”ახალგარდაცვლილი დედის საფლავის ფხვიერ მიწას ვუჭერდი მწარედ მუჭს, მესიჯი რომ მივიღე: ,,მადლობა დედა, მადლობა მამა… ვწუხვარ, რომ ვერ გავამართლე თქვენი იმედები, – სკოლის ,,შავ სიაში“ აღმოვჩნდი!
ვიღას ახსოვდა დედა,საათნახევარში საჩხერიდან თბილისში ვიყავით…მაშინ,პირველად გავიგე,რომ ,,შავი სია“ იმ ბავშვების სია იყო,ვისაც საატესტატო გამოცდებზე არ უშვებდნენ. სკოლის ადმინისტრაციაში მივვარდი, წამოვიღე ნიშნების ამონაწერი და განათლების სამინისტროში მივიტანე! რას ბრძანებთ, ქალბატონო, ეს ბავშვი მინიმუმზე საკმაოდ ბევრ ქულას აგროვებს და ვინ შეიყვანა შავ სიაშიო…
შემდეგ იყო მთელი აურზაური, სკოლის დირექტორმა ეკატერინე უგრეხელიძემ, რომელიც მაშინ 23 წლის იყო, ორ საგანს სთხოვა სასწრაფოდ ჩაეყარათ ცუდი ნიშნები, რომ ბავშვი ,,გაეფუჭებინათ”..
ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ მდაბიური ხერხებით ამ გოგომ თავისას მიაღწია!
მაშინ მე ჩემს შვილს მართლა ჩამოვუსწარი… მერე, დიდხანს დამყავდა ნევროპათოლოგთან… ეს მან არ იცის, მაგრამ ერთი წელი მარტო არ ვტოვებდი… სისტემატიურად ვესაუბრებოდი, ვეუბნებოდი, რომ მერე, რა?! მეც ვერ ჩავირიცხე ინსტიტუტში პირველ წელს…
ეს ამბავი 2012-ში მოხდა და მე მაშინ ვრცლად ვწერდი ამაზე…
და რატომ მოხდა ყველაფერი?! იმიტომ,რომ ჩემმა გოგომ ,,შატალო“ არ გასცა!
ასე დააყენა თვითმკვლელობის წინაშე უვიცმა დირექტორმა ჩემი შვილი.
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ სკოლა მარტო დაწესებულება არაა, ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი მომავალია და დაფიქრება გვმართებს,ვის ვანდობთ ამ მომავალს! – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლიკა ყიფშიძე.

