ვასილ სოფრომაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს – “ბიზნესზე ზეწოლა გრძელდება”

ვასილ სოფრომაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს - "ბიზნესზე ზეწოლა გრძელდება"არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს.

ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან.

„ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავდიოდით ყველანაირ შემოწმებას სახანძრო სამსახურიდან. საბჭოთა კავშირში არსებობდა წესები და ჩვენს მთავრობას მიღებული აქვს არარსებული ნორმა, თუ რაიმე გინდოდათ აგეღოთ, აგეღოთ იმ ქვეყნიდან, საითკენაც მივდივართ და არა არარსებული ქვეყნიდან.

დღეს ამ ნორმებზე დაყრდნობით სახანძრო სამსახურმა წარმოგვიდგინა მათი შემოწმების აქტი, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვერ გავაკეთებთ, რადგან კონსტრუქციებს შევასუსტებთ. არ ვაპირებ ამის გაკეთებას, ვაპირებ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ყველაზე დიდი საშიშროება ის არის, რომ ახალი ობიექტის აშენებას ვაპირებთ და ისიც არ ვიცით, თუ ბეჭედს დაგვისვამენ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან, იმის გარანტიაც არ გვაქვს, რომ ხვალ ახალ ინსპექტორს არ გაუჩნდება ახალი იდეები და მის შესრულებას არ მოგვთხოვს“,- განაცხადა სოფრომაძემ.

მისი თქმით, ივანე მაჭავარიანის მინისტრობის პერიოდში მის კუთვნილ ბიზნესს „გაუგონარი სარჩელი“ წარედგინა, სოფრომაძის მტკიცებით ზეწოლა ახლაც გრძელდება და ისინი საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ.

„დიახ, ვადასტურებ ბატონო ივანე, ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა. თქვენი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საგადასახადომ „ფრესკოს“ წარუდგინა ისეთი გაუგონარი სარჩელი, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგეთ და რომელიც არ შეიძლებოდა, რომ არ მოგვეგო.

ზეწოლა ახლაც გრძელდება, ახლა, როცა აღმოაჩინეთ, რომ თანხა გაქვთ დასაბრუნებელი უკან, ამ თანხის შესაბამის თემაზე წამოჭერით საქმე. ისე ჰაერში ვართ ჩამოკიდებული, ეს თემა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ“,- აცხადებს სოფრომაძე ვიდეომიმართვაში.

იპნ