პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და თანმიმდევრულად გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, მათ იმდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში გაერთიანებული. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია გაუნაწილებელი მანდატების საკითხიც – ისინი თანმიმდევრულად განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

იპნ