ტეხასის შტატის სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს, 26 დაჭრეს – დააკავეს 21 წლის პატრიკ კრუსიუსი

ტეხასის შტატის სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს, 26 დაჭრეს - დააკავეს 21 წლის პატრიკ კრუსიუსიტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ მყოფ მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.

დაკავებულია 21 წლის თეთრკანიანი პატრიკ კრუსიუსი. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ შედის სავაჭრო ცენტრში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ყურსასმენები უკეთია.

ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამორბიან ადამიანები სავაჭრო ცენტრიდან. თვითმხილველების თქმით, პანიკის დაწყების შემდეგ სროლა უფრო ინტენსიური გახდა.

პატრიკ კრუსიუსმა დანაშაულის ჩადენამდე მანიფესტი გამოქვეყნა.

„ტვიტერის“ გვერდზე კრუსიუსი მხარდაჭერას უცხადებს პირს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ახალ ზელანდიაში ორი მეჩეთის მრევლი დაცხრილა. ამას გარდა, კრუსიუსი აცხადებს, რომ თავისი ქმედებებით თავისი ქვეყნის დაცვას ცდილობს „უცხოური შემოტევისგან“, რომლის გამოც აშშ-ს კულტურა და ეკონომიკა ზარალდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.