არჩილ გამზარდია – “ბიძინა ძალიან გაუბრაზდა ზოგიერთებს, რატომ მოატყუეთ არჩილი და რატომ აწყენინეთო”

არჩილ გამზარდია - “ბიძინა ძალიან გაუბრაზდა ზოგიერთებს, რატომ მოატყუეთ არჩილი და რატომ აწყენინეთო''ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

როდესაც პროექტი “კვირის 2030” ვასილ მაღლაფერიძემ დახურა ჯიდიესზე, ბიძინა ივანიშვილმა მოგვიანებით მითხრა, რომ ჯერ იყო და უთხრეს, თითქოს მე დავიკიდე ისინი და არც გამოვეხმაურე, მაშინ როდესაც ბატონმა ვასილმა მითხრა რომ ბიძინასგან მოდის ეს გადაწყვეტილებაო… ბიძინა მაშინ ძალიან გაუბრაზდა ზოგიერთებს, რატომ მოატყუეთ არჩილი და რატომ აწყენინეთო და დაბრუნება მთხოვა ჩემთვის საინტერესო და სასურველი მიმართულებით.

ტელეპროექტთან დაკავშირებით, მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ვასო მაღლაფერიძე და კახა ბექაური დამადგნენ და მიმტკიცებენ რომ კაცი წამყვანი არაფრით შეიძლება და გამზარდია არ დატოვოო. იქვე ბიძინამ მითხრა რომ თუ სურვილი მექნებოდა, გამეგრძელებინა პროექტი ან სხვა ტელეპროექტი მომეფიქრებინა. მე ვუთხარი რომ ჩემი ტელეწამყვანობა იქ ვერ შედგა და როგორც წარუმატებელი ტელეწამყვანი, არ მსურდა ამ საქმით დაკავება.

მოგვიანებით კიდევ დამიკავშირდა ბიძინა ივანიშვილი და მისივე შეთავაზებით კვლავ გავაგრძელე თანამშრომლობა გენერალური პროდიუსერის კონსულტანტის სახით.

მცირე ხნის შემდეგ მე ბიძინა ივანიშვილს გავუზიარე, რომ იმ რეალობაში, სადაც ვიყავით, მე ხელისუფლების კრიტიკაში ვხედავდი მხოლოდ თავს. უარი ვთქვი ხელშეკრულების გაგრძელებაზე და როგორც თანამშრომელი, დავემშვიდობე.

თუმცა, მას მერეც, დროდადრო ვუზიარებდი ჩემს მოსაზრებებს მიმდინარე პროცესებზე თუ პირებზე, არსებითად კრიტიკის ნაწილში.

ასე რომ, არც პარტიაში შესვლის სურვილი მქონია, არც 2030-თან თანამშრომლობის გაგრძელების. “ქართულ ოცნებას” მაქსიმალურად პოზიტიური მოტივებით ვაკრიტიკებდი, ისე, როგორც წესით უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ადეკვატური გულშემატკივარი.

რაც ბოლო სამ წელში, ხელისუფლების ქმედებების გამო, პრაქტიკულად არ დარჩა გულშემატკივრობის სივრცე, თავისთავად აღმოვჩნდი ჯერ კრიტიკიდან ოპონირების, შემდეგ კი ოპონირებიდან ოპოზიციონერობის რანგში.

დღეს, ჩემთვის სახელმწიფოებრიობა და პატრიოტობა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაზე გადის, ხოლო ვინც მათ არ ებრძვის, ჩემი გადასახედიდან, ხელისუფლების მავნებლობისა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების თანამონაწილეა.