ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილი და თადუმაძე ალბათ ხაშურის ბორდელების დალუქვაზეც წამიყენებენ ბრალს“

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მოტროსოვის ციხიდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სოციალურ ქსელით  მიმართავს.

თეა წულუკიანი ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე, მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ.
2006 წლის 25 ივლისის ( N3530) კანონს უკუქცევითი ძალა რომ მიეცით და ხანდაზმული მუხლით წამიყენეთ ბრალი, კონსტიტუციის 31 -ე მუხლის მე-9 პუნქტს რას უშვებით? თუ ბიძინას საარჩევნო დაპირებას ასრულებთ და სრულიად ევროპის იურიდიული წრეებიც უნდა გააკვირვოთ?

მოგიკვდეთ ჩემი თავი, პროკურატურაში წერა-კითხვის მცოდნეც რომ აღარ დაგრჩათ არავინ და უდიპლომო თადუმაძის და “ობეხე” გამომძიებელი მამუკა ვასაძის იმედათ რომ დარჩით, მითხარით და მე მოგეხმარებით ჩემთვის უკეთესი და კვალიფიციური ბრალის წარდგენაში.

ბოლო წლებში მხოლოდ ერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი ივანიშვილთან, შოთაძესთან და ვასაძესთან ერთად.

ეს ახალი საქმეც რომ ჩამოგეშლებათ, ისე როგორც გავრილოვის ღამეზე ჩემს მიმართ აღძრული საქმე უკვე გეშლებათ, მერე ალბათ ივანიშვილი და თადუმაძე ხაშურის ბორდელების დალუქვაზე წამიყენებენ ბრალს.
ცხინვალიდან ტანკით და ნამგალი და უროიანი წითელი დროშით რომ მოვდიოდი, ეგ ბრალი უკვე მქონდა და არ აგერიოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
თუმცა, მაგასაც ავიტან.

ჩემი ცხოვრება კანონზომიერებას ისედაც არასდროს არ ექვემდებარებოდა“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი