სამტრედიაში განქორწინებისთვის მისულ ქალს რეესტრში ქმარმა ყელი გამოჭრა – დაკავებულია გ.ა.

სამტრედიაში განქორწინებისთვის მისულ ქალს რეესტრში ქმარმა ყელი გამოჭრა - დაკავებულია გ.ა.სამტრედიაში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა. ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები განქორწინების პროცედურის დაწყებამდე მიაყენა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – აცხადებენ შსს-ში.