საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
“ვუყურე რომში გამართულ “სრულიად ქართველთა ყრილობას”. მართლაც სასაცილოა სახელისა და ფაქტის შეუსაბამობა. მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც გიორგი სიგუას ამბავია ამ ისტორიაში. აი, ნამდვილი კვაჭი კვაჭანტირაძე,თაღლითი თაღლითთა შორის. კაცმა სააკაშვილს ორი მკვახე სიტყვა უთხრა პრინსტონში და ამ “გმირობის” გამო ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგის, ტურიზმის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. შემდეგ ნარკოდილერების საოცნებო კაზანტიპისა და ჯემ-ფესტებით შოულობდა ფულს და დაჭერას გადარჩენილი უეცრად იმ მიხეილ სააკაშვილის მეხოტბედ და ემიგრანტთა აქციის ორგანიზატორად მოგვევლინა,რომლის გალანძღვითაც კარიერა გაიკეთა.
რომში ჩატარებული აქციის კომიკური ხასიათი მაფიქრებინებს,რომ ამ თაღლითმა ახლა უკვე თვით მიხეილ სააკაშვილიც კი გააცურა. შეიძლება არც უნდოდა, მაგრამ სახეზე შეხედეთ-ასეთ ტიპებს, არ შეუძლიათ არ ითაღლითონ.
ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, ამას რომ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩააბარა. თუმცა რა, იქ, სიგუაზე უკეთესის დანახვის იმედი ნამდვილად არ მაქვს მწარე გამოცდილების გამო”, – წერს მანჯავიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
რომში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ემიგრანტების ნაწილს შეხვდა, ნაწილი კი დარბაზში სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, რეგისტრაციის გავლის მიუხედავად არ შეუშვეს.
ემიგრანტების ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა და სააკაშვილის ტურნე გააპროტესტა. მედიისთვის ამ შეხვედრაზე, ლიეჟის მსგავსად, შეზღუდვები იყო დაწესებული. შეხვედრაზე ასევე არ შეუშვეს აკრედიტებული ჟურნალისტებიც, კერძოდ, დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდა, რომ შეხვედრას მხოლოდ ოპერატორები დაესწრებოდნენ.
თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე დასწრებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის კითხვების დასმას შეძლებდნენ, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეხვედრაზე დასწრებას ვეღარ შეძლებდნენ. ამის მიზეზად სიგუამ სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც თქვა, რომ შენობაში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.

