ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება 

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს “ტყის კოდექსში”, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

“საქართველოს რეპუბლიკური პარტიის” განცხადებით, ეს ცვლილება დაუსაბუთებელ უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

როგორც “რესპუბლიკელები” აღნიშნავენ, კანონის პროექტის მე-15 მუხლის თანახმად, “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიულ პირისთვის – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის – საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.”

თუმცა პარტიაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის ასახული ამ ცვლილების მიღების სამართლებრივი საფუძველი და მიზანშეწონილობა:

“ბლანკეტურ ნორმაში მითითებული “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონი კი ადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლური ეკლესიასთვის უსასყიდლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა აღიარებული მართლმადიდებლური ეკლექსიისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკანონმდებლო ჩანაწერი მისთვის სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებული, დაუსაბუთებელი პირობების დადგენის გამო”, – აცხადებენ რესპუბლიკურ პარტიაში.

მათი შეფასებით, კანონის პროექტის ინიციატორი უგულებელყოფს კონსტიტუციურ ჩანაწერს თანასწორი მოპყრობის ვალდებულების თაობაზე და შესაძლებლად მიიჩნევს, განსხვავებული მიდგომა დაუშვას სახელმწიფო ტყის ფონდის გასხვისებასთან დაკავშირებით.

“ანტიკონსტიტუციური არაფერია”
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტში ანტიკონსტიტუციური არაფერი წერია და ის უკვე არსებულ პრაქტიკას აწესრიგებს:

“ტყის კოდექსის მე-15 მუხლში ანტიკონსტიტუციური არაფერი წერია. ვინაიდან, მოქმედ ტყის კოდექსში იყო საქართველოს ეკლესია ჩაწერილი, რომელსაც ე.წ. მიჩენის წესით, უკვე გადაცემული აქვს 1 600 ჰექტარზე მეტი ტყე მართვაში. შესაბამისად, აქ ახალი არაფერი ჩაწერილა. აქ გასწორდა ის, რომ არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რაც ქონების კანონშია დაკონკრეტებული ცვლილება, რომელიც გაჰყვა ტყის კოდექსს, ვინაიდან ანტიკონსტიტუციურად იცნო უსასყიდლოდ გადაცემა, ჩვენს ჩანაწერში წერია, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს სასყიდლიანად გადასცეს.

თუმცა იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას არ გადასცეს უტოპიური და შეუფასებელი ტერიტორიები, განისაზღვრა კონკრეტული გადასაცემი ფართობების მოცულობა. ტყის კოდექსის მე-15 მუხლში წერია, რომ ეკლესიას შეუძლია ჰქონდეს ტყის ფართობი,, ვინაიდან ეს აქამდეც ეწერა მოქმედ კოდექსში. მაგრამ ქონების კანონში ცვლილება, რაც დამტკიცდა გუშინ, წერია, რომ ეკლესიას უფლება ექნება, მთავრობის გადაწყვეტილებით ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში გადაეცეს ტყე, არაუმეტე 20 ჰექტრისა”, – ამბობს ამირგულაშვილი.
ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს იმ მიზეზის გამო, რომ მასში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეზე. სხვა რელიგიურ გერთიანებებს კი, მისი თქმით, ტყეში არც ადრე და არც ახლა, არცერთი სამლოცველო არ უფიქსირდებათ.

“რომ გვქონდეს ჩვენ ტყეში სინაგოგაც და მეჩეთიც, მაგალითად, მაშინ ეს საკითხი სხვანაირად დაისმებოდა, მაგრამ არსებული ეკლესია-მონასტრების გარშემო შეიძლება, რომ გაიცეს 20 ჰექტრამდე, ოღონდ ეს არ არის საეკლესიო ტყის ფორმატი, არამედ ეს არის ჩვეულებრივი სსიპი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც ამ შემთხვევაში არის კერძო მესაკუთრე. თუკი ეს მოხდა, მასაც ისევე მოუწევს ტყის დაცვა და მართვა, როგორც ნებისმიერ სხვას” ,- ამბობს ამირგულაშვილი.

მისი თქმით, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ უქმდება ე.წ. მიჩენის წესი, რომლითაც ეკლესია ტყეს მართავდა, თუმცა ყველფრის შეთანხმება სააგენტოსთან უწევდა:

“არ იყო კარგი ფორმა არცერთი მხარისთვის, ეს გავაუქმეთ. ახლა ამ ტყეების მოთხოვნის უფლება ეძლევა საპატრიარქოს, რომ ჰქონდეს საკუთრებაში, რაც უფრო მეტ ვალდებულებებს დააკისრებს მათ და ასევე შეუძლიათ, რომ თითოეული ეკლესია-მონასტრის გარშემო საკუთრებაში მოითხოვონ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობი”, – ამბობს გრემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ამ ცვლილებების შემუშავების საჭიროება საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ დინახეს. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის ხელმძღვანელის თქმით, რომ არა ეს ცვლილებები, ეკლესიას მთავრობის დადგენილებით ნებისმიერ ადგილას და მოცულობის ფართობის მიღება შეეძლებოდა:

“საპატრიარქოსთან სამართლებრივი ურთიერთობა ამ წლების განამვლობაში მოქმედი ტყის კოდექსით გვქონდა. საპატრიარქომ დააყენა საკითხი, რომ ეს პროცესი ორ მხარეს შორის უფრო გარკვეული ყოფილიყო. კანონი რომ იწერებოდა, კონსულტაციებში საპატრიარქოც მონაწილეობდა და შევჯერდით. თუ ეს ჩანაწერი არ იქნობდა,  ქონების კანონში კვლავაც იქნებოდა უკვე არსებული ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს მთვრობას ყოველთვის აქვს უფლება, მისცეს ქონება ეკლესიას. შესაბამისად, გამოვიდოდა ისე, რომ საპატრიარქოს გაცილებით მეტი ქონების მოთხოვნის საშუალება ექნებოდა. ჩვენ კონსულტაციების შედეგად შევჯერდით, რა იქნებდოა უფრო უკეთესი ეკლესიისთვისაც, ტყისთვისაც და სახლემწიფოსთვისაც”, – ამბობს ამირგულაშვილი “ნეტგზეთთან”.

მისივე თქმით, საბოლოოდ, კონსულტაციებისა და დისკუსიის შედეგად, გადაწყდა, რომ ეკლესიას შეეძლოს 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონება თავისი კომპლექსის მიმდებარედ და არა ყველგან.

“მივესალმებით იმას, რომ ეკლესიას ჰქონდეს ტყე, თუ ის მართავს ისე, როგორც კოდექსი ავალდებულებს. ჩანაწერი ამ კოდექსში არის, რომ ვალდებულებები ყველაზე ვრცელდება. ეს 20 ჰექტარი ჩაიწერა ტყის ინტერესიდან და არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რა მასშტაბები შეიძლება იყოს ისტორიულად უკვე არსებული ეკლესია-მონასტრების გარშემო” ,- უთხრა ამირგულაშვილმა “ნეტგზეთს”.

“პრივილეგიები მართლმადიდებელი ეკლესიისთვის”
განსხვავებულად ხედავენ კანონპროექტის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში” (GDI). ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური პროგრამების დირექტორი მარი კაპანაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა ზოგად კონტექსტშია, რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო ყოვლთვის განსხვავებულად ეპყრობა:

“ძირითადი პრობლემა იმდენად არ არის ტყის კოდექსში, რამდენადაც სახელმწიფო ქონების კანონში. ტყის კოდექსი უბრალოდ უთითებს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი დაარეგულირებს ამ საკითხს. თვითონ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში გვაქვს ჩანაწერი ასეთი, რომელიც რეტროაქტიურად ავრცელებს მართლმადიდებელ ეკლესიაზე უფლებებს. ამბობს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე, თუკი რაიმე ეკლესია-მონასტრები ჰქოდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მას საკუთრებაში გადაეცემა არა მხოლოდ ეს ტერიტორია, არამედ პლუს 20 ჰექტრის ფარგლებში ტყის ფართობი”, – ამბობს კაპანაძე.

მისივე შეფასებით, ეს პრობლემური იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც აქვთ ასეთი რელიგიური დანიშნულების შენობები მსგავს ტერიტორიაზე.

“თუნდაც ასე არ იყოს, ამ საკითხის პრობლემურობას ზოგად კონტექსტში ვხედავ. ის კონტექსტი, რაც გვაქვს – მართლმადიდებელ ეკლესაის აქვს დაწესებული პრივილეგიები და სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით სახელმწიფო ყოველთვის განსხვავებულ მოპყრობას აწესებს – ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხიც” ,- ამბობს კაპანაძე.

კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, მათ ნანგრევებს და მიწის ნაკვეთებს, რომელზეც ისინია განლაგებული და სახელმწიფო შეიძლება ამ ჩანაწერს დაეყრდნოს კანონებში ცვლილების შეტანისას.

როგორც მარი კაპანაძე აღნიშნავს, ეს გარემოება მაინც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს და სხვა რელიგიური გერთიანებები უგულებელყოს:

“ეს საკონსტიტუციო სასმართლომაც თქვა 2018 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელიც სწორედ ქონების შესახებ კანონის დებულებებს ეხებოდა. ამ გადაწყვეტილებამდე უსასყიდლოდ ქონების გადაცემა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთის იყო დასაშვები. თუნდაც ნორმატიულ დონეზე მსგავსი ტიპის დეკლარირება მაინც არასწორი მგონია იმ ფონზე, რომ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს კიდევ ერთხელ უგზავნის იმ არასწორ მესიჯს, რომლის მიხედვითაც, მათ სახელმწიფო არ უყურებს ისე, როგორც საპატრიარქოს”, – ამბობს GDI-ის პროგრამების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არაერთი პრობლემა აქვთ და სახელმწიფო მათ მოგვარებაზე არ ზრუნავს. პარალელურად კი, ცდილობს, მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი დაპროკოლება არ შეუქმნას. მარი კაპანაძე სწორედ ამ პრაქტიკას მიიჩნევს პრობლემად.

ნეტგაზეთი