ზურაბ გურული – „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, ჯანდაცვის ე.წ. სისტემის წარმომადგენლები წარმოადგენენ უპასუხისმგებლო, გამაღიზიანებლად თავხედი და უგულისყურო დილეტანტების ბრბოს“

ზურაბ გურული - „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, ჯანდაცვის ე.წ. სისტემის წარმომადგენლები წარმოადგენენ უპასუხისმგებლო, გამაღიზიანებლად თავხედი და უგულისყურო დილეტანტების ბრბოს“უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„როგორც მოსალოდნელი იყო, ელემენტარული ლოგიკის ყველა წესის თანახმად, კორონავირუსი შემოვიდა საქართველოში. ასევე, ლოგიკის თანახმად, ვირუსი გავრცელდება. რამდენად და რა სიმძლავრით, ამის ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მსოფლიო კლასის პროფესიონალები ჯერ არ ფლობენ სრულ ინფორმაციას ამ ვირუსის ყველა ნიუანსის შესახებ.

ვირუსის საშიშროების კოეფიციენტი ამჟამად მაღალია არა მისი სიკვდილიანობის, არამედ მისი უჩვეულოდ ვერაგული გავრცელების პრინციპების გამო, რაშიც იგულისხმება ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდი და უსიმპტომო ვირულენტობის სიხშირე. გარდა ამისა, ხანმოკლე იმუნიტეტი და განმეორებითი ინფიცირების ჩვეულებრივზე მაღალი შანსები. სწორედ ამ მიზეზთა გამო მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი სპეციალისტები ფრთხილი ოპტიმიზმით საუბრობენ ახალი პანდემიის რისკებზე.

ვაქცინა იმ რაოდენობით, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს განკურნებასა და პრევენციაზე, მსოფლიოს ექნება მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ. იმედია, მანამ რაიმე ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტიც გამოჩნდება.
შეგნებულად არ ვიქნები პოლიტკორექტული თუნდაც ზოგიერთი ჩემთვის პატივსაცემი კოლეგისა თუ არაკოლეგა პოლიტიკოსის სამარცხვინოდ მაამებლური განცხადებების მიმართ და პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, ჯანდაცვის ე.წ. სისტემის წარმომადგენლები წარმოადგენენ უპასუხისმგებლო, გამაღიზიანებლად თავხედი და უგულისყურო დილეტანტების ბრბოს, რომელთა უპასუხისმგებლო ქმედებებს იმედია არ მოჰყვება სერიოზული შედეგები.
მაშინ როდესაც მედიაზე ელემენტარული დაკვირვებითაც შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეგნებულად აყოვნებდა განგაშს და რომ დრო იყო სერიოზული მზადება დაწყებულიყო, ის ე.წ. ქართველი პროფესიონალები, რომლებსაც სხვა რომ არაფერი, ადამიანურად ევალებოდათ სწორი ნაბიჯების გადადგმა, იქცეოდნენ გამომწვევად, უგულისყუროდ და მიუტევებლად არაპროფესიონალურად და პასუხისმგებელი ვარ ჩემს თითოეულ სიტყვაზე!
ქვეყანაში, სადაც ექიმები, მათ შორის პროფესორის აკადემიური რანგის წარმომადგენლები, აცხადებენ რომ საერთო კოვზით ზიარებისას უფალი დაიცავს ადამიანს დაინფიცირებისაგან, არცერთი ქმედითი მოსამზადებელი ნაბიჯი არ გადადგმულა საშიში სიტუაციის პრევენციისა და მაქსიმალურად ლოკალიზების მიმართულებით!
ვირუსის პრევენციის ელემენტარული ხერხები ყველამ მოისმინა და იცის. ადამიანების დამშვიდება იმით, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ასაკოვნებს და ავადმყოფებს კლავს, დაახლოებით “ტანკებმა ორჭოსანთან გადაუხვიეს” კატეგორიაში გადის და ელემენტარულად და ინტელექტუალურად შეურაცხმყოფელია.
კარგად მესმის, რომ არის იმის დიდი შანსი, ეს ემოციით დამუხტული ლოგიკური სტატუსი მიღებული იქნეს პანიკის გამოწვევის მიზეზად.
ასევე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ეტაპზე პანიკის არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს. საბედნიეროდ, ვირუსის პრევენციისათვის კლასიკური, ელემენტარული ჰიგიენის დაცვის მეთოდები საკმარისი და ადექვატურია.
ნუ აჰყვებით შიშს. მაქსიმალურად ეცადეთ იმუნიტეტის გაძლიერებას და არასაჭირო საზოგადო აქტიურობების შეზღუდვას. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის! – წერს ზურაბ გურული.