ანრი ოხანაშვილი – “ჩაიარა “ნაციონალური მოძრაობის” და მათი „კლასტერის“ მატარებელმა

ანრი ოხანაშვილი - "ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი „კლასტერის“ მატარებელმამორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე – ოპონენტებს ამჯერად ანრი ოხანაშვილი დაესხა თავს და მარგინალები უწოდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე “თავი მოიჭრა” და მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან.

“რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილი- ბოკერია- რურუას “კლასტერმა” ნათელაშვილის ენით, მარგინალური ჯგუფია ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე. თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, რომ თურმე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა და ერთმანეთს არიან დარეულები და ვერ გადაუნაწილებიათ მაჟორიტარები. როგორ წარმოგიდგენიათ – პროპორციულ სისტემას უჭერდა ხალხი მხარს და მაჟორიტარებზე ჩხუბობენ? ერთი ამბავი აქვთ იქ, ნათელაშვილის ეზოში თუ ფანჩატურში გაჩაღებული. “ქართული ოცნება” ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს ამ ჯგუფს. ესაა მითი, რომ პროდასავლური ღირებულებები აქვთ, რეალურად კი დიპლომატს თავს ესხმიან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეკლუცობენ, რომ მხარს უჭერენ და შემდეგ არ დაუჭერენ, ეუთოს რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობენ და იქ ეთანხმებიან, მაგრამ ხვალ აღმოჩნდება, რომ არ დაეთანხმებიან, ამას ჰქვია სახელწოდება მარგინალური ჯგუფი” , – განაცხადა ოხანაშვილმა.