ირაკლი ბათიაშვილმა სტრასბურის სასამართლო მოიგო – სახელმწიფომ მას 3.600 ევრო უნდა გადაუხადოს

ირაკლი ბათიაშვილმა სტრასბურის სასამართლო მოიგო - სახელმწიფომ მას 3.600 ევრო უნდა გადაუხადოსსტრასბურის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. შესაბამის ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

„საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

კერძოდ, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.

სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ბათიაშვილი მის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა, 11 წლის განმავლობაში ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას და მისთვის გაურკვეველი იყო რატომ დასჭირდა სასამართლოს ამდენი ხანი გადაწყვეტილების მისაღებად.

ირაკლი ბათიაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დაცვის მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა იმის დასტურად, რომ მის საქმეზე მტკიცებულებები ფალსიფიცირებული იყო და მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაირღვა.

„ის ზარალი, რაც ჩემს ოჯახს მიადგა, მორალური, ფსიქოლოგიური, რაც გადაიტანეს, ეს ვერავითარი ფულადი ერთეულით ვერ გაიზომება. თავისთავად სტრასბურგმა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მისასალმებელია, ძალიან მიხარია პირდაპირ გეტყვით. იმდენი წელი გავიდა 2008 წლის შემდგომ, რომ უკვე საერთოდ რაღაცნაირ გაურკვევლობაში ვიყავი, იმდენი ხანი გაიწელა და ვფიქრობდი იმ ფაქტორებსა და მიზეზებზე, ეს რის გამო მოხდა. იმდენად უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი დაცვის მხარეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მიმართ ადგილი ჰქონდა არასამართლიან სასამართლოს, პირდაპირ გაყალბებას და ფალსიფიკაციას მტკიცებულებების, რომ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა პროცესი ამდენი ხანი გაწელილიყო“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში გამოძიების დაწყების შესაძლებლობას, როგორც ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, ის ელოდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამიტომ არ მიმართა პროკურატურას, რათა საქმის გამოძიება დაეწყოთ.

„მქონდა ბევრი შემოთავაზება და რჩევა ჩემი მეგობრებიდან, რომ მიმემართა პროკურატურისთვის, რათა ხელახლა გამოეძიათ ჩემი საქმე და რა თქმა უნდა, მე ყველა შემთხვევაში გავმართლდებოდი. მოხდებოდა იმ ბრალდებების მართლა გადახედვა, რომელიც მაშინ წამიყენეს, გამოიძიებდნენ ხელახლა და გამოიკვეთებოდნენ ის დამნაშავე პირები, რომლებმაც პრაქტიკულად შეთითხნეს ჩემს წინააღმდეგ ბრალდებები. ასევე პირდაპირი ზეწოლა მოახდინეს სასამართლოზე, რათა ჩემს წინააღმდეგ ასეთი განაჩენი გამოეტანა, მაგრამ მე მინდოდა დავლოდებოდი სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ახლა უკვე გზა ხსნილი მაქვს. თუ სახელმწიფომ თვითონ არ გააკეთა ეს ავტომატურად, მე მივმართავ ჩემი ადვოკატების საშუალებით“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

იპნ