”სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე შურალიოვი 1991 წლის აგვისტოს 19-ში ჩამოფრინდა თბილისში და ზვიად გამსახურდიას შეხვდა” – რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია

”სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე შურალიოვი 1991 წლის აგვისტოს 19-ში ჩამოფრინდა თბილისში და ზვიად გამსახურდიას შეხვდა” - რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

”ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია

ინფორმაცია არმიის გენერლის, შურალიოვის გარდაცვალებაზე ჩვენთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც უკავშირდება ჩვენი უახლესი ისტორიის იმ მონაკვეთს, როდესაც იბადებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ყალიბდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალები. შურალიოვი, იმჟამად სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მას შემდეგ, რაც “გეკაჩეპემ” სსრკ-ს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 1991 წლის აგვისტოს 19-ში ჩამოფრინდა თბილისში და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. ამ შეხვედრას მოყვა მომავალი პუტჩისტების, უკვე ტყეში ყაჩაღად გავარდნისთვის გამზადებული თენგიზების დეზინფორმატიული ნაკადი – რომ მოღალატე პრეზიდენტმა გვარდია “გეკაჩეპეს” ბრძანებით დათმო და დაშალა. (სხვათა შორის ისინი “ჟურავლიოვად” მოიხსენიებდნენ შურალიოვს) სიგუა ხალხს შეპირდა თვით მოსკოვური ხუნტის თავმჯდომარის, “იანაევის საიდუმლო ოქმებს”, რომელიც სიონის ბრძენთა ოქმებზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო – მათში უნდა ასახულიყო ზვიად გამსახურდიას და მოსკოვური გეკაჩეპეს შეთქმულება საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს და კაცობრიობის წინააღმდეგ.

სინამდვილეში ამ შეხვედრისას საუბარი წარიმართა ეროვნულ გვარდიაზე, რამდენადაც სსრკ-ს კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკას არ ქონდა უფლება ყოლოდა საკუთარი შეიარაღებული ძალები. გენერალთან შეხვედრაზე უარს ან მასთან დისკუსიას, რომ “ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ფეხზე გვკიდია, თქვენ რას იფიქრებთ”, აზრი არ ჰქონდა და ამავე დროს ძალიან საშიშიც იყო – ასეთ შემთხვევაში პირველი, ვისაც მაღალი ალბათობით დაარტყამდნენ სსრკ-ს შეიარაღებული ძალები ჰაერიდანაც და მიწიდანაც, ეს საქართველოს ეროვნული გვარდია იყო. პრეზიდენტმა ამ სტუმარს აჩვენა საბუთი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული გვარდია იურიდიულად რესპუბლიკის შინაგანი ჯარი იყო, რასაც სსრკ-ს კონსტიტუცია არ კრძალავდა. გენერალი და მისი გამომგზავნელები მიხვდნენ, რომ აქ დისკუსია უადგილო იყო. ეს საკითხი დელიკატურად მოგვარდა, პარალელურად კი საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა ცივილიზებულ სამყაროს, დაეცვათ არჩეული ხელისუფლებები რესპუბლიკებში ამ ახალი, გაუგებარი ორგანოსგან.

საკითხი დიპლომატიურად გადაწყდა, მოსკოვურმა ხუნტამ კი 2-3 დღეში არსებობა შეწყვიტა, თუმცა არც დეზინფორმაციულმა ნაკადმა და ლანძღვამ დაახანა საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის მისამართით. კრიტიკის თემა იყო მიუღებელი კომპრომისი მოსკოვთან და გვარდიის დაშლა. თუ წარმოვიდგენთ, რომ მოვლენები სხვა მხრივ განვითარდებოდა, და საბჭოთა არმია დარტყმას განახორციელებდა ჩვენი ახალწვეულების მიმართ, კრიტიკა და ლანძღვა მაშინ გენახათ – “დაგვღუპე შენი რადიკალიზმით”, “შეაწყვიტე ჩვენი ბიჭები რუსებს როგორც 9 აპრილს”, “პოლიტიკა არ გესმით, თქვენ მხოლოდ მიტინგები იცით” და ა.შ. მოკლედ თუ ქუდი გახურავთ, შემოგედავებიან, რატომ გახურავთო. თუ არ გახურავთ – მაშინ რატომ არ გახურავთო.

ბატონი Nikoloz Jemal Gogitidze მართებულად აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა ვინმე ჩასულიყო ამ შურალიოვთან და ეკითხა, რაზე იყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მაგრამ ეს არავის მოუვიდა თავში აზრად. ჩვენ ხომ ჩვენს ისტორიას პატივს არ ვცემთ. ახლა კი გვიანია.”