დავით ქაცარავას ბრალი წაუყენეს

დავით ქაცარავას ბრალი წაუყენესანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქაცარავასა და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მაშინ დაზიანებები დავით ქაცარავამაც მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა.

დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს.
“რამდენიმე დღის წინ დაგვირეკეს ხურვალეთიდან.  ქალბატონმა ლუდა სალიამ დათოს უთხრა, რომ აი, იმ თავდამსხმელებს შენთან შეხვედრა უნდათ და ბოდიშის მოხადაო, შენი რესტორანში დაპატიჟება და საუბარიც უნდათო. ერთის დედა იძახდაო, მოტყუებით წაიყვანესო, მეორეს რაღაც პლანი მოაწევინეს და მერე აშანტაჟებდნენ, მამამისის მიკროავტობუსი გამოაყენებინეს, ვიღაცას ვალი ჰქონდა, ვიღაც ნარკომანიაო… ძალით წაიყვანესო ქაცარავას დასახვედრადო, ამ საქმის გამომძიებელიც ვნახეო და ყველაფერი რიგზეაო. ახალსოფლის პოლიციაზეა საუბარი… გორის რაიონი…

ამ საწყალ ხალხს რევენ არაკეთილსინდისიერ საქმეში. ვინ რა დააწერინა,რა სახით გამოძალეს ჩვენება ან რა ტიპის დაშინებით, ძალის გამოყენებით თუ რა უკანონო ხერხით დააწერინეს საჩივარი ადამიანებს, რომლებიც მანამდე იმისთვის შეკრიბეს, რომ დათოს თავს დასხმოდნენ, ძალიან საინტერესოა.

ამათი ჭრა-კერვის უნიჭო გამოვლინების მარაზმს საზღვარი არ აქვს!

ვინმე თუ დარჩით ჩემს მეგობრებში, ვინც ამ წამპალ ხროვას ამართლებს, ამომშალეთ კი არა, საერთოდ დაივიწყეთ ჩემი არსებობა. აი, ეგრე გაგიმარჯოთ, როგორც ესენი აღასრულებენ სამართალს. ამათი სამართლით გეცხოვროთ უკუნითი-უკუნისამდე“, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 126-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.