ზურაბ გურული – „ოცნება“დასრულდა მეძავივით … თავისი ლიდერიანად, უღიმღამოდ და სამარცხვინოდ“

 „ბედისწერა მეძავია – უყვართ ამერიკელებს ეს გამონათქვამი…
ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა ივანიშვილი, რომ ლოგიკური ალოგიკურობითა თუ ალოგიკური ლოგიკით ზუსტად იგივე დილემის წინ დადგებოდა, რომელმაც ჯერ ავტორიტეტი და შემდეგ ძალაუფლება დააკარგვინა მის წინამორბედს. ვერ და არ იშორებს გაბითურებულ შსს მინისტრს, რადგან ძალაუნებურად მისთვისაც უხეში ძალა გამოდგა ძალაუფლების ხერხემალი.
არავინ იცის რა მოხდება მომავალში. დიდი ალბათობით, გარკვეული ქაოსის შემდეგ ორ-სამ პოლუსიანი, ფინანსური მაგნატებით ზურგგამაგრებული პოლიტიკური დაჯგუფებები შემოვლენ თამაშში; მაგრამ ერთი რამ ცხადია, “ოცნება” დასრულდა; დასრულდა თავისი ლიდერიანად; უღიმღამოდ და სამარცხვინოდ; ზუსტად ისე, როგორც ამას “მეძავის” ლოგიკა მოითხოვდა.
დასრულდა რადგან, ნოემბერ-მაისისაგან განსხვავებით, სადაც პოლიცია გაურკვეველი იდეოლოგიის, სულისკვეთებისა და სოციალური წარმომავლობის მასას დაუპირისპირდა; ამჯერად პარლამენტის შენობასთან იდგა საქართველოს უზენაესი სამოქალაქო და სახელმწიფო მოვალეობითა და იდეით გაერთიანებული ქვეყნის მომავალი. ის მომავალი, რომელსაც ზუსტად შეეფერება ერთი უცხოელის მიერ ამ რამდენიმე დღის წინ ქართულად ციტირებული ვაჟა-ფშაველას გენიალური ნააზრევი.
ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიზმით, მსოფლიოს სიყვარულითა და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებით მოაზროვნე ხალხთან დაპირისპირება უიმედო საქმეა. ამის ემპირიული მაგალითი არაერთი აქვს ჩვენს პლანეტას. მთავარია ამ სულისკვეთების შენარჩუნება და ჭეშმარიტ პატრიოტიზმად გამოვლენა, რაც ერთხელ უკვე შევძელით.
უთვალოდ დარჩენილი თვალბუდეებიდან იცის მზერა ბედისწერამ … -წერს ზურაბ გურული, ამერიკაში  მოღვაწე ექიმი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი