კოტიკო გოგინაშვილი, ახალი თაობა
ამ ბოლო დროს საქართველოში ძალიან სტრესული მდგომარეობა სუფევს. ხალხი დაძაბულია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებით უსმენს ექიმებს და ითვალისწინებს მათ რჩევებს. თითქმის ყველა სახლშია ჩაკეტილი და აღარ იცის, რითი გაერთოს.
რამდენიმე დღის წინ, ამ უსაქმურობის ჟამით მოწყენილმა მუსიკალურმა ფრთამ გადაწყვიტა, დაეწერა სიმღერა, რომელიც შეძლებდა საზოგადოების განმუხტვას.
9 აპრილს ქართული ინტერნეტ ქართული ესტრადის ახალმა კლიპმა ააფეთქა.
ამ კლიპით ქართველმა მომღერლებმა აჩვენეს, რომ ჩვენ, ექიმების დახმარებით, შეგვწევს ძალა, შევაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი, რომელმაც დედამიწა დააპაუზა. ვიდეოში ნაჩვენებია საეკლესიო-სამედიცინო კადრები, რომელთა პარალელურად სხვადასხვა მომღერლების მუსიკალურ თემას ასრულებენ.
სოციალურ ქსელებში კლიპს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების რაღაც ნაწილს ვიდეორგოლი მოეწონა, მეორე ნაწილმა არ დაიშურა კრიტიკის ქარ-ცეცხლი. ვიდეოში 20 მომღერალი მონაწილეობს, რომელთა ნაწილი ქართული საზოგადოებისთვის არაა დიდად ცნობილი. ამ მიზეზის გამოც მუსიკალურ კლიპს არ ასცდა კრიტიკა.
ქართველებს ძალიან კარგად გამოგვდის სხვისი ლანძღვა. მართალია, სიმღერა და კლიპი არ იყო უმაღლესი სტანდარტის, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მშვენივრად გაერთო.
ხალხი დაიღალა გაუთავებელი უარყოფითი ემოციებით და ნეგატიური ახალი ამბებით. მართალია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ დაინფიცირებულთა რიცხვიც მატულობს ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც ჩვენ თავს მშვიდად ვერ ვგრძნობთ. მომღერლებმა ვიდეო გადაიღეს ექსტრემალურ პირობებში, დისტანციურად. კლიპში ჩანდა ქართული ესტრადის წარმომადგენლების ოთახები. ავტორებს სურდათ, რომ ვიდეო ორიგინალური ყოფილიყო და ეს ნამდვილად გამოუვიდათ, მაგრამ გადაღებების ხარისხმა ვერ დააკმაყოფილა საზოგადოების მუსიკალური გემოვნება.
რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ და ვაკრიტიკოთ, ფაქტია, რომ სიმღერამ stop covid 19 (დარჩი სახლში) თავისი კვალი დატოვა ქართულ შოუბიზნესში. ხოლო მათ, ვისაც კლიპი არ მოეწონა, შეუძლიათ თავად გააკეთონ სხვა ნამუშევარი და გვაჩვენონ მაღალი კლასი, თუკი ის გააჩნიათ.