დინა მირცხულავა – “იმიტომ, რომ ამ ვიგინდარას შემოვეორსულე… ჯერ შემოვუყვარდი, მერე შემოვეკოცნე და ბოლო ეგ იყო…”

დინა მირცხულავა - "იმიტომ, რომ ამ ვიგინდარას შემოვეორსულე... ჯერ შემოვუყვარდი, მერე შემოვეკოცნე და ბოლო ეგ იყო..."დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

“ცოლად მივყვები.
როგორც დეიდაჩემი ამბობს – ერთ ვიგინდარა, ქუჩის ბიჭს, რომელსაც საათიც კი არ უკეთია თავისი და მეტისმეტი დამაჯერებლობისათვის, ალბათ მეასედ მიყვება, როგორ “აახია” გვერდზე უბნელ ქურთს ეგ საათი.
თითს მოკაკვავს და აჯავრებს :
– ბიჭო, აქ მოდი- ო, ზუსტად ეგრე დაუძახა და საათზე რომ შეხედა, უსიტყოდ მოიხსნაო ქურთმა.
– თავისით მიუცია – მეთქი – მეასედ ვეუბნები მეც.
მეასედ აჯახუნებს კარებს ამის გაგონებისას და ოთახიდან გადის.
ეს კარებიც რა გამძლე ჩამოუკიდია ცხონებულ პაპაჩემს…
ჰო, ვიცი დეიდაჩემი მართალია, რამდენჯერაც არ უნდა შემახსენოს იმ ქუჩის ბიჭმა, რომ შინაბერაა და შურს ჩვენი, დეიდა მაინც მართალია…
მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა დავდგეთ საკურთხევლის წინ, ბეჭდები გავცვალოთ და ერთგულება შევფიცოთ ერთმანეთს.
იმიტომ რომ ამ ვიგინდარას შემოვეორსულე…
ჯერ შემოვუყვარდი, მერე შემოვეკოცნე და ბოლო ეგ იყო…
მეც დავუჯერე -“აუ, დინ, ჯიგარი მამა ვიქნები ” და “ვგიჟდები ბავშვებზე”…
ქორწილი მხოლოდ საკურთხეველთან იდგა ფხიზლად, მერე ბიჭებმა “გაიწოვეს” ათი წუთით და რომ მოვიდა – ხელები ძირს დასთრევდა, ცხვირი კი ლამის ნიკაპზე ედო.
უბანი თითქმის უსამძიმრებდა დეიდას. – ვისთვის გაზარდე- ო დანანებით უქნევდნენ თავს ჩემზე.
ერთ დღეს დიდი ბებიის ნაქონი ლარნაკი გამივარდა ხელიდან და გატყდა. მეორე დღეს – ხელსაბანთან საყურები მოვიხსენი, დამავიწყდა, ხელი გამოვკარი და წყალმა გაიყოლა.
მესამე დღეს – ორსულობისას თითები გამისივდა და საქორწინო რგოლი აღარ მეტეოდა – ასეთ ტყუილებს ვიგონებდი დეიდასათვის.
ჰო, ის ბიჭი და მე – ეჭვიანობა ყველაფერზე, ყველაზე…
ამინდზეც კი, მზე რატომ უფრო გიყვარს და წვიმა არა ?!
ტანსაცმელზეც – ეს კაბა იმას უყვარდა და არ იხდი ხომ ?!
ეს წიგნი რამ მოგაწონა ?!ეს ფილმი ?!
ძამაკაცები, გაუთავებელი ჩაკეტვები ოთახში, მუდმივად რიგში დგომა საპირფარეშოს კარებთან.
მერე ავად გახდომები – ხან ერთის გათრევა სასწრაფომდე და ხან მეორესი.
იმ ღამეს ყველა გაათრიეს და ქმარი შემომრჩა – მომაკვდავი.
იდაყვამდე მქონდა ხელი გადაყოფილი მის ხახაში, რომ ენა არ გადაეყლაპა, რამდენიმე საათიანი ბრძოლა მოსასულიერებლად, სისხლიანი თითები და… ნაადრევი მშობიარობა.
“აუ, დინ, ჯიგარი მამა ვიქნები” სხვა ფრაზამ შეცვალა – “უნდა მაპატიო, დინ”…
პატიება გაჭირდა.
ბავშვი უნახავად წაიყვანა დეიდაჩემმა საგვარეულო სასაფლაოზე და მე სახლში დამაბრუნა.
ლაპარაკი შევწყვიტე.
– გაუვლის- ო გაჰქონდა და გამოჰქონდა უბანს ჩვენი ამბავი.
მზე მიყვარდა იმ დღეებში მხოლოდ და დეკემბრის სუსხში თუ გამოანათებდა, აივანზე გავყავდი დეიდას.
ის ქუჩის ბიჭი სულ ჩემი აივნის წინ იჯდა და მზეზე აღარ ეჭვიანობდა,მგონი.
ქუჩაზე ქურთის ბიჭმა შემოუხვია, მაგრამ ეს რომ დალანდა, გვერდის აქცევა და შეუმჩნევლად სცადა გაძრომა კორპუსებს შორის.
ამას რა გამოეპარებოდა.
– აქ მოდი – ო დაუძახა.
მობრუნდა ქურთიც.
აწურული, საცოდავი, ხელები მზადყოფნაში ჰქონდა სახეზე ასაფარებლად, ეს თუ დაარტყამდა…
ამან მაჯიდან საათი მოიხსნა და გაუწოდა – წაიღე -ო.
სინათლის სიჩქარით გაიქცა ქურთი და თან უკან იხედებოდა, რამ გააგიჟაო !

მზემ იუხერხულა მარტო ჩემიანად ყოფნა.
ჯერ აივნიდან გადაიხარა, ღრუბლებში შეცურდა, მერე ღრუბლებიდან ამოიწვერა და იმ ქუჩის ბიჭს დაადგა თავზე გასათბობად…”