ტერმინი “პერსონა ნონ გრატა” რუსი დიპლომატების აღმნიშვნელი იარლიყი გახდა. ბოლო წლების განმავლობაში არაერთ რუს დიპლომატს თავის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო მასპინძელი ქვეყნიდან შინ დაბრუნება მოუხდა. მათი გაძევება უმეტესად სხვადასხვა სახელმწიფოში ჯაშუშურ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას უკავშირდება.
რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელთა ბოლოდროინდელი მავნებლობის სია უსასრულოა. არეულობის მოწყობის კამპანია მოლდოვაში, იარაღით მოვაჭრის მოწამვლა ბულგარეთში, სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობა მონტენეგროში, გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, ჩეხეთსა და სერბეთში ჯაშუშური ქსელების შექმნა, გასულ წელს ბრიტანეთში “ნოვიჩოკით” ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობა – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მავნე ქმედებების, რომლებიც “გრუ”-ს (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) 29155-ე დანაყოფმა ევროპის ქვეყნებში განახორციელა.
მიუხედავად მტკიცებულებებისა, რომ ამ ყველაფერში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ერია, ყველა შემთხვევა რატომღაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილებოდა, თუმცა ახლა დასავლური უსაფრთხოების სამსახურები ამ ოპერაციებს კოორდინირებულ და კვლავაც აქტიურად მიმდინარე საფრთხის შემცველ პროცესად აფასებენ.
რუსული სპეცსამსახურების ამგვარი ბინძური “თამაშების” ფონზე არ არის გასაკვირი უნგრეთში გამოწვეული უკმაყოფილება, რაც რუსეთის “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის” სათავო ოფისის მოსკოვიდან ბუდაპეშტში გადატანას მოჰყვა. უნგრელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რუსეთის მიერ სრულად კონტროლირებადი ბანკის ბუდაპეშტში “გადასროლა” ცალსახად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევად შეაფასეს და მას “პუტინის ტროას ცხენი” უწოდეს.
“საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი” 1970 წელს საბჭოთა კავშირმა დააარსა და მას შემდეგ იგი ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო უწყებას (ინსტიტუტს) წარმოადგენს. მისი შექმნის მიზანი იყო კომუნისტური ბლოკის წევრ სახელმწიფოებთან კავშირების განმტკიცება. ამჟამად, ბანკის 9 წევრი ქვეყნიდან 5 – ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი ევროკაშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან. ეკონომიკურ ინსტიტუტში ასევე მონღოლეთი, ვიეტნამი და კუბა ერთიანდებიან.
2000 წელს პირველი ვადით უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა არასაკმარისი გამჭვირვალობის საბაბით ბანკში წევრობა შეწყვიტა, თუმცა, რაც 2012 წელს პუტინმა ფინანსური ინსტიტუტის რეფორმირება მოახდინა, უნგრეთი მასში ხელახლა გაწევრიანდა.
ბანკის სათავო ოფისმა უნგრეთში გადაბარგება სექტემბერში დაასრულა და მომავალი წლიდან იგი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას. ადმინისტრაციული პერსონალი სხვადასხვა ქვეყნის ასამდე წარმომადგენლით დაკომპლექტდება. მათგან ბევრი მაღალი თანამდებობის პირის ბიოგრაფია და წარსული საქმიანობა უამრავ შეკითხვას აჩენს.
“ჯაშუშთა ბუდე”
ექსპერტების და მიმომხილველების უმრავლესობა თანხმდება, რომ “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი” ცენტრალურ ევროპაში რუსეთის პოლიტიკური გავლენების გავრცელების ინსტრუმენტი გახდება, რადგან ეკონომიკური ინსტიტუტის საფარით სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და სხვადასხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა მოხდება. აქედან გამომდინარე, უნგრეთში ბანკი პირდაპირ რუსეთის დაზვერვის ერთ-ერთ დანაყოფად მოიაზრება და არცთუ უსაფუძვლოდ.
2012 წელს პუტინმა ბანკის ხელმძღვანელად რუსი დიპლომატი ნიკოლაი კოსოვი დანიშნა, რომლის ოჯახიც რუსულ სპეცსამსახურებთან არის მჭიდრო კავშირში. კომუნისტური რეჟიმის დროს, მისი მამის, ასევე ნიკოლაი კოსოვის სახელი სუკ-ის იმ ოფიცრებს შორის ფიგურირებდა, რომლებიც კრემლმა უნგრეთში საპროტესტო ტალღის ჩასახშობად გააგზავნა. კოსოვის დედა კი თავად რუსების მიერ “მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯაშუშად” არის მიჩნეული. ასევე, კომუნისტურ ეპოქაში უნგრეთის დაზვერვაში მუშაობდა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი უნგრეთიდან იმრე ბოროში.
უნგრეთის მთავრობამ რუსულ “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს”, რომელსაც სახელი “ჯაშუშთა ბუდე” უფრო მიესადაგება, სრული დიპლომატიური იმუნიტეტი მიანიჭა. იმუნიტეტი არა მხოლოდ ბანკის მმართველებს, არამედ თანამშრომლებს და კონსულტანტებსაც შეეხებათ, ასევე ნებისმიერ სტუმარს, ვისაც კი ბანკი მიიღებს რუსეთიდან ან მესამე ქვეყნიდან. დამოუკიდებელი გამოცემის “ინდექსი”-ს ჟურნალისტი ანდრის დეზსო ამბობს, რომ ბანკის თანამშრომლებს და სტუმრებს შეეძლებათ უნგრეთიდან შენგენის ზონაში დაუბრკოლებლად მოგზაურობა. ეს კი განსაკუთრებით არის შემაშფოთებელი იმ ფონზე, რომ დიპლომატიურ საფარს ამოფარებული კრემლის აგენტები ევროპაში არაერთ უკანონო ქმედებაში არიან მხილებულები.
უნგრეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი ფერენც კატრეინი აცხადებს, რომ მისთვის ძალიან მტკივნეული თემაა რუსული ბანკის ბუდაპეშტში რელოკაცია. იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ეკონომიკურ ინსტიტუტს სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებს, ხოლო ძალოვან უწყებას, სადაც კატრეინი ადრე მუშაობდა, ბანკის საქმიანობის გასაკონტროლებლად კადრები და რესურსი არ ეყოფა.
მისივე თქმით, რუსეთი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
“ეკონომიკური შესაძლებლობები”
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის” უნგრეთში გადასვლა ქვეყნის საერთაშორისო ფინანსურ პოზიციებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. ასევე, ეკონომიკური და ფინანსური სექტორის მოთამაშეებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
მართალია, უნგრეთის ხელისუფლება თავისი განცხადებებით პოზიტიური ეკონომიკური მოლოდინების შექმნას ცდილობს, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გამოყოფილი კრედიტებით ფინანსურ სარგებელს მხოლოდ უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან დაახლოებული ბიზნესმენები მიიღებენ. მეორეს მხრივ და ყველაზე მთავარი, როგორც ამას უნგრელი პოლიტოლოგი და ექსპერტი რუსეთის საკითხებში ანდრაშ რაცი აღნიშნავს, ბანკი უნგრეთის ოფიციალური უწყებების მხრიდან ფინანსურ ზედამხედველობას არ დაექვემდებარება და უკონტროლოდ ოპერირების კარტბლანში ექნება.
– მაშინ, როცა ბანკის სამუშაო ენა რუსულია, ბოლო 49 წლის განმავლობაში ბანკის სათავო ოფისი მოსკოვში იყო, ბანკის თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა რუსებს სრული კონტროლის ბერკეტებს აძლევს. ეს არის საფინანსო ორგანიზაცია, სადაც რუსეთია დომინანტი, – ამბობს უნგრელი ექსპერტი.
პუტინ-ორბანის “განსაკუთრებული ურთიერთობის” პირობებში დიდია ალბათობა, რომ უნგრეთი ფულის “რუსულ სამრეცხაოდ” გადაიქცეს, რაც მნიშვნელოვნად შეარყევს საბანკო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არამარტო უნგრეთში, არამედ ევროპასა და მთელს მსოფლიოში. შესაბამისად იზარალებს ქვეყნის ეკონომიკა და საბანკო სექტორი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს დანიური ბანკის, “დანსკე ბანკის” შემთხვევაში. ამ ბანკის ესტონური შვილობილი რუსეთის სპეცსამსახურებთან და მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობასა და მათ სასარგებლოდ ფულის გათეთრებაში ამხილეს. რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების სასარგებლოდ გათეთრებულმა თანხამ მინიმუმ 9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მას მერე, როცა ეს ფაქტი გაირკვა, ბანკის აქციები 4%-ით დაეცა და მისი კაპიტალიზაცია 1,6 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და მისი უსაფრთხოების სამსახურები, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფულის გათეთრების მაქინაციაში იყვნენ ჩაბმულნი.
2018 წელს ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა “რუსული შავი ფულის” ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებაში ბრიტანეთის იმიჯისთვის მიყენებულ ზარალზე იყო საუბარი.
ანგარიშის თანახმად, პუტინის კლეპტოკრატები, ფულის გათეთრების მეშვეობით, ბრიტანეთის სახელმწიფო ინსტიტუტებს ნდობას უკარგავენ, ხოლო კორუფციული აქტივების გამოყენებით, ქვეყნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას უთხრიან ძირს.
სავარაუდოა, რომ კრემლის “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი” უნგრეთში, ფულის გათეთრების გარდა, არალეგალური კაპიტალის ბაზად და ტრანზიტად გადაიქცევა.
შეიქმნება ალტერნატიული ფინანსური ქსელი დასავლური სანქციების თავიდან ასაცილებლად და რუსული ძალოვანი უწყებების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დასაფინანსებლად, რაც ევროგაერთიანებაში და ასევე მსოფლიოს ცალკეულ სახელმწიფოებში დესტაბილიზაციის კერების შექმნას და მათ საშინაო საქმეებში უფრო უხეშ ჩარევას ისახავს მიზნად.
გიორგი დანელია