მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს პატიმრობა შეეფარდა

მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს პატიმრობა შეეფარდავარკეთილში 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ზურა ფოფხაძე მხოლოდ მურად წურწუმიას ცემის ფაქტს აღიარებს.

სპეცრაზმელს ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა იცავს. უფლებადამცველის თქმით, მან ბრალდებული დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულა:

“ის აღიარებს ფაქტს, რაც მოხდა – მან სცემა, დაარტყა, მაგრამ ამას ჰქონდა სხვა პერიპეტიები. შემთხვევა მოხდა ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე, სადაც ბრალდებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა ახლობლის სასაფლაოზე და როდესაც დაბრუნდა, მის მანქანაში იყო ორი პიროვნება, რომელიც ცდილობდა ამ მანქანის წაყვანას არა ფარულად, არამედ აშკარად.

შემდეგ თავისთავად ბრალდებული ეცადა, რომ გადმოეყვანა ეს პირები საკუთარი მანქანიდან, მაგრამ როგორც ბრალდებული ამბობს, ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. მათ ბუნებრივია, გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ მოხდა გაწევ-გამოწევა. ამ პირებმა მაინც მოახერხეს მანქანის გაყვანა, დაახლოებით 15 მეტრი გაიარეს და ბოძს დააჯახეს. ცხადია, ესენი გაეკიდნენ. პირი კანონიერად იბრუნებდა ნივთს, ამას მოჰყვა ცემა და ჩვენდა სამწუხაროდ, სავალალო შედეგი დადგა”, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებულმა წურწუმია სახლში წაიყვანა და მდგომარეობის გართულების შემდეგ გამოიძახა სასწრაფო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ზურა ფოფხაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

სასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოში გარდაცვლილი ახალგაზრდას დედა მივიდა. გარდაცვლილის დედის თქმით, მას არ აინტერესებს, რას შეუფარდებენ დაკავებულს, რადგან მას “თავის მოკვლას” ურჩევს, სხვა შემთხვევაში კი აცხადებს, რომ არ გაახარებს.

საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 24 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.