გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც “დაჭერები დააანონსა”.

ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლოდერების დაჭერით, ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაბარების საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზმობრივ ხარჯვას უკავშირდება. როგორც ბოკერიამ განმარტა, ის 16 დეკემბერს არ მივა გამოკითხვაზე.

“ხვალ მე არ ვაპირებ მისვლას, როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში.

ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის, ზოგადად არის ეს კლიმატი აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას.

მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, გიგი უგულავას აქვს ბრალი წაყენებული, მელიას და სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წაყენებული. უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად.

ხელისუფლება ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების განოთიშვა არაფერს არ ცვლის. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცჰყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით თუ დევნით და ცუდად დაამთავროს ძალიან მისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების შესახებ თავად პროკურატურამ ასეთი განცხადება გაავრცელა:

“გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.

ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით”,-აცხადებენ პროკურატურაში.