ნათია თურნავაც მილიონერია – რა აკავშირებს ეკონომიკის მინისტრს მოსკოვთან?

ნათია თურნავაც მილიონერია - რა აკავშირებს ეკონომიკის მინისტრს მოსკოვთან?ძვირადღირებული ბინები ქალაქის ცენტრსა და ზღვისპირა სასტუმროს აპარტამენტებში; ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთები თბილისში, მის შემოგარენსა და დანარჩენ საქართველოში; დანაზოგები და საბანკო ანგარიშები სხვადასხვა ვალუტაში, მილიონიანი კაპიტალის მქონე კომპანიების წილები… – ასე გამოიყურება ახლადდანიშნული ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას და მისი მეუღლის, დავით ვეშაპიძის ქონება, რომლის შესახებაც ინფორმაცია თურნავას მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შევსებულ დეკლარაციაში ფიქსირდება.

დეკლარაციის თანახმად, ნათელა თურნავა ფლობს: დედაქალაქის ცენტრში, ამაღლების #12, 2010 წელს 60 ათას დოლარად შეძენილ 137,21 კვ. მეტრი ფართობის ბინას. აღნიშნულ მისამართზე თურნავა ასევე ფლობს 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხს, რომელიც 6400 დოლარად შეუძენია.  მის მფლობელობაშია მცხეთაში 1615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მას 2016 წელს საჩუქრად გადაეცა და 130,79 კვ.მ. ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც მას 2003 წელს ასევე საჩუქრად გადაეცა. თუმცა, ვისგან მიიღო ძვირადღირებული ქონება ნათია თურნავამ საჩუქრად, ამის შესახებ იფორმაცია დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ნათია თურნავას მეუღლე, დავით ვეშაპიძე, რომლის სამუშაო ადგილის შესახებ დეკლარაციაში ინფორმაცია მითითებული არ არის, ფლობს ბათუმის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, რომელიც კობალაძის ქ. #4-ში მდებარეობს, ორ ბინას. აქედან ერთი 33,03 კვ.მ ფართობის მას 2013 წელს 28 000 დოლარად შეუძენია, ხოლო მეორე – 40,72 კვ.მ ფართობის, 2017 წელს 69 880,25 ლარად. თურნავას მეუღლის მფლობელობაშია ათასობით ჰექტარი მიწის 2 ნაკვეთი, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში, რომელთა საერთო ფართობი 282957 კვ,მ-ია და 50 ათას ოლარად აქვს შეძენილი 2011 წელს.

დავით ვეშაპიძეს 2007 წელს აუქციონის წესით შეძენილი აქვს დედოფლისწყაროში, “კარაულკაში” ორი მიწის ნაკვეთი. აქედან ერთი, რომლის ფართობიც 720 000 კვ.მ-ია 15 840 ლარად შეუძენია, ხოლო მეორე 30 000 კვ.მ მიწის ფართობი 660 ლარად. ასევე მის მფლობელობაშია, კიდევ ერთი, 380 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დედაქალაქში, ზემო ვაკის შესახვევში. ეს ფართობი ვეშაპიძეს 2015 წელს 10 ათას დოლარად შეუძენია. მეუღლის მსგავსად, დავით ვეშაპიძეც განებივრებულია საჩუქრებით. მას 2008 წელს საჩუქრად გადასცეს 63,3კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თუმცა მჩუქებლის ვინაობა ამ შემთხვევაშიც, თურნავას დეკლარაციაში მითითებული არ არის. ვეშაპიძის საკუთრებაშია ასევე 43000 დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML class-ი.

მასვე, დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 1 275,71 ლარი; 1 491.47 დოლარი და 2 603,03 ევრო ჰქონდა. გარდა ამისა, მინისტრის მეუღლე არის შპს “სამშენებლო კონსტრუქციის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის სამეწარმეო კაპიტალიც, დეკლარაციის მიხედვით, 200 ლარია და წლიურ შემოსავალი ნულს შეადგენს. რაც შეეხება თავად ნათია თურნავას – მას ორ ვალუტაში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე უფიქსირდებოდა 20 665 ლარი და 5 444 დოლარი; ასევე, დეკლარაციის შეცსების მომენტში მას ჰქონდა 50 000 დოლარი ნაღდი ფულის სახით.

ამასთან, როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, ნათია თურნავას შპს “სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის“ 25%-იანი წილის მფლობელია. ასევე, დეკლარაციაში ფიქსირდება როგორც ს/ს “კონსტანტას“ აქციონერი, რომელიც “თიბისი ბანკს“ შეუერთდა 2015 წელს; ს/ს “აეროსტრუქტურების ტექნოლოგიებისა“ და შპს გარდაბნის თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელთა საქმიანობითაც წინა წელს შესაბამისად, 23 951,07 ლარისა და

24 000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული და მათი საერთო კაპიტალი 267 644 241,4 ლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით, თურნავას წლიური გასავალი შეადგენს 3 014 806 მილიონ ლარს. ასევე, მის წლიურ გასავალში ფიქსირდება 3250 ევრო, რომელის დანიშნულებაშიც სწავლის გადასახადია მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავამ სულ ახლახანს ჩაანაცვლა მილიონერი მინისტრი გიორგი ქობულია. მართალია, ახალი მინისტრის ქონება ისეთივე შთამბეჭდავი არ არის, როგორიც მისი წინამორბედის, მაგრამ ფაქტია, რომ ისიც მილიონერი მინისტრია. მილიონერობის გარდა, ქობულიას და თურნავას რუსეთთან კავშირიც აერთიანებს. ნათია თურნავა 51 წლის წინ, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაიბადა, ხოლო ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობისათვის სწორედ მოსკოვიდან ჩამოიყვანეს.

რაც შეეხება ნათია თურნავას განათლებას და ბიოგრაფიას – იგი ეკონომისტია. ბაკალავრის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურა. სამაგისტრო პროგრამა მან დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი. 2013-2018 წლებში თურნავა “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, საიდანაც გიორგი ქობულიას მოადგილედ გადაიყვანეს.

2006-2013 წლებში კი – თურნავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ნათია თურნავა მუშაობდა 2000-2005 და 2005-2006 წლებში. ამასთანავე, 2005 წელს ის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო. მანამდე, 1998-2000 თურნავა თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2020ნიუსი