“ამერიკას უნდა, რომ კალაძე პირველი პირი გახდეს”

“ამერიკას უნდა, რომ კალაძე პირველი პირი გახდეს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
აირაის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– კვლევის თანახმად ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დავით ბაქრაძეა. სამეულში მოხვდნენ კახი კალაძე და დავით უსუფაშვილი. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– აირაის კვლევებს ცოტა პესიმისტურად ვუყურებდი ხოლმე და ცოტა ირონიულადაც. როცა დავით ბაქრაძეს ახსენებენ, როგორც ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსს, ყოველთვის მეღიმება, იმიტომ, რომ ნამდვილად არ მიმაჩნია დავით ბაქრაძე რეიტინგულ პოლიტიკოსად. არის ხოლმე საუბარი, რომ დადებითი პოლიტიკოსია, არააგრესიული, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია და კახი კალაძეს უსწრებს რეიტინგში, ცოტა ღიმილის მომგვრელია. თუმცა, მე პირადად ენდიაის და აირაის კვლევებს ვუყურებ ცოტა სხვა თვალით.
– რას გულისხმობთ?
– შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის სურვილს გადმოსცემს აირაი.
– ანუ ისინი განიხილავენ პირველ პირად ბაქრაძეს? ასე უნდა გავიგოთ?
– აი, ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. ბაქრაძე ბოკერიას გუნდის ლიდერია, “ევროპული საქართველო” კი ასოცირდება დემოკრატიულ პარტიასთან. შესაბამისად, აირაის ასეთი შეფასება იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ დავით ბაქრაძე არის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ფიგურა მათთვის.
ასევე ძალიან საინტერესოა, რომ აირაისთვის ძალიან მისაღებია კალაძე. ვხედავთ, რომ ენდიაიც და აირაიც კალაძეს ყოველთვის მოწინავე რიგებში აყენებენ. ეს იმისკენ მიუთითებს, რომ კალაძე შეიძლება გამოეყოს “ქართულ ოცნებას”.
როდესაც ვხედავთ, რომ საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს კალაძეს, იქვე ვხედავთ, რომ ღარიბაშვილი, ივანიშვილი და გახარია ძალიან დაბალ პოზიციებზე არიან.
– ეს რისი მაჩვენებელია?
– ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ კალაძის პოლიტიკურ მომავალს აფერხებს სწორედ ეს სამი ადამიანი. პრაქტიკულად კალაძეს მიუთითებენ იმისკენ, რომ გამოეყოს “ქართულ ოცნებას”.
ამ ყველაფერში ძალიან საინტერესო იყო ერთი ფაქტორი.
– რომელი?
– დავუშვათ, აირაი ცდება იმ შეფასებებში და იმ კვლევებში, რომელთაც აქვეყნებს, მაგრამ ამ გამოკითხულ რესპონდენტებს როცა ეკითხებიან, რომელია შენი საყვარელი ტელევიზიაო, ისინი ასახელებენ იმედს. ანუ გამოდის, რომ ეს გამოკითხულები “ოცნების” მხურვალე მხარდამჭერები არიან, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ იმედი დღეს “ოცნების” ტელევიზიაა და ამ ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კალაძე არის მაგარი, ბაქრაძე არის მაგარი და ივანიშვილი საერთოდ არ ვარგა. ეს როგორ უნდა გავიგოთ?!
– თქვენ როგორ გაიგეთ?
– მე ასე ვუყურებ ამას, რომ თვითონ გუნდში არის სერიოზული განხეთქილება, რომელიც არ ამოდის უბრალოდ ზედაპირზე და არ არის ყველასთვის ცნობილი. ამ ყველაფერში ამერიკის სურვილი იკვეთება.
– ამერიკა მიუთითებს, რომ ხელისუფლება ამ გუნდს უნდა გადააბაროს ივანიშვილმა?
– ამერიკა მიუთითებს იმას, რომ პირველი პირი უნდა გახდეს კალაძე! გეტყვით იმასაც, რომ მე მჯერა ამ რეიტინგების, რაც აირაიმ დადო, იმ პროცენტების, რაც ამ პარტიებს აქვთ. გეტყვით იმასაც, რომ “ოცნებას” ნამდვილად არ აქვს იმაზე მეტი რეიტინგი, რაც ამ კვლევაშია ნაჩვენები. არც ერთ სხვა პარტიას არ აქვს მასზე მეტი რეიტინგი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოპოზიციური ერთობა ერთად მეტ პროცენტს დებს, ვიდრე “ქართული ოცნება”.
– ამიტომ ხომ არ ჩააგდეს პროპორციული?
– რა თქმა უნდა. იმიტომ ჩააგდეს, რომ დაინახეს საფრთხე იმისა, რომ ვერ მოვიდოდნენ შემდგომ არჩევნებზე ხელისუფლებაში. საკითხავია ახლა, ერთად ის ორი გუნდი როგორ დგას – რომლებმაც ჩააგდეს და რომლებმაც მხარი დაუჭირეს. რა გამოდის, რომ ორი პრინციპულად განსხვავებული ხედვის მატარებელი გუნდია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შიდა დინებებზე რომლებიც გუნდშია და ყველას თავის ლიდერი ყავს.
– სულ საუბრობენ იმაზე, რომ კალაძე წკიპზეა, რომ “ოცნებიდან” წამოსასვლელად ემზადება. გამოვა ცალკე, თუ მივლენ ერთად 2020-მდე?
– მე მქონდა ინფორმაცია იმისა, რომ კალაძეს უნდა დაეწყო დამოუკიდებელი თამაში, მაგრამ, როგორც ჩანს, მას უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ კალაძე ივანიშვილის მონაა და მასზეა დამოკიდებული, ესეც არ არის.
მე მას მოვიაზრებ სამომავლოდ ყველაზე რეიტინგულ მოთამაშედ “ოცნებაში”. პრაქტიკულად პარტია მისი კომპლექტაციით არის, პარლამენტის დიდი ნაწილიც მისი კომპლექტაციით არის და ამ ადამიანს ძალიან თავისუფლად შეუძლია დამოუკიდებელი თამაშის წამოწყება.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის სერიოზული მოთამაშეა “ოცნებიდან”.
– მოიაზრებთ კალაძეს და “ევროპულ საქართველოს” მომავალ ხელისუფლებაში ერთად?
– არა, ჩემი აზრით, ეს გამორიცხულია. არა იმიტომ, რომ მე ასეთი სურვილი მაქვს, არამედ ეს ორი გუნდი ერთმანეთთან ძალიან შეუთავსებელია.