ცოტნე გამსახურდია – ნეტავ მამაჩემს ეს დაენახა, გაეხარდებოდა, რომ ამ ქვეყნის მომავალს საიმედო პატრონი ჰყავს…

ცოტნე გამსახურდია - ნეტავ მამაჩემს ეს დაენახა, გაეხარდებოდა, რომ ამ ქვეყნის მომავალს საიმედო პატრონი ჰყავს...„გუშინ გვიან საღამოს წავედი რუსთაველზე, ახალგაზრდობის აქციაზე. წავედი მრავალი წლის იმედგაცრუებული, დაღლილი, ხელჩაქნეული და ბევრის მნახველი ამ ქვეყანაში… ათასობით ადამიანში ყველაზე უფროსი მე ვიყავი, რაც ეგრევე მომხვდა თვალში. აქ არც ქოცები ყოფილან და არც ნაცები, არც პოზიცია და არც ოპოზიცია, ისევე როგორც პირველ დღეს. 80-90 პროცენტი, მათ შორის ჩემი ნაცნობები, ახლობლები, მეზობლები გულწრფელმა პროტესტმა და არა პოლიტიკურმა, თუნდაც ოპოზიციურმა დღის წესრიგმა, მიიყვანა იქ. მაგრამ ეს სოლოლაკის შუშის სასახლიდან, და მითუმეტეს ევროკოპტერის ილუმინატორებიდან არ ჩანდა.

ვცდლობდი, თვალებშიც არ მეყურებინა ვინმესთვის, რათა ვინმეს არ ვეცანი და უკეთ დამენახა მიუკერძოებელი სინამდვილე. ხომ გახსოვთ, როგორც ბავშვობაში: თუ შენ ვერ ხედავ, გგონია, რომ შენც ვერა გხედავენ. არის რაღაცები, რასაც ჩუმად უნდა უყურო და ჩურჩულით უნდა ახსენებდე, ხმა მაღალი ყველაფერს არ უხდება, მომავალს – მით უმეტეს.

საერთოდ არ არის საინტერესო ამ ბიჭების და გოგონების პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება. მთავარი მათ უკვე იციან: ყველაფრის ცოდნაზე, კონტროლზე, დაუფლებაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. ისინი მეტს ხედავენ, ვიდრე უფროსი, მონობას შეჩვეული თაობა, მცირე ძვლითაც კმაყოფილი. ხედავენ, როგორ უსპობთ ღირსეული ცხოვრების პერსპექტივას ოლიგარქია, სახელისუფლებო კლანები, ძალოვანი სტრუქტურები, რომელნიც ამ კლანების უსაფრთხოების სამსახურად არიან ქცეულნი. ხედავენ, ქრისტეს სახელით მოლაპარაკე გაზულუქებული, ზღაპრულად გამდიდრებული ღორმუცელა მღვდლები და ეპისკოპოზები როგორ ართმევენ მატერიალურ და მეტიც, სულიერ თავისუფლებას, აზროვნების უნარს, რადგან ასეთი როლი აკისრიათ ოლიგარქიისგან.

დროა, ჩვენს ქუჩაზეც მოვიდეს გაზაფხული, ბავშვებო, არა?! როდემდე უნდა უყუროს ხელისუფალმა ამ ქვეყანას როგორც საკუთარ საფაშოს, როგორც კი სკამზე კუკუზნაკს დადებს?! როდემდე ვიაროთ წრეზე? ეს ნაჭამი,ეს ნათქვლეფი, რომელიც მტაცებლების მთელმა თაობებმა მიითვისეს, გაასხვისეს აქ, ხომ ჩვენი შვილების გადასახდელია? აღარა კმარა?! როდემდე იყოს ხალხი დამონებული და ამათ ნასუფრალს შეჩერებული, როდემდე უნდა იყვნენ სუბოტექსით, ბენზინის ტალონებით და რეცხვის კუპონებით მოგებული არჩევნებით?

და კიდევ, გუშინდელ დღემდე არასდროს მიფიქრია ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე: ნეტავ მამაჩემს ეს დაენახა, გაეხარდებოდა, რომ ამ ქვეყნის მომავალს საიმედო პატრონი ჰყავს…

პ.ს. ოპოზიციაზედ:
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი საზოგადოების, მათ შორის ამ ახალგაზრდების გამოფხიზლებასა და ინფორმირებაში, და აქ რუსთავი 2- ს ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმც მათ დიახაც აკისრიათ რთული და არაერთგვაროვანი პოლიტიკური მემკვიდრეობა და პასუხისმგებლობა ზემოთქმულზე“, – წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.