გიგლა ბარამიძე – “მოვითხოვთ დავით ზალკალიანის გადაყენებას!”

გიგლა ბარამიძე - "მოვითხოვთ დავით ზალკალიანის გადაყენებას!"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
“ახალი თაობა” რამდენიმე საკითხზე ესაუბრა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ გიგლა ბარამიძეს.
– მმართველ პარტიასთან დაახლოებული ექსპერტები აცხადებენ, რომ დაპირებული გასაოცარი დემოკრატია დამყარებულია. ამის ერთ-ერთ მაგალითად მათ მოჰყავთ ის, რომ შესაძლებელია საპატრიაქროს კრიტიკა.
– სადაა დემოკრატია? დემოკრატია კი არა, მმართველი პარტიაც არ არსებობს. არის ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული უმაქნისთა გუნდი. ეს გაქსუებული ხალხი მუდმივად სისულელეებს და ტყუილებს ლაპარაკობს.
საპატრიარქოზე მოგვიანებით ვიტყვი. ამათ რომ ჰკითხო, ჩვენს დროს მიწები არ დაკარგულა. ამით მოაქვთ თავი. არადა, ბორდერიზაციას ბოლო არ უჩანს, ხოლო საზღვრებზე შექმნილი მდგომარეობა ბუნდოვანია.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– საზღვრის ბევრ მონაკვეთზე გვაქვს გაურკვეველი სიტუაცია. ყველაზე აქტუალურად ამჟამად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, ანუ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა მიგვაჩნია. საგარეო საქმეთა მინისტრს საკუთარი ჩრდილის ეშენია, ხმას ვერ იღებს. არ ვიცით, რას აკეთებს შესაბამისი სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია.
– მიმართეთ და ინფორმაცია დამალეს?
– სიტყვიერად მივმართე. თუ საზღვრის ამ მონაკვეთის საკითხზე ხელისუფლება უახლოეს ხანში ინფორმაციას არ მოგვაწვდის, მოვითხოვთ დავით ზალკალიანის გადაყენებას. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კომისია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საკითხში არ იცავს საქართველოს ინტერესებს.
– საპატრიარქოზე ორგანიზებული შეტევებია?
– ბოლშევიკების პერიოდს არ ვეხები და ასეთი ორგანიზებული თავდასხმები ეკლესიაზე არც კომუნისტების დროს ყოფილა, არც გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობისას.
ამის მოთავე არის ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. დაახლოებით ორი წლის წინ ინტერვიუში გამოვთქვი მოსაზრება ციანიდის საქმეზე. მაშინ აღვნიშნე, რომ კვირიკაშვილი ციანიდის თემაზე ბოდიალობდა. აჰკიდეს ყველაფერი დეკანოზ მამალაძეს და ამით დამთავრდა ყველაფერი, საზოგადოებაში კი უნდობლობა დაიბადა.
– იგივე ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიულ გარემოში იმყოფებიან – არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერიც აქვთ და საკუთარი პარტიული ტელევიზიებიც.
– ეს თავხედური ტყუილია. ჩვენ, “ერთიან საქართველოს”, არც ტელევიზია გვაქვს, არც ინტერნეტგამოცემა და არც ფული. დაფინანსება მოგვიხსნეს.
“ოცნებაში” გაქსუებული და გაღორებული ხალხია. ეს ადამიანები დემოკრატიასაც ამასხარავებენ და საზოგადოებასაც. ინტერვიუს ჩაწერის დღეს 7 ნოემბერია. “ოცნებას” როცა თვითონ სჭირდება, ამ დღესაც იხსენებს, 26 მაისსაც და ნაცმოძრაობის დანაშაულებსაც.
თქვე დალოცვილებო, ნაციონალური მოძრაობის სისხლიან რეჟიმზე რომ ლაპარაკობთ, ამის შემოქმედები გვერდზე არ გყავთ? პარლამენტში ერთმანეთის გვერდით არ სხედხართ? მშვენივრად კოაბიტირებულები ხართ და ამიტომ არც 2007 წლის 7 ნოემბრის და არც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს არ იძიებთ!
ამათთვის დემოკრატია მილიონების ქურდობაა. ამ ხალხმა ძალიან დიდი ფული იშოვა. გამდიდრებული და გაქცეული ფარცხალაძე ამათი სახეა. კიდევ ერთი სახეა სოფო კილაძე, რომელმაც ქვეყანა შეყარა, ყოფილმა ქმარმა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინაო. ამ ხალხს 60%-ის აღება უნდა 2020 -ის არჩევნებზე.
– სხვა ბიზნესმენების შემოსვლა თუ არის მოსალოდნელი პოლიტიკაში საარჩევნოდ?
– ისეთი სისტემა შექმნეს, რომ ეს არ არის გამორიცხული. შეიძლება პარტიები შექმნან ფულიანებმა, მაგალითად, რაიონულმა ბოსებმა, რომლებიც ან თვითონ იგებენ ტენდერებს, ან ცოლებს აგებინებენ.
ასეთებს აძლევს ივანიშვილის ხელისუფლება გასაქანს. “ქართულ ოცნებას’ არც სინდისი აქვს და არც ღირებულებები. მისმა მაღალჩინოსნებმა სახელი გაითქვეს უზარმაზარი სასახლეების მშენებლობით და ძვირადღირებულ ახალ კორპუსებში ბინების შეძენით.
ესაა “ქართული ოცნების” დემოკრატია.