იაგო კაჭკაჭიშვილი – „20 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად მონათვლა, თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს“

იაგო კაჭკაჭიშვილი - „20 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად მონათვლა, თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს“„2003 წლის “ვარდების რევოლუცია“ ისტორიაში დარჩა როგორც პოზიტიური, პროგრესული მოვლენა. თუმცა, პარლამენტში შეჭრის (ანუ, სახელმწიფო გადატრიალების) არათუ მცდელობა, არამედ ფაქტი მოხდა.

რატომ ფასდება პროგრესულად „ვარდების რევოლუცია“? იმიტომ, რომ რევოლუციური ცვლილებების დაკვეთა „ქვემოდან“ მოდიოდა, ანუ საზოგადოებაში არსებობდა ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნილება.

2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო გამოსვლას არ ჰქონია ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების განზრახვა. ცილისწმებაა ამის დაბრალება იქ მისული ათასობით ადამიანისთვის. ჰქონდათ თუ არა ეს განზრახვა ცალკეულ პოლიტიკოსებს (მელია, ოქრუაშვილი…)? შეიძლება ასეა, მაგრამ საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ხელისუფლებამ აღკვთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ცოტა კარიკატურულად გამოიყურება.

ისე, წესით, 20 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად მონათვლა თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს, რადგან ამით ხაზს უსვამს საკუთარ არალეგიტიმურობას, ანუ აღიარებს, რომ მან საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა“. – წერს ფილოსოფოსი და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.