შალვა ნათელაშვილი – “სააკაშვილით ტკბობა უნდა დასრულდეს, ის უკვე წარსულია”

შალვა ნათელაშვილი - “სააკაშვილით ტკბობა უნდა დასრულდეს, ის უკვე წარსულია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პასუხობს/
– ბატონო შალვა, როგორ აფასებთ ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის ბოლო პროცესებს?
– იმდენი უსამართლობა და უკანონობა ხდება ამ ქვეყანაში, რომელი ერთით დავიწყო.
– თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით. გურამ ჩალაგაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და დაასახელა იმ ოთხი პოლიციელეის გვარი, რომლებმაც კობა კოშაძეს, სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს და ეს ბრალდება ექსპერტიზის დასკვნით გაამყარა. დღეს კი ამბობენ, რომ შესაძლოა გურამ ჩალაგაშვილი დააკავონ იმ მოტივით, რომ ის ზეწოლას ახდენს მოწმეებზე. რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი?
– რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი. საერთოდ, ამ ქვეყანაში რამე სამართლიანია?! ამიტომ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ოლიგარქის რეჟიმისგან.
– გამორიცხავთ, რომ დააპატიმრონ?
– რისთვის უნდა დაიჭირონ, რომ ამხილა სისტემა?! თავად კოშაძესაც კარგად ვიცნობ, არ შეიძლებოდა მას ჰქონოდა უკანონო იარაღი. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება დაჭერებზეა გადასული, ნორმალური ადამიანი, იარაღი რომც ჰქონდეს, არ დადებს საჩვენებლად და საპოვნელად.
გურამ ჩალაგაშვილიც და კოშაძეც ორივე ძალიან კარგი პიროვნებაა, კოშაძეს პირადად ვიცნობ და მისგან გამორიცხულია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაიმე ძალადობრივი ექსცესისთვის უკანონოდ იარაღის შეძენა, ტარება ან შენახვა. ეს აშკარად პოლიტიკურია.
– მოტივი?
– უბრალოდ, უნდოდათ, უბრალოდ არა, ბრალიანად, უნდოდათ ირაკლის დაჭერა, მასზე გასვლა და დაიწყეს მისი გარემოცვის დაჭერით, რომ მათი ჩვენებები მერე გამოყენებული ყოფილიყო ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ. თითქოს შეთქმულებას და გადატრიალებას აწყობდა და შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი.
აი, ეს არის ამის მთელი ფაბულა, რომელიც აუცილებლად დაიშლება და ჩამოინგრევა. იმიტომ, რომ კლასიკური სისულელეა, გადატრიალებას შიშველი ხელებით ადამიანები ვერ აწყობენ და არ აწყობენ, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე.
– ანუ უკანონო პატიმარია ირაკლი ოქრუაშვილი?
– რას ლაპარაკობთ, პოლიტიკური პატიმარია! გაქანებული. მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით დაჭერილი, რომ, ჯერ ერთი, ანგარიში გაუსწოროს ივანიშვილმა და მეორეც, შეაშინოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომ აი ნახეთ, რა დაგემართებათ. ირაკლი ოქრუაშვილი ფაქტიურად დედამიწის ზურგზე ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც დაიჭირეს მშვიდობიანი და უიარაღო მიტინგში მონაწილეობისათვის. დედამიწაზე სხვა არ არის ასეთი პრეცედენტი.
– თავს დამნაშავე არ გრძნობდა, თორემ ალბათ არც დაბრუნდებოდა საფრანგეთიდან.
– მან იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მას შეუთვალეს კიდეც, მაგრამ ის დაბრუნდა. არ უნდოდა ეფიქრათ, რომ გაიქცა.
– ჩამოიშლება და დაემხობა თავზე ეს სისტემა ხელისუფლებას?
– ახლა დაწყებულია ოლიგარქიულ რეჟიმთან ჩვენი ხალხის გაყრის პროცესი. ხომ მოგეხსენებათ, რა მტკივნეულია, ცოლ-ქმარი რომ იყრება, დღე და ღამე რომ იყრება, დედა-შვილი მშობიარობისას რომ იყრება, ხომ დიდი ტკივილებია და თქვენ წარმოიდგინეთ, ამხელა გველეშაპს ეყრება ერი!
ჯერ გადაეყარა და ახლა უნდა გაეყაროს. აი, ამ გაყრის პროცესში ვართ. ამიტომ ასეთი მტკივნეული ამოფრქვევები, რა თქმა უნდა, იქნება ყველა სფეროში. ამას უნდა გავუძლოთ და რამდენიმე თვეში მათგან არაფერი არ დარჩება.
– ვართ კი გაყრის პროცესში, ბატონო შალვა? ხომ ვხედავთ, როგორ იბრძვიან, რომ დარჩნენ მესამე ვადით.
– ისინი მარტო პოლიტიკურ დარჩენაზე არ ნერვიულობენ, რადგან მათ ქონებრივი გადარჩენის საკითხი დაუდგათ. ამ ჯგუფს პოლიტიკაში მოსვლა სჭირდებოდა ქონების დასაგროვებლად და თუ დაკარგეს ძალაუფლება, ქონებასაც კარგავენ. ეს ხომ გარდაუვალია, რომ ყველაფერს უკან მოვატანინებთ.
ამიტომ ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ დარჩნენ. ამიტომ ჩვენც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ გავყაროთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ იქნება ვაკის პარკში გასეირნება.
– გამოდის ინფორმაციები, რომ ივანიშვილს ნელ-ნელა ხელიდან ეცლება ძალაუფლება, საკუთარი გუნდის წევრები აღარ ემორჩილებიან. რამდენად თვლით, რომ ასეა?
– ვფიქრობ, რომ მის მიერ არის გავრცელებული ეს ჭორი. ერთხელ ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი მიყვებოდა, ებრაელი ოლიგარქები მოსკოვში ვინც ვიყავითო, ხშირად ვავრცელებდით ხმას, რომ ერთმანეთში ვიჩხუბეთ და არ ველაპარაკებითო, მშვიდდებოდნენ რუსები და ამასობაში ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებდითო.
ივანიშვილიც იქ არის გაზრდილი და ესეც იქაური ვირეშმაკობებია. ეს არის ერთი ბანდა, მათ აქვთ ერთი მომავალი და ამ მომავალს ქვია ციხე, ამიტომ ისინი ერთად იბრძოლებენ ძალაუფლების შენარჩუნებისათვის.
– არ აქვთ ერთმანეთში არანაირი უკმაყოფილება?
– შიგნით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება არის. ერთმა 500 მილიონი იშოვა, მეორემ – 495 მილიონი, რა თქმა უნდა, მეორე უკმაყოფილოა. კალაძემ დაითრია მთლიანად გაზგასამართი სადგურები და მას მეორე დაჯგუფება ებრძვის. ვინ მეტი კორპუსი ააშენა და მეტი არაბი თუ ირანელი ჩამოასახლა. რომ იტყვიან, სამშობლოს გაყიდვის ტენდერია გამოცხადებული. ღორებივით ჭამენ გეჯაში, საჭმელი კი ბევრია, ყველას ყოფნის, მაგრამ ერთმანეთს მაინც ეჩხუბებიან. ღორული ფსიქოლოგია აქვთ და სულ ეს არის.
– ანუ არანაირი პოლიტიური დაპირისპირება, მხოლოდ პირადი ინტერესთა კონფლიქტი?
– პოლიტიკური დაპირისპირება რომ იყოს, სულ მცირე, პოლიტიკოსებთან უნდა გვქონდეს საქმე. რაზე უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელ იდეაზე? ჭორვილა ქვია ამ იდეას?!
– ვანო ჩხარტიშვილის გავლენებზე და მის სიძლიერეზე უკვე ლეგენდები დადის. ასე გააძლიერა ის ივანიშვილმა?
– ჩხარტიშვილი ყოველთვის იყო გაძლიერებული, იმიტომ, რომ ის არის გაცლილი სინდისისგან, ნამუსისგან და ადამიანობისგან. ის არის უბრალოდ ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც უნდა შეჭამოს ქვეყანა და მოინელოს.
შევარდნაძის დროს იყო გაძლიერებული, გახლდათ ეკონომიკის მინისტრი. თუკი რამის ხელში ჩაგდება შეიძლებოდა, ყველაფერი ხელში ჩაიგდო.
სააკაშვილის დროს იყო გაძლიერებული, გახდა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გახდა ფრაქციის თავმჯდომარე. ნაციონალებმა შეუქმნეს სპეციალური კომისია, კობა დავითაშვილის თავმჯდომარეობით და დაადგინეს, რომ მას არაფერი არ მოუპარია. მანამდე კი გვპირდებოდნენ, რომ დაიჭერდნენ ჩხარტიშვილს.
ძველი გამოცდილებით, გადაბარგდა ივანიშვილთან, მისი მარჯვენა და მარცხენა ხელია ერთდროულად და გაასმაგებული ტემპებით გააძლიერა ჩვენი ჭამა.
ეს ჩხარტიშვილიზმი ერთი ხელისუფლების დამსახურება არ არის, ჩხარტიშვილიზმი არის ამ სისტემის სახე, რომელიც 25 წელია, გრძელდება.
– გახარიაზე რას იტყვით, მას მხოლოდ არჩევნების მოგება დაავალეს თუ აქვს რაიმე ძალაუფლება?
– გახარია, მთლიანობაში, განწირული საცოდავი კაცია. მას უკვე მანიაკის იმიჯი აქვს, არანაირი პერსპექტივა არ ელოდება არც პოლიტიკაში, არც ქვეყნის ისტორიაში და არც მოგონებებში. ის მორიგი მსხვერპლია ამ მთელი სისტემის. მის გაძლიერებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ის პრაქტიკულად არ არსებობს.
– ცვლიან საარჩევნო სისტემას, გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე. კეთდება შეფასებები, რომ ივანიშვილის მიზანია, ნაყიდი პატარა პარტიებით შეინარჩუნოს ხელისუფლება კოალიციური მთავრობის იმიჯით. რას იტყვით თქვენ?
– ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მთელ დაფინანსებას უშვებენ პრობიძინისტურ და პროპუტინისტურ პარტიაზე, ამიტომ, როგორც დილით ნაწვიმარზე სოკო ამოდის, ისე ამოვლენ ეს პრორუსული და პროსოლოლაკური პარტიები. შეეცდება, ასე მოაკოწიწოს უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ამაზე დიდძალ ფულს დახარჯავენ და გაყალბებაზეც წავლენ, თუ მიეცათ საშუალება.
– ამ ფონზე რას აკეთებს ოპოზიცია, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევებს? როდესაც ყველა ცალ-ცალკე მიდის და ერთმანეთის ლანძღვითაა დაკავებული, ესეც ივანიშვილის დამსახურებაა?
– როგორ გითხრათ, მთლად მაგის დამსახურებაც არ არის, პოლიტიკის წესია, იმიტომ, რომ პოლიტიკაში კონკურენციაა. მითუმეტეს ახლა, როდესაც ბლოკები აიკრძალა, პარტიებს საერთოდ არ აქვთ ინტერესი, რომ ერთმანეთის პოზიციები გააძლიერონ. ყველა გადასულია საკუთარი თავის რეკლამირებაზე. თუმც აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი რამ.
– რა?
– საერთო მიზნისთვის ერთიანობა. საერთო მიზანი კი არის ივანიშვილის მოცილება, ამ სისტემის ჩამოშლა და თუ გააყალბებს არჩევნებს, მასობრივი სახალხო გამოსვლებით მისი მოცილება. დანარჩენი უკვე თავისუფლები ვართ მოქმედებაში.
რა, მე არ ვთქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დააქცია ქვეყანა ის 9 წელი?! ამას აუცილებლად ვიტყვი, იმიტომ, რომ ასე იყო. არ ვთქვა, რომ ივანიშვილმა გაყიდა საქართველო?! არამარტო თვითონ, არამედ იმ პარტიების მეშვეობით, რომლებიც გვერდში დაიყენა. დღეს რომ ვითომ ოპოზიციაში წავიდნენ და გრძელი ენები აქვთ გადმოგდებული, ერთად დააქციეს ეს ქვეყანა! ამიტომ ეს მხილება აუცილებლად იქნება.
მასთან ნამყოფი პარტიები აბსოლუტურად არ არის სანდო. ხომ გახსოვთ, მილიონ-მილიონი რომ ჩამოურიგა. შემდეგ ამის დოკუმენტიც დაიჭირა ხელში. ალბათ ფარული ჩანაწერებიც ბევრი ექნება მათზე. ეს კაცი ფარული ჩანაწერების მეფეა. ამ ქვეყანას ივანიშვილს აღარ შევაჭმევინებთ. მე ვემზადები ხელისუფლებაში მოსასვლელად და ვითანამშრომლებ ოპოზიციურ პარტიებთან.
– რომელ პარტიებთან არ ითანამშრომლებთ კატეგორიულად?
– არ ვითანამშრომლებთ “ოცნებასთან” და კრემლის აგენტ პარტიებთან.
– “ევროპული საქართველო”, ნაციონალური მოძრაობა – მათთან ერთად შექმნით კოალიციას?
– ნაციონალური მოძრაობა თავად ცდილობს, კოალიცია შექმნას თავისი ლიდერობით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მის ლიდერობას არასოდეს ვაღიარებთ. ბოკერიებთან და მისნაირებთან კოალიციური მთავრობა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. სააკაშვილისთვის გუნდრუკების ქნევა ჩვენთვის დაუშვებელია. მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა, დასანგრევი დაანგრია, დასაკარგი დაკარგა, ამდენად, უნდა დამთავრდეს სააკაშვილით ტკბობა.
ეს გუშინდელი დღეა, ეს წარსულია.
– რას იტყვით პარლამენტში იმ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე, რომლებიც უვადოდ უნდა დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში?
– ესენი მოსამართლეები არ არიან, ესენი არიან ჯალათები! რა უვადო მოსამართლეობაზეა საუაბრი, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ესენი გაიყრებიან პანჩურის კვრით.
უნდა გაუქმდეს ყველა ეს გადაწყვეტილება. მოსამართლეები უნდა აირჩიოს ხალხმა. უზენაესი ინსტანციები ახლიდან უნდა დამტკიცდეს.
ეს სადარბაზოს ყალბდიპლომიანი ვაი იურისტები, ეს ჯალათები უნდა მოშორდნენ ამ ქვეყანას.