კალაძე თბილისში ახალი მიკროავტობესების შემოყვანას აპირებს – “ძველების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს”

კალაძე თბილისში ახალი მიკროავტობესების შემოყვანას აპირებს - "ძველების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს"დედაქალაქის მერის თქმით, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მიკროავტობუსების მგზავრთა რაოდენობამ იკლო.

კახა კალაძის განცხადებით, მგზავრები არჩევანს კომფორტულ ტრანსპორტზე აკეთებენ, თუმცა მიკროავტობუსები, მიუხედავად იმისა რომ მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილებაში ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

“აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია, ამის მიზეზი გეტყვით, რა იყო.  ჩვენ ავიყვანეთ ფრანგული კომპანია “სისტრა,“ რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ის ახორციელებდა საზოგადებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს. ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო საჭირო იქნებოდა თუ არა, საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. კვლევა უკვე ჩაბარებულია, გაკეთებულია ანალიზი და ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩების გაბარიტების და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია იმ ავტობუსების გადაადგილება, რომელიც შემოჰყავს დედაქალაქის მერიას. მიკროავტობუსების როლი და არსებობა ქალაქში არის მნიშვნელოვანი. მაგრამ გვაქვს პრობლემა, ამ მიკროავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს,”- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს პრობლემის უახლოეს პერიოდში მოგვარება დაავალა და განაცხადა, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს:

“მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება მათი ჩანაცვლება-განახლება, მინდა დავავალო ვიცე-მერს, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, 2 კვირის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია შესაბამის კომპანიასთან, ეს არის კერძო კომპანიის საკუთრება და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და თუ არ ვცდები 2030 წლამდეა. დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთავი 2