ანა ნაცვლიშვილი – “დღეს მეც ის ქალი ვარ, ხაშურში ქმარმა რომ დაჭრა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის!”

ანა ნაცვლიშვილი - "დღეს მეც ის ქალი ვარ, ხაშურში ქმარმა რომ დაჭრა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის!"ხაშურში ცოლის დაჭრის ფაქტს ანა ნაცვლიშვილის ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“არ მინდა ყვავილები – მე მინდა სიცოცხლე! დღეს მეც ის ქალი ვარ, ხაშურში ქმარმა რომ დაჭრა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის!

არ მინდა ყვავილები – მე მინდა თანასწორობა! თანასწორი უფლებით და თანასწორი პასუხისმგებლობით!

არ მინდა ყვავილები – მინდა, როცა რაღაცის მტკიცება მიწევს და ჩემი ხმა მაღალ ტონებში იწევს, არ გესმოდეთ ეს როგორც “წიწინი”, არ ფიქრობდეთ, რომ “გავჭედე”, “ემოციური” ვარ, რადგან ვარ ქალი (როცა კაცზე იმავე სიტუაციაში იფიქრებდით, რომ პრინციპულია)…

არ მინდა 8 მარტის მოსალოცი ბარათი – მინდა უფლება, ვიყო ის ვინც ვარ: იმ გარეგნობით, იმ წონით, იმ ნაკლით და იმ ღირსებით, როგორიც ვარ და მუდმივად არ მაიძულებდეთ შევიცვალო, რომ ვიღაცის მიერ დაწერილ “სტანდარტებს” მოვერგო!

არ მინდა 8 მარტის მოსალოცი ბარათი: მინდა მქონდეს განათლების მიღების უფლება, სამართლიანი კონკურენციის უფლება შრომით ბაზარზე, სექსუალური შევიწროვებისგან თავისუფალი გარემო სამსახურში, ძალადობისგან დაცული გარემო – სახლში, სექსიზმის და ობიექტად ქცევისგან თავისუფალი გარემო – ქუჩაში, მედიაში, სოც.ქსელში!

არ მინდა 3 მარტის მოსალოცი ბარათი: მინდა მუდმივად არ განმსჯიდეთ ჩემი არჩევანის გამო: ვიყო ან არ ვიყო დედა! მყავდეს 2 ან მეტი ან ნაკლები შვილი, მყვადეს მაშინ, როცა გადავწყვეტ და არა მაშინ – როცა ეს საზოგადოებას მიაჩნია სწორად!

არ მინდა 3 მარტის მოსალოცი ბარათი: მინდა დაცული და ხარისხიანი საბავშო ბაღები, მწვანე სივრცეები, უსაფრთხო ინფრასქტუქტურა და გამართული ტროტუარი, სუფთა ჰაერი, რომ შვილებთან ერთად ნორმალურად სეირნობა შევძლო!

არ მინდა სიბრალული: მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა თუ ეს შეგიძლიათ! და თუ არ შეგიძლიათ, მაშინ დადუმდით!

არ მინდა დამშვიდება! ახლა სიმშვიდე მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია!”