კოტე მათითაშვილმა და ეკა ბალანჩივაძემ 1 ივნისს ხელი მოაწერეს – ვიდეო

კოტე მათითაშვილმა და ეკა ბალანჩივაძემ 1 ივნისს ხელი მოაწერეს - ვიდეოცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა კოტე მათითაშვილმა და დიზაინერმა ეკა ბალანჩივაძემ 1 ივნისს ხელი მოაწერეს. წყვილი წელიწადზე მეტია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ეს ორივესთვის მეორე ქორწინებაა. „პრაიმტაიმი“ ამ რომანზე წერდა.

„დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. უბრალოდ, წელიწადნახევრის წინ მოხდა ჩვენი დაახლოება. კოტესაც ჰყავდა ცოლი, ოთხი წლის წინ გაიყარნენ. მეც მყავდა ქმარი, რომელსაც დიდი ხნის წინ დავშორდი“ – გვიყვება ეკა ბალანჩივაძე.

ეკა ათი წელია დიზაინერია, აქვს თავისი შოურუმი და ატელიე. კოტეს „გაკეთებული ცხვირით“ ბევრი დადის ქალაქში. ის, ასევე ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან, საშა კალანტაროვთან ერთად, დიდი ხანია პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებს. პოპულარული გადაცემა „ექიმებით“ გახდა. კოტეს რძალია ნანიკო ხაზარაძე.

ქირურგმა ცოლის რჩევით კედებით დაიწყო სიარული. ცოლ-ქმარმა ერთობლივად ბლოგი გააკეთეს. „ჩვენი მეგორების წარმატებულობაზე ვწერთ და ჩვენც მაგრად ვერთობით“ – „პრაიმტაიმს“ უყვება ეკა.

ბუნებრივია, გაგვიჩნდა შეკითხვა, კოტესთვის, როგორც პლასტიკური ქირურგისთვის ხომ არ მიუმართავს და ეს რომანი აქედან ხომ არ იღებს სათავეს.

ეკა ბალანჩივაძე: – არა, ჯერ არაფერი გამიკეთებია. ახლა მინდა მივმართო, მაგრამ არ მიკეთებს. დიდი სიამოვნებით დავუწვებოდი და  რაიმეს კორექციას გავიკეთებდი. ბევრ საინტერესო პროცედურებს აკეთებენ, თანაც კარგად. ბევრ რამეს შევიცვლიდი, მაგრამ ასეც მომწონხარო, მეუბნება. ამ დროს მე ვთვლი, რომ მჭირდება რაღაცების კორექცია. მინდა დამათხელონ. არა, ივარჯიშეო, კოტე მეუბნება. ცხვირის დათხელებაზე ვოცნებობ, მაგრამ ვერ დავიყოლიე. მომწონს საშას და კოტეს გაკეთებული ცხვირები. იმედია, დავიყოლიებ.

– ხელის მოწერაზე მოგვიყევით.

– უცნაურად მოვაწერეთ ხელი. მოვილაპარაკეთ, მოდი, შაბათს, 1 ივნისს მოვაწეროთ ხელი, ყველას სცალიაო. მოვაწერეთ ხელი და წავედით აგარაკზე. ყვავილები გავიკეთე თავზე, აგარაკულად. მოუხდა იქაურ გარემოს. ჩემი და კოტეს შვილები და მეგობრების შვილები წავიყვანეთ, თან ზაფხულის პირველი დღე იყო და ასე აღვნიშნეთ ხელის მოწერა. ჩემი შვილები არიან 12 და 19 წლისები. კოტეს 14 და 18 წლის შვილები ყავს. ჩვენი მეგობრები არიან. გვგულშემატკივრობენ. ჩემ უფროს შვილს ჩემს გათხოვებასთან დაკავშირებით თავიდან პროტესტი ჰქონდა. ჯერ თქვენ გაერკვიეთ და მერე მე გავერკვევიო. რაღაც პერიოდი ვერ ეგუებოდა ჩვენს ურთიერთობას.

– ცნობილი ქირურგი სახლში როგორია?

– უმარტივესი და უკომფორტულესი ადამიანია. ძალიან მოსიყვარულეა. სიყვარულის ახსნა უწყვეტი რეჟიმით გვაქვს. სიურპრიზებს მუდმივად აწყობს, ძალიან რომანტიკულია, მე არ ვარ რომანტიკული. ვერც კოტესნაირი ვიქნები ოდესმე. ყოველდღე მაოცებს.

– რა გაქვთ დაგეგმილი საზაფხულოდ?

– იტალიაში, ზღვისპირა სახლში ექვსი წყვილი ვიცხოვრებთ და კარგად გავერთობით.

პრაიმ ტაიმი