ჩოხატაურში, სოფელ გუთურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ერთ-ერთი ვერსიით, 26 წლის მამაკაცი ვალის გამო მოკლეს. მკვლელი მასთან 20 მაისს ღამე მივიდა, სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა და მოკლა. ამის შემდეგ მკვლელმა მსხვერპლის ნათესავებს დაურეკა და უთხრა, რომ მან საბოლოოდ ოჯახზე შური იძია.
მოკლული თბილისში ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.
“კურიერისთვის” ცნობილი გახდა რომ გარდაცვლილი 26 წლის ავთო კალანდაძეა. ის თბილისში მუშაობდა, თუმცა კორონავირუსის გამო უკვე თვენახევარია საკუთარ სოფელში იყო წასული და იქ ცხოვრობდა.
მეზობლები და ახლობლები მოკლულ ახალგაზრდას უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია:
“უაღრესად განათლებული, ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, მღეროდა, ცეკვავდა, დეკლამატორი არაჩვეულებრივი, უგანათლებულესი პიროვნებაა, კავკასიის უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა. არ ეწეოდა, არ სვამდა, ცუდს არაფერს აკეთებდა,”- აცხადებს გარდაცვლილის მამიდა.