მიხეილ გიორგაძე ნიკა რაჭველის წინააღმდეგ – ვის დარჩება ფილარმონია

მიხეილ გიორგაძე ნიკა რაჭველის წინააღმდეგ - ვის დარჩება ფილარმონიასახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს. რაჭველის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.

„ჩვენ დარბაზის საკითხზე ყველა დროის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ყველა დროის კულტურის მინისტრებთან გვქონდა საუბარი, მაგრამ შევისწავლეთ მსოფლიო ბაზარი. სიმფონიური და მრავალფუნქციური დარბაზის აშენება საკმაოდ ძვირია. ყველაზე მცირე, რაც აშენდა ბოლო პერიოდში დაჯდა 40-დან 60 მილიონ ევრომდე. ლარებში წარმოუდგენლად დიდი თანხაა და მივიჩნიეთ, რომ ახალი დარბაზის აშენება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დიდ ტვირთად დააწვება. დღეს, როდესაც არსებობს ჩვენი ორკესტრისთვის აშენებული დარბაზი, სადაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო ბევრი მიმართულებით, მე მგონი გაცილებით სწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში“, – განაცხადა ნიკა რაჭველმა.

აღნიშნულს კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა.

„კულტურის სამინისტროს ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორკესტრის ხელმძღვანელმა მანტია მოისხა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელისა და ორკესტრის, რომელზეც არავინ ზრუნავს, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მენეჯმენტის პირობებში პირველად ორკესტრის ისტორიაში, მათ გამოეყოთ 250 ათასზე მეტი მხოლოდ პროექტის, ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად, თუმცა მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა და თავი ვერ მოაბა ახალი პროექტის შექმნას, ორკესტრისთვის 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული 2019-2021 წლებისთვის, თუმცა თუ პროექტი არ არსებობს, ეს თანხაც ვერ იქნება გამოყენებული. ამ პერიოდში სანამ პროექტი შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ ორკესტრი ასეთი დაჩაგრული და გაუბედურებული არ ყოფილიყო, დამატებით სამინისტრომ 150 ათასი ლარი სხვადასხვა სივრცეების დაქირავებისთვის გამოუყო ორკესტრს.

რაც შეეხება ფილარმონიასთან დაკავშირებულ საკითხს, მოგეხსენებათ, სამინისტროს კომპეტენცია არ გახლავთ ეს საკითხი და ის რეგულირდება სხვა საჯარო უწყებების და კერძო კომპანიას შორის კონტრაქტით და ამ ურთიერთობაში შეჭრა ჩვენი კომპეტენცია არ გახლავთ.

ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად, რაც სრულიად არაადეკვატურია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს ისპეკულიროს ყველა დონეზე“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.