რომან გოცირიძე – “ივანიშვილს მხოლოდ მაშინ უნათდება გონება, როდესაც საქმე მას შეეხება”

რომან გოცირიძე - "ივანიშვილს მხოლოდ მაშინ უნათდება გონება, როდესაც საქმე მას შეეხება"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია. მიღებულია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, გიორგი რურუა კი კვლავ პატიმრობაში რჩება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იყო წყალგამყოფი ხაზი, ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და ნაცმოძრაობა, ხოლო მეორე მხარეს – პასუხისმგებლობის მქონე სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია. თქვენ გაფასებენ, როგორც ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რომელიც დარჩა ამ მნიშვნელოვანი პროცესების მიღმა. როგორია თქვენი შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
– ხელისუფლებამ შეთანხმება სრულად არ შეასრულა. შეასრულა მხოლოდ ერთი ნაწილი და ამით არ მოგვცა შანსი, დაგვეჭირა მხარი კონსტიტუციური ცვლილებებისათვის, ვინაიდან კვლავ გრძელდება დევნა ქვეყანაში და პოლიტიკური პატიმრები კვლავ არიან საქართველოში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს არის მნიშვნელოვანი და ამაში კარგი როლი ითამაშეს ასევე იმ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და დამოუკიდებელმა ფრაქციებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ისინი 100%-ით იყვნენ მობილიზებული და, სულ რომ კორონავირუსი დამართოდათ “ოცნების” დეპუტატებს, ივანიშვილი ძვირფას სკაფანდრებს შეიძენდა და მაინც დააჭერინებდა თანხმობის ღილაკზე ხელს.
– რატომ იყვნენ ასეთი მობილიზებულები?
– იმიტომ, რომ ივანიშვილზე არის ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლა, დაემუქრნენ პირადად მის ფინანსებს. მრავალი განცხადება იქნა გაკეთებული ევროკავშირსა და ამერიკაში და აგერ სულ ბოლო, დამაგვირგვინებელი იყო ამერიკის კონგრესის თავდაცვის ბიუჯეტის ნაწილში შეტანა ისეთი ჩანაწერისა, სადაც საუბარია საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე და მოხსენიებულია გიორგი რურუას სახელი და გვარი. იმ ქვეყნის ფორმალურ თუ არაფორმალურ ლიდერს, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები, კარგი დღე რომ არ დაადგებოდა, ძალიან კარგად იცოდნენ. ივანიშვილს მხოლოდ მაშინ უნათდება გონება, როდესაც საქმე მის ქონებასა და ფინანსებს შეეხება. მიხვდა, რომ სანქციების რისკი იყო სერიოზული, ამიტომ სრული მობილიზაცია გააკეთა. პირველი მოსმენით რომ განიხილებოდა ცვლილებები, მე მაშინაც განვაცხადე, კონსტიტუციასაც მიიღებთ და გიორგი რურუასაც გამოუშვებთ ისე, როგორც დაგიბარებიათ-მეთქი და ახლა თქვენი გაზეთის საშუალებითაც ვუბარებ: როგორც დაგიბარებიათ, რურუასაც ისე გაათავისუფლებთ!
– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არის რურუას გათავისუფლების შანსი? გამოუშვებენ?
– იძულებული გახდებიან, გამოუშვან, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის კონკრეტულად რურუაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელიმე პოლიტიკოსი, ტელეკომპანიის დამფუძნებელი, საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი თუ სხვა, მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის სტატუსს, აქ მნიშვნელობა აქვს მისი დაპატიმრების მოტივებს. თუ ადამიანის დაპატიმრების მიზეზი არის პოლიტიკური, მაშინ მას ჰქვია პოლიტპატიმარი. ამიტომ პრინციპული ვიყავით ჩვენს მიდგომებში, არ ვუღალატეთ ჩვენს პრინციპს და არ ვუღალატეთ გიორგი რურუას.
– თუმცა მნიშვნელოვანი პროცესების მიღმა აღმოჩნდით, ბატონო რომან…
– მთავარია შედეგი. შედეგი არის ის, რომ კონსტიტუცია მიღებულია, ხოლო კონსტიტუციის მიღებას ხელი შეუწყო ჩვენმა მსგავსმა პოზიციამ, ჩვენმა ზეწოლამ, ახალგაზრდების ბრძოლამ, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ, სირცხვილიასა და სხვა ახალგაზრდული ჯგუფების აქტიურობამ, პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო ერთიანობამ, საერთაშორისო ზეწოლამ. ამიტომ ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა, შედეგი გამოიღო.
– თუმცა, რასაც ასე დაჟინებით ითხოვდით, იმ პროცესში თავად არ მიიღეთ მონაწილეობა.
– მთავარია, რომ ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა, კონსტიტუცია მიღებულია, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებული არიან. დარჩა მხოლოდ ერთი პატიმარი და იმასაც გამოვუშვებთ გარეთ. ეს არის სწორი პოზიცია და ჩვენმა მიდგომებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ვიყავით სწორი როგორც ზნეობრივად, ასევე პოლიტიკური შედეგის მიხედვით.
– რურუაზე საუბრობდით და გასულ კვირას საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა გერმანიის ელჩმა, რომ არსად ნახსენები არ ყოფილა მისი გვარი და ოპოზიციურ პარტიებს მოგიწოდათ შეთანხმების ბოლომდე შესრულებისაკენ. ამას კი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მხრიდან საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა ელჩის მისამართით. ეს სწორი პოზიცია იყო?
– მე ასე გეტყვით, გერმანიის ელჩის ბოლო განცხადებები აცდენილი იყო საერთაშორისო მეგობრობის პოზიციას. ის ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ელჩის, აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეთანხმება არ არის სრულად შესრულებული. ელჩის პოზიცია იყო, რომ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი თურმე არ ყოფილან მოხსენიებული ამ შეთანხმებაში გვარებითა და სახელებით, რაც არ არის სწორი. თავად გერმანელი პოლიტიკოსები ადასტურებენ იმას, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, მათ შორის ევროპარლამენტიდან, ისევე, როგორც ამას ადასტურებენ აშშ-ის სენატსა და საგარეო კომიტეტში. ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო სამწუხარო შეცდომა და, თუ გადაამოწმებს ელჩი თუნდაც საკუთარი სახელმწიფოს პოზიციას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, შეთანხმება არ არის შესრულებული, ვინაიდან მოწოდება, რომ შესრულდეს შეთანხმების ორივე ნაწილი, სწორედ ამას ნიშნავს.
რას იტყვით ელჩის განცხადებაზე სოფო კილაძესთან დაკავშირებით, სადაც ის დეპუტატს გამოესარჩლა?
– რაც შეეხება მის განცხადებას სოფო კილაძესთან დაკავშირებით, სოფო კილაძე გამოირჩევა უკიდურესი არატოლერანტობით, ჰომოფობიური განცხადებებით, არასოდეს ყოფილა არც ერთ აქციაზე, რომლებიც დაჩაგრული ადამიანების დასაცავად იმართებოდა. ის მტრულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ და ასეთი ადამიანის დანიშვნა გაერო-ს კომიტეტში, რომელიც გააპროტესტა 52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არის არასწორი. როცა ბატონი ელჩი გამოესარჩლა მას, ამან დიდი გაკვირვება გამოიწვია ამან საზოგადოებაში. შეუძლებელია, 52 არასამთავრობო ორგანიზაცია ცდებოდეს და მხოლოდ ელჩი იყოს მართალი. ამიტომ ვაცხადებ, რომ მას მოუვიდა შეცდომები და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფლება, შეაფასონ მისი მუშაობა.