სანდრო ბრეგაძე – “მაჟორიტარების ადგილი არის ციხეში!”

სანდრო ბრეგაძე - “მაჟორიტარების ადგილი არის ციხეში!”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ”ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს.
– ბატონო სანდრო, ვრცელდება ინფორმაციები, რომ “ქართული ოცნება” სერიოზული საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება. ასე მარტივად მოიშორებს ივანიშვილი გახარიას და მას თალაკვაძით ჩაანაცვლებს? რა გველოდება 2020 წელში?
– 2019 წელი კი იყო მძიმე წელი, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ 2020 წელი ბევრად უფრო მძიმე წელი იქნება, ვიდრე ეს იყო 2019 წელი. ფაქტობრივად, 2020 წელი ეს იქნება ქვეყნისთვის პოლიტიკურად გარდამტეხი წელი, ქვეყანა წავა ან სერიოზული განვითარების გზით, ან ქვეყანა ჩაეფლობა არეულობის ქაოსში, რომლიდანაც გამოსავალი რამდენიმე წელი არ იქნება.
ამ ყველაფერს არ სჭირდება დიდი პოლიტოლოგიური წიაღსვლები, ეს ყველაფერი ხელისგულზე ჩანს. მე უბრალოდ ვისურვებდი ერთ რამეს, რომ 2020 წელი იყოს მშვიდობიანი და არ მოხდეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება. თუმცაღა ძალიან დიდია პროცენტული შანსი იმისა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება განვითარდეს ქვეყანაში.
– თქვენ ხედავთ ამის საფრთხეს?
– ამის საფრთხე იმაზე რეალურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მე ამ პერიოდს შევადარებდი 1991 წლის ბოლოს და 1992 წლის დასაწყისს. მართალია, დღეს ავტომატიანი ხალხი არ დარბის ქუჩაში, მაგრამ ბევრიც არ უკლია აქამდე.
– ეს სიტუაცია ვის აწყობს, ოპოზიციას თუ ხელისუფლებას?
– ხელისუფლება ხშირად არის არაადეკვატური, გასულია მომსახურების ზონიდან. ამით კი ხელისუფლება აძლევს საბაბს იმ ძალებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქვეყანაში ქაოსით და არეულობით, რომ ეს პროცესები დაიწყონ.
ქვეყანაში მთავარი მადესტაბილიზებელი ფაქტორი არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ბოკერიას განაყოფი. ეს არის ის ძალა, რომელიც მთელი ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში მუდმივად იყო დაინტერესებული ქვეყანაში ქაოსური პროცესების დაწყებით. დღეს კი მათ დაუდგათ ამისი შანსი, ყველაზე ადვილი შესაძლებლობა, რომ თავისი მზაკვრული მიზნები განახორციელონ.
– ხელისუფლებაც აძლევს მათ საბაბს, რომ ასე მოიქცნენ?
– როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ისეთ რამეებს ურჩევენ, რომლებიც არის რეალობისგან მოწყვეტილი და ხშირ შემთხვევაში ემსახურება იმ ადამიანების ინტერესებს, ვინც მას ამას ურჩევენ და არა – ქვეყნის ინტერესებს. ეს მლიქვნელების კასტა ივანიშვილს ყველა პროცესს წარმოუჩენს ძალიან ლაითად.
– სულ კეთდება შეფასებები რომ ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუმშია. რატომღაც არ მჯერა ამის, რომ ივანიშვილი სხვისი აზრების გათვალისწინებით იღებდეს გადაწყვეტილებებს და თავად არ იცოდეს, რა ხდება ქვეყანასი. გარემოცვა თუ არ აწვდის ინფორმაციას, ოჯახის წევრები ხომ მაინც ჰყავს? ყველა ინფორმაციულ ვაკუუმშია?
– ძალიან ძნელია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ჩაწვდე ღრმად, როცა ხალხთან მუდმივი კომუნიკაცია არ გაქვს. ბიძინა ივანიშვილს ვერ ექნება ეს კომუნიკაცია მისი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ ის ხშირ შემთხვევაში ეყრდნობა იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მისი მრჩევლები და მას აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ხოლო ის ადამაინები, რომლებიც ამ ინფორმაციას აწვდიან, დაკავებული არიან პირადი ცხოვრების მოწყობით. ამიტომ ისინი თავიანთი ხელმძღვანელის გუნება-განწყობის გაფუჭებისკენ ნაბიჯს არ გადადგამენ.
– რა გამოდის, არც ტელევიზიებს უყურებს?
– ტელევიზიები რომელია ობიექტური?! არის სამთავრობო ტელევიზიები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას და ხელისუფალს და არიან ნაციონალური მოძრაობის და ბოკერიას ტელევიზიები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აძაგებენ ხელისუფლებას.
არც ერთი არ არის ობიექტური და არც მეორე. პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველოში არ არსებობს ობიექტური ტელევიზია. ყველა ტელევიზია პარტიული ტელევიზიაა.
– რას იტყვით საკადრო ცვლილებებზე და იმ მოარულ ხმებზე, რომ ივანიშვილი გახარიას მოხსნას უპირებს?
– მე არა მგონია, რომ არჩევნების წინ გახარიას გადაყენება იყოს პრაგმატული და ადეკვატური ნაბიჯი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გახარიას აქვს საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც არის სამეგრელოს რეგიონი. იქაური ამომრჩევლების რიცხვი ყველა სხვა რეგიონის ამომრჩევლის რიცხვს ბევრად აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ალოგიკური იქნება გახარიას გადაყენება.
მეორე მხრივ, ამ ხელისუფლების ბუნებას ვერ გაიგებ. კაცმა არ იცის, როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე თავად ამ ხელისუფლების წევრი ვიყავი და ამ ხელისუფლებაში არ ხდება ლოგიკის მიხედვით არც დანიშვნა, არც გადაყენება.
– აბა რის მიხედვით ხდება, რა ნიშნით, რა პრინციპით?
– პირადი სიმპატია-ანტიპატიით წყდება ხშირ შემთხვევაში საკითხები. შეიძლება ადამიანი ერთ დღეს თეთრ ცხენზე იჯდეს, დაახლოებით ერთ კვირაში კი გადმოაგდონ და მიწასთან გაასწორონ. ამ ხელისუფლების ბუნება ამოუცნობია. ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიიღება სპონტანურად.
ეს იმის ბრალიც არის, რომ მართვის მექანიზმი და სისტემა, ფაქტობრივად, არ არსებობს. აქ გადამწყვეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის და მისი მრჩევლები. ეს გადაწყვეტილებები მინისტრთა კაბინეტს და მის ხარისხსაც ეტყობა. პირდაპირ ვთქვათ, რომ განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდში, ჩვენ გვყავს ძალიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე.
პარლამენტიც დაკომპლექტებულია რეალური მუქთახორებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში არაფერი უკეთებიათ, გარდა იმისა, რომ მოიწყონ პირადი კეთილდღეობა.
– ვის გულისხმობთ?
– თუნდაც ამ მაჟორიტარებს, დღეს რომ დადიან გაბღენძილები, საახალწლო ინდაურებივით გაფხორილები და აცხადებენ, პატრონი სჭირდება რაიონს და ამიტომ უნდა იყოს მაჟორიტარიო. ერთი მაჟორიტარი მითხარით, რომელსაც რაიმე აქვს გაკეთებული თავის მაჟორიტარულ ოლქში! ეს მილიონერები დაკავებულები არიან იმით, რომ გახდნენ მილიარდერები. ერთ ლარსაც კი არ ხარჯავენ თავიანთი რაიონის კეთილდღეობაზე!
– ანუ გასაუქმებელია მაჟორიტარული შისტემა?
– არამარტო მაჟორიტარული სისტემაა გასაუქმებელი, არამედ ეს მაჟორიტარები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მისაცემები, ძალიან ბევრი. რადგანაც ისინი არიან ჩვეულებრივი დამნაშავეები. ბიუჯეტის ქურდები არიან! მლიქვნელები და მექრთამეები არიან.
ეს ადამიანები არათუ პარლამენტიდან, არამედ საზოგადოებიდანაც კი უნდა იყვნენ გარიყულები. ავიღოთ თუნდაც კახა ოქრიაშვილი, მაჟორიტარების ერთ-ერთი ლიდერი, გაფხორილი რომ დაიარება. კახა ოქრიაშვილი არის ბანდიტი ადამიანი.
– რატომ რას ერჩით?
– როგორ თუ რას ვერჩი?! ეს არის ჩვეულებრივი ბანდიტი, რომლის ადგილიც არის ციხეში! პირდაპირ ასე დაწერეთ. ამ ადამიანმა თავისი ფარმაცევტული კომპანიის საშუალებით დააგროვა მილიონები და რის ხარჯზე?! იმის ხარჯზე, რომ პენსიონერებს 300-400%-ით ძვირს ახდევინებს წამლებში.
თურქეთში ვნახე მედიკამენტი, რომელიც, ლარის ექვივალენტით, 8-10 ლარი ღირს და ჩვენთან იცით, რა ღირს?! 50 ლარი! აი, ასეთი ადამიანი არის მაჟორიტარი და მაჟორიტარულ სისტემაზე და რაღაც მაღალ მატერიებზე გველაპარაკება ეს პირწავარდნილი ბანდიტი.
აი, ეს არის მაჟორიტარების უმრავლესობის სახე, თორემ მე ოქრიაშვილთან რაიმე პირადი პრობლემა კი არ მაქვს. ის ჩვეულებრივი ქორვაჭარია და პარლამენტი მას საკუთარი ბიზნესის მფარველობისთვის სჭირდება.
ასეთ ხალხს რა უნდა პარლამენტში?! მეორეს მხრივ, ხელისუფლებაა დამნაშავე, თურქეთში რომ წამალი 8 ლარი ღირს და აქ 50 ლარად ყიდიან, ხელისუფლებას სძინავს ამ დროს?! რა თქმა უნდა, არ სძინავს!
– ისინიც დიდ მოგებას იღებენ ამ ყველაფრიდან?
– რა თქმა უნდა. მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ უზის ოქრიაშვილს წილში, მაგრამ ფაქტია, რომ მას ზემოდან მფარველობენ. მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი.
– მაჟორიტარები ცალკე იბრძვიან, ცალკე ოპოზიცია ითხოვს საარჩევნო კანონის შეცვლას, ხელისუფლება კი დათმობას არ აპირებს. რას უნდა ველოდოთ?
– “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემები აქვს, ძალიან გაუჭირდება ხმების აღება. ვერც ერთი გათვლებით, ის ვერ შეძლებს კოალიციური მთავრობის გარეშე ხელისუფლებაში მოსვლას.
– ანუ ვერც პროპორციულით და ვერც შერეული სისტემით “ოცნება” ერთპიროვნულად არჩევნებს ვეღარ მოიგებს?
– ვერ მოიგებს. და საერთოდ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოიპოვებს არჩევნებში უმრავლესობას კოალიციის გარეშე!
არ არსებობს დღეს საქართველოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდეს ხალხის ისეთი ტოტალური მხარდაჭერა, რომ უმრავლესობით მოვიდეს.