”ვინმე ქეთოს პარკში მიტინგი მოუწყვია, ვინც თათარაშვილის კონცერტზე მივა, დავადეპორტებინებო” – რატომ ჩაეშალა იტალიაში კონცერტი თემურ თათარაშვილს

”ვინმე ქეთოს პარკში მიტინგი მოუწყვია, ვინც თათარაშვილის კონცერტზე მივა, დავადეპორტებინებო” - რატომ ჩაეშალა იტალიაში კონცერტი თემურ თათარაშვილსცოტა ხნის წინ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა დაწერა, რომ იტალიაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კონცერტი ჩაუშალეს.

დეტალების შესახებ მომღერალმა „ინფო ფოსტალიონთან “ ისაუბრა.

მისი თქმით, იტალიაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი თანამემამულეებს დაემუქრა, რომ ვინც კონცერტზე მივიდოდა, საემიგრაციო სამსახურს მათ ვინაობას შეატყობინებდა და ქვეყნიდან დაადეპორტებდა.

თემურ თათარაშვილი მის მიმართ „ნაცმოძრაობის“ წევრების ასეთ აგრესიას იმით ხსნის, რომ გიორგი გახარიას ცოტა ხნის წინ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„კონცერტის ორგანიზატორი ინფორმირებული იყო, რომ ასეთი რამ მზადდებოდა, თუმცა მითხრა, რომ მაინც ჩავსულიყავი, რადგან ყველაფერს გააკეთებდა, რომ ამ ხალხს თავისი არ გაეტანა.

19-ში ქალაქ რეჯო ემილიაში ჩატარდა კონცერტი, ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა მოგვაწვდინა ხმა, რომ ვერ შეძლებდა მოსვლას მუქარის გამო, თუმცა ნახევარი დარბაზი მაინც შეივსო.

მეორე დღეს, ქალაქ მონტევრჩში დაგეგმილი კონცერტი საერთოდ აღარ შედგა. ვინმე ქეთოს, პარკში მიტინგი მოუწყვია, ვინც თათარაშვილის კონცერტზე მივა, დავადეპორტებინებო. იქ ბევრი ქართველია და დიდი ნაწილი – არალეგალი. ბუნებრივია, შეეშინდათ მოსვლა. ელჩიც საქმის კურსში იყო და კონცერტი მოვხსენით.

ცოტა ხანში ბათილაშვილის კონცერტია დაგეგმილი. ის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია, როდესაც კონცერტის ორგანიზატორმა ამ ადამიანებს კითხა, „ოცნების“ მხარდამჭერები არ უნდა მივიდნენ ბათილაშვილის კონცერტზეო? მათი პასუხი იყო, აუცილებლად უნდა მივიდნენო, ხომ გესმით, რა ხდება“,-გვითხრა თათარაშვილმა.

​მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური აქტივობის გამო, “ნაცმოძრაობის“ წევრების მხრიდან ბულინგს განიცდის. მომღერალი გულდაწყვეტილია, რომ ასეთ შემთხვევებს წინ ვერ აღუდგება. მის მიერ მხარდაჭერილი მმართველი პარტია კი მის დაცვას არ აპირებს.

„შარშანწინ ფოთში მსგავსი რამ მოხდა. ჩემი კონცერტის ბილეთები საკრებულოს ნაცმოძრაობის წევრებმა მთლიანად შეისყიდეს და დემონსტარციულად დახიეს. ეს იმის გამო გააკეთეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გამოვხატე.

ახლა გახარიას მხარდაჭერის გამო გაღიზიანდნენ. რა გავაკეთო, აღარ ვიცი. მით უმეტეს, რომ არავინ აპირებს ჩემს დაცვას. საბურავები რომ დამიჭრეს, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამასობაში ვკარგად უამრავ მსმენელს. მე კი დიდი ოჯახი მყავს, ბინა იპოთეკით დატვირთულია და  ჩემი შემოსავლის წყარო კონცერტებია“, – ამბობს მომღერალი.

თათარაშვილი აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, არანაირი მონაწილეობა აღარ მიიღოს საარჩევნო პროცესში.

„მე ოჯახი მყავს შესანახი, ისინი, კი ვის გამოც მე და ჩემნაირები ნაცების შევიწროების მსხვერპლი ვართ,  თანამდებობებზე ისევ ნაცებს ნიშნავენ, უშვებენ კონცერტებზე.  მე და მაგალითად „ფორტეს“ კი, ვინც ბოლომდე მხარში ვედექით, ყურადღებასაც არავინ გვაქცევს“, – აცხადებს თემურ თათარაშვილი.

ინფო ფოსტალიონი