ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის მოქალაქეების ანალიზის პასუხები ცნობილია, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, ირანის მოქალაქეებს მხოლოდ სტანდარტული რესპირაციული ვირუსი აღენიშნებათ.

“დღეს დილით პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხი კი უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები, ავუღეთ ნაცხის ანალიზი უკვე კორონავირუსულ ინფექციაზე. ეს კვლევები ნახევარი საათის წინ დამთავრდა და პასუხი კორონავირუსულ ინფექციაზე უარყოფითია. მსუბუქად დადებითი პასუხია ადენოვირუსულ და რინოვირუსულ ინფექციაზე,”- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გამთენიისას ჩინეთიდან სპეციალური რეისით დაბრუნებულ საქართველოს 34-ტ მოქალაქეს, რომლების კარანტინს საჩხერეში გაივლიან, NCDC-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შესაძლო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან.

“საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში სპეციალური რეისით გადმოიყვანეს, ჩვენი ეპიდემიოლოგთა ბრიგადა დახვდა, გაიარეს თერმული სკრინინგი და ეპიდემიულოგიური მონიტორინგი. შეავსეს სპეციალური აღრიცხვა და განემარტათ, რომ, იმის გამო, რომ ჩინეთის თითქმის ყველა პროვინცია დაზიანებულია კორონავირუსით, ასევე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომ მოხდა მათი იზოლირება,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების არეალი სულ უფრო იზრდება. ინფექცია ირანში უკვე ქვეყნის მასშტაბით მძვინვარებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი.

შექმნილი ვითარების გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა ერაყმა, შეზღუდვებს აწესებენ ლიბანი და თურქეთიც. საქართველო-ირანს შორის ინტენსიური მიმოსვლა ჯერ არ შეზღუდულა.

რუსთავი 2