სოფო რაჭველმა ტვ „რიონი“ დატოვა – ”არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”

სოფო რაჭველმა ტვ „რიონი“ დატოვა - ”არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ჟურნალისტი, გადაცემა „ჩვენი შუადღის“ წამყვანი სოფო რაჭველი ტელეკომპანიას ტოვებს. მიზეზი 8 მაისს გადაცემა “ჩვენი შუადღის” ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, ტელეწამყვანმა სტუმართან ერთად ლგბტ თემის წევრები შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია, რასაც სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა.

კრიტიკის მიუხედავად ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს

“ტელეკომპანია რიონი დავტოვე, რადგან არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”- დაწერა სოფო რაჭველმა ფეისბუკზე.

გადაცემის ეთერში ,,მრავალფეროვნების დაცვის“ პრინციპის დარღვევა დაადგინა ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“ თვითრეგულირების საბჭომ. გადაწყვეტილება ფეისბუკგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა:

ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“ თვითრეგულირების საბჭომ, სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის დაგვიანებით გაჩენილი კომენტარების გამო, თვითინიცირებით განიხილა “ჩვენი შუადღის” 08 მაისის გადაცემა და დაადგინა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული ,,მრავალფეროვნების დაცვის“ პრინციპის დარღვევა, რომლის მიხედვით: ,, მაუწყებელი ვალდებულია, არ გაავრცელოს მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას ეთნიკური, რელიგიური სექსუალური და სხვა უმცირესობებისადმი. მან ასევე თავი უნდა აარიდოს უარყოფით მოვლენებთან რომელიმე სახის უმცირესობის დაუსაბუთებელი კავშირის შესახებ საუბარს, არ უნდა შეუწყოს ხელი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. თუ რესპონდენტი ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმას რომელიმე ჯგუფის მიმართ, ჟურნალისტი ვალდებულია, კონკრეტული მონაკვეთი ეთერში არ გაუშვას. თუ სიძულვილის ენას ადგილი პირდაპირი ეთერის დროს ექნება, წამყვანი ვალდებულია, მოუწოდოს კორექტულობისაკენ სტუმარს.“

ბოდიშს ვიხდით იმ ადამიანებთან, ვინც გადაცემაში გამოყენებული ტერმინებითა და შეფასებებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენ მივიჩნევდით და მიგვაჩნია, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, მაგრამ დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ აუდიტორიის ყველა წევრს, თავი შეიკავონ ტელე-რადიო კომპანიის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობებისგან. გამოიყენონ მედიის თვითრეგულირების და არა მედიაზე თავდასხმის გზები. მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტელეკომპანიის ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, მით უფრო საჯარო სივრცეში. ამასთან, ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ მუქარის შემცველი განცხადებების აღკვეთისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელე-რადიო კომაპნია ,,რიონი“ მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს.“- აღნიშნულია განცხადებაში.