რატი ამაღლობელი – მთავრობა, რას ერჩით ექიმებს, ექთნებს, სამართალ-დამცავებს, სამხედროებს…

რატი ამაღლობელი - მთავრობა,  რას ერჩით ექიმებს, ექთნებს, სამართალ-დამცავებს, სამხედროებს...პოეტი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში მტავრობას და საპატრიარქოს მიმართავს,  დღევანდელ შექმნილ მდგომარეობაში თუ იღებენ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას.

„მთვრობა,

რას ერჩით ექიმებს, ექთნებს, სამართალ-დამცავებს, სამხედროებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ მინიმალურ ანაზღაურებაზე და თავს ყოველ წამს საფრთხეში იგდებენ.

რას ერჩით ადამიანებს, რომლებმაც არსებობისთვის აუცილებელი შემოსავალი დაკარგეს და სახლში სხედან იმისათვის, რომ სხვები დაიცვან, მათ შორის თქვენ და მთელი ქართული სახელმწიფო, სისტემურად რომ არ ჩამოიქცეს.

რას ერჩით მათ, ვინც დიდი ეკონომიკური ზარალის, ფასად, ფსიქოლოგიური სტრესების ფონზე გაცნობიერებულად იცავს კანონს და უარს ამბობს არამარტო ჩვეულ ცხოვრების წესზე, არამედ არსებობისათვის აუცილებელ შემოსავალზე. რისთვის კეტავთ ბაღებს, სკვერებს, მოედნებს, ქალაქებს.

აჩერებთ განათლებას, ეკონომიკას, რომ ვიღაცამ, ვისაც – საკმარისია დიდი წვერი ჰქონდეს მოშვებული და დიდი ბრჭყვიალა ჯვარი ეკიდოს კისრიდან მუცლამდე – ფეხებზე დაიკიდოს ყველა და ყველაფერი, ამდენი ადამიანის ძალისხმევა, შრომა, გარჯა, ნერვები, სიცოცხლე და საკუთარი ეგოიზმისა და უპასუხისმგებლობის გამო, რომელსაც ჯიუტად რწმენას ეძახის – ვერ მონახაოს თავისი “რწმენის” გამოსახატავად სხვათათვის არა საზიანო და შეურაცხყმყოფელი ფორმები, ამავე დროს საფრთხის ქვეშ დააყენოს თვითონ ეკლესია და მისი მრავალსაუკუნოვანი რეპუტაცია.

საბოლოოდ ჩაბეჭდოს საქართველოს ეკლესიის სახე, არამარტო თანამედროვე ადამიანების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში, როგორც არა კაცთმოყვარისა, რეაქციულისა, არაკეთილსინდისიერისა, ცრუწმენებითა და კერპთყვანისმცემლობის ბოდვით ბნელმეტყველისა.

საპატრიარქო,

მზად ხართ აიღოთ ასეთი პასუხისმგებლობა საქართველოს მთელი უწყვეტი სამოციქულო ეკლესიისა და მისი ერთობის წინაშე, რომლის სიღრმესაც და მასშტაბებსაც რომელიმე ვანო ჩხარტიშვილის აშენებული სატრაპეზოდან ვერ მოიხელთებთ, რადგან ეკლესიის სული და სხეული ანდრია პირველწოდებულიდან მოყოლებული საუკუნეების, უკვე ათასწლეულების გამჭოლ მოძრაობს და ვიბრირებს.

მზად ხართ ეს ეკლესია, როგორც დროში მოქმედი ადგილი კაცთმოყვარეობისა, სხვაზე ზრუნვისა, სათნოებებისა, უშურველი სიყვარულისა საკუთარი ძალაუფლებისა და პატივის ადგილზე გაცვალოთ – გადაახურდავოთ? რასაკვირველია, თუ არ გაცვალეთ უკვე.
„ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.“ სახარების გიორგი მთაწმინდისეულ თარგმანში ცოდნის ადგლიზე მეცნიერება დგას: „ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი…“
რადგან მრავალი ადამიანი თქვენს წიაღში, თქვენივე „გულმოდგინებით“ არათუ მოკლებულია ცოდნასა და მეციენიერებას, არამედ წაქეზებულია მის წინააღმდეგ საბრძოლველად, – თქვენ, დიახაც ათასმაგი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რადგან წაართვით მათ ცოდნისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, შესაბამისად თავისუფლება, და მხოლოდ თქვენდამი ბრმა მორჩილებას და ავტორიტეტს დაუმორჩიულეთ მათი ბედი.
თქვენს მიერ არჩევანისა და საღი აზრის გარეშე დატოვებული უამრავი ადამიანი ამიტომაც გელოდებათ, თუ რას ეტყვით მათ. ხოდა გააცნობიერეთ პასუხიმგებლობა. დაიცავით ადამიანები და ამით დაიცავთ ეკლესიის სახლესაც, რომელსაც დამიჯერეთ ნამდვილად ჭირდება დაცვა, მეტწილად თქვენგან.“ – წერს რატი ამაღლობელი.