმდა და შედეგად გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო;

5. ჟურნალისტები მეკითხებოდნენ რატომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. დიმიტრი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მას არ აქვს ხმის უფლება; ბატონი ზვიადი არ მონაწილეობდა, იმიტომ რომ მან ეს უფლება გიორგი კანდელაკს დაუთმო;

6. ასევე მე, როგორც რეზოლუციის მხარდამჭრი, ვესწრებოდი კენჭისყრას. ამ რეზოლუციაზე სამი კენჭისყრა ჩატარდა, სამივეზე ბუნებრივია მხარი დავუჭირე, ორი ჩანს შედეგებში, ერთი არა. აპარატი მეუბნება რომ ხარვეზები ხდება ხოლმე რადგან თითოეული კენჭისყრა 3-4 წამის განმავლობაში გრძელდება და დამპირდნენ რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ;

7. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც გთხოვს თავის მართლებას, გისურვებთ ასე არავინ მოგექცეთ;

8. ახლა გავიგე დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, მე გეტყვით ვინ შოპინგობს ჩემს თვალ წინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით, ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი 2-ჯერ მყავს თვალით ნანახი ასამბლეაში, მითუმეტეს რომ ბიუჯეტი არა მხოლოდ მისი, არამედ მისი დაცვის ხარჯებსაც იხდის, ეს ხდება წლიწადში ოთხჯერ 7 დღით, გთხოვთ დაითვალოთ რა უჯდება ეს ბიუჯეტს. რაც შემეხება მე და ჩემს დელეგაციას, ყველა ჩვენთაგანის სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და ღამის 9 საათზე მთავრდება. ასე რომ საკუთარი წარსული გამოცდილებით და თავგადასავლებით ჩვენ ნუ განგვსჯით.

მეტი ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, ვისაც საკითხი აინტერესებს აქ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა, ვისაც არ აინტერესებს, ახსნას ისედაც არ აქვს აზრი.

დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ასეთი უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს, ამას თავადაც მიხვდებით.”