დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:
”აი, არაფერი ხომ ?!
საავადმყოფოს მოსაცდელში ვზივარ.
ჩემი მეგობარი იბრძვის სიცოცხლისათვის და მეგობრებს მოგვიყარა თავი.
შემოდის პატარა ბიჭუნა, ხელში იები უჭირავს, უკან კაცი მოსდევს და ეუბნება – რომ გამოვა, მიეცი…
აი, არაფერი ხომ ?!
მაგრამ მე ახლა ამბავი უნდა მოვიგონო და ეს თითქოსდა ჩვეულებრივი ბიჭი ჩვეულებრივი იებით მოთხრობაში უნდა გადავაცხოვრო…
მერე ერთ – ერთ რედაქციაში გავაგზავნო და გავყიდო.
კი, მრცხვენია…
სულ მრცხვენია…
ამბებს რომ ვყიდი, მგონია რაღაცას მაგლეჯენ გულიდან, მაგრამ მაინც…
თანაც იაფად…
მერე იმ კაპიკებით რამეები უნდა გავაკეთო…
მამაჩემისთვის თუთუნი ვიყიდო და ჩუმად ჩავუყარო კოლოფში, ჩუმად იმიტომ რომ ბოლოს ძლივს გამიბედა თხოვნა.
მიმაქვს და ვუმატებ.
– ვაჰ, რა ბარაქიანი გამოდგა, ბოლოს რომ მომიტანეო – იკვირვებს.
მეგობრის შვილს ყური სტკივა მესამე დღეა, წამალს ვერ ყიდულობს, ძლივს დავაცდენინე, რა ერქვა.
– “ოტიპაქსი”თუ შეიძლება – აფთიაქიდან წამალს ვიღებ და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
მორჩა, გაყიდული ამბიდან სამოცდაათი თეთრი დამრჩა.
– რაღაც იქნება – თავს ვიიმედებ.
რა გამოლევს ბავშვებს იებით ხელში…”

