მოკლული ნოდარ ცხადაძის კვალი ისნის ავტობაზრობაზე იკარგება – იქ მას ბექა კვიციანმა მიაკითხა მანქანით

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე – “კურიერის” ინფორმაციით, მოკლული ნოდარ ცხადაძის კვალი ისნის ავტობაზრობაზე იკარგება, სადაც ის მუშაობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნოდარ ცხადაძეს ისნის ბაზრობაზე მისმა მეგობარმა, ემზარ კვიციანის ძმისშვილმა ბექა კვიციანმა მიაკითხა ავტომობილით.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები, მედიასთან მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

გარდაცვლილი ნოდარ ცხადაძის მეზობლები “კურიერთან” ინტერვიუში აცხადებენ, რომ ცხადაძე ყოფილი პოლიციელია, თუმცა უკავშირდება თუ არა, მომხდარი შემთხვევა მის წარსულ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია.

ამ დროისთვის, ნოდარ ცხადაძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ცხადაძეს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს. ნოდარ ცხადაძეს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი, ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, თავად ბექა კვიციანს კი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე ეძებს. სავარაუდოდ, სწორედ ბექა კვიციანი ფლობს ინფორმაციას მომხდარი მკვლელობის შესახებ, რომელიც გამოძიებას მეტი დეტალის გარკვევასა და საქმის გამოძიებაში დაეხმარება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი