ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ქუცნაშვილი უკვე შეუდგა საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა საპარალამენტო მანდატის დატოვებაზე 2019 წლის ივნისში განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით გამართული ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში ქუცნაშვილმა განაცხადი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე წარადგინა. მაშინ ქუცნაშვილის გარდა კონკურსში მონაწილეობის სურვილი კიდევ ოთხმა პირმა გამოთქვა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მაშინ კონკურსის მონაწილე არცერთი კანდიდატი არ განიხილეს და კონკურსიც ხელახლა გამოცხადდა.