“გახარიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს”

"გახარიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, საუბარია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შიდა კვლევებს უმატა და მათივე კვლევებით საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვთ. ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობას თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვსო. თქვენთვის თუ არის ცნობილი მათი რეიტინგები?
– რაც შეეხება შიდა კვლევებს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე ჯგუფი დაიქირავა შიდა კვლევებისთვის. არა მარტო შიდა კვლევებს, არამედ ატარებდნენ ისეთ კვლევებსაც, რომლის საშუალებით ცდილობდნენ გამოევლინათ, ვინ იყო უფრო ღირსეული მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს ხდებოდა, როგორც პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, ე.წ. ქოლცენტრით, დაქირავებული კომპანიის წარმომადგენლები რეკავდნენ სხვადასხვა ადგილებში და ატარებდნენ გამოკითხვას.
– რა კატეგორიის ამომრჩეველთან რეკავდნენ?
– რეკავდნენ იმ ხალხში, ვინც მოიაზრებოდნენ და ვინც კი ოდესმე ყოფილა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. ბაზა აქვთ შექმნილი და ასე ატარებდნენ სხვადასხვა კვლევებს, ასევე ჰქონდათ ქუჩაში გამოკითხვის მეთოდები და კარდაკარი. ჩემი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” რეიტინგი არის დაახლოებით 35%. არ ვიცი, ახლა რას მოიმოქმედებს ეს პარტია. მათი ერთადერთი გამოსავალი არის, გახსნან მუთაქები და დაურიგონ ხალხს ფული, ანუ ხმები იყიდონ. სხვა მოგების შანსი ამ პარტიას არა აქვს. ეს პარტია აპირებს, რომ მესამეჯერ მოხვდეს ხელისუფლების სათავეში და ეს სერიოზული პრობლემაა.
– ორ ვადაზე მეტხანს არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა…
– მობეზრდა ხალხს. ხომ არსებობს მობეზრების ცნება. ერთი და იგივე ყველაფერი გბეზრდება. მით უმეტეს, ასეთი ხელისუფლება. ეს გუნდი უკვე არის პრაქტიულად გაცვეთილი გუნდი. აღარანაირი რესურსი აღარ აქვთ, რომ მოსახლეობას შესთავაზონ. აქ არის ერთადერთი გამოსავალი.
– რა გამოსავალი?
– თუ ამ გუნდს უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, იგი ვალდებულია შექმნას კოალიცია. საინტერესოა ისიც, რა ძალები გავლენ პარლამენტში, ვისთან ერთად შეკრავენ კოალიციას. აი ეს არის ყველაზე საინტერესო ნიუანსი ამ ყველაფერში.
– ლადო, ბოლო პერიოდია საკმაოდ გააქტიურდა ვანო ჩხარტიშვილი. ვისმენთ მის განცხადებებს. რაში სჭირდება “ოცნებას” ასეთი არაპოპულარული სახეების წამოწევა?
– მე არ ვიცი, რისთვის სჭირდებათ. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანს რაღაცისთვის ამზადებენ. უეცრად გამოაგდეს პუბლიკაზე ეს ადამიანი, რომელიც ოდიოზურ ფიგურად ითვლება. მან მთელი ქვეყანა გააღატაკა. დღეს, არჩევნების წინ, ჩხარტიშვილის წინა პლანზე წამოწევას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ მათ უნდათ სხვისი ფულის ხარჯვა. აქ საუბარია იმაზე, რომ არჩევნებს დიდი ფული სჭირდება.
– ფიქრობთ, რომ არჩევნებს ჩხარტიშვილი დააფინანსებს?
– ამ საპარლამენტო არჩევნებს, როგორც მე ვიცი და როგორ ჩანს, ატარებს გახარია. გახარიას უკან კი ფინანსურ ძალად მოიაზრება ჩხარტიშვილი. ისე, როგორც პრემიერ კვირიკაშვილის უკან ფინანსურ ზურგად თავის დროზე მოიაზრებოდა ხაზარაძე. ასე მოიაზრება ჩხარტიშვილი. არ ვიცი რა და როგორ ჩაიფიქრეს. ჩხარტიშვილი რომ პოპულარული არ არის, ეს ფაქტია. ეს არჩევნები ნამდვილად თავის ტკივილია “ოცნებისთვის” ამ არჩევნებზე ან ოპოზიციაში წავლენ, ან კოალიციას შექმნიან. მარტო არჩევნების მოგება საშინლად გაუჭირდებათ. თუმცა, ვერც იმ აზრს დავეთანხმები, რომ ნაიცონალური მოძრაობაა მოძლირებული. მისი განაყოფი პარტიები უფრო მყარად გამოიყურება. საბოლოო ჯამში ტოლობის ნიშანი ჩნდება “ქართულ ოცნებასა” და ჩემ მიერ ჩამოთვლილ პარტიებს შორის. ორივე მხარე დაახლოებით 40-40%-მდე აიღებს. 20% ჰაერში რჩება და ზუსტად ის 20%-ია გადამწყვეტი, თუ ვის მხარეს გადაწონის.
– როდესაც საუბრობ, რომ ხალხს “ოცნება” მობეზრდა, რომ მას სერიოზული განახლება სჭირდება, ამის რესურსი კი არ აქვთ. დღეს აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ თავად ივანიშვილი იქნება სიის პირველი ნომერიო. რამდენად მომგებიანია ეს გადაწყვეტილება?
– თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომგებიანი იქნება თუ არა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე და პირველ ნომრად წარმოდგენა, მე ამის ნაკლებად მჯერა. არ მჯერა იმის, რომ ერთი და იგივე წყალში ეს პიროვნება ორჯერ შევა. არა მგონია, რომ პირველი ნომერი იყოს. თუმცა კარგი იქნებოდა. იცით რატომ იქნებოდა კარგი…
– რატომ?
– თუ ჩვენ “ქართული ოცნების” სახეებს გადავავლებთ თვალს, რომ რასაც ჰქვია ნდობა, მაინც ამ ადამიანს აქვს ყველაზე მეტი. ბოლო პერიოდში სულ ჩრდილში იყო და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამოჩნებოდა ხოლმე და თავისი წონადობით, თავისი სიტყვით და თუნდა თავისი ფინანსებით აგვარებდა ამა თუ იმ საკითხს. გავიხსენოთ, იგივე სალომე ზურაბიშვილის ბედიც მან გადაწყვიტა. მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგება და კარდაკარ ან მიტინგებზე ირბენს. დააკვირდით მის 2012 წლის და 2019 წლის ფოტოებს, კაცი არის სერიოზულად დაბერებული. ადრე თუ მარტო თავის ბიზნესებზე ფიქრობდა, ახლა სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია, ამდენი ვალდებულება, მუქარა სანქციებით. არ მგონია, რომ ხელისუფლების სათავეში ყოფნა მოინდომოს. მით უმეტეს, საშინელი არჩევნები იქნება. მე აქ სულ სხვა ბოლოს ვხედავ.
– როგორს?
– რაღაცა დოზით ესენი მაინც დაიწყებენ არჩევნების გაყალბებას და ერთ ძალიან ცუდ ტენდენციას ვხედავ, დასავლური ტალღა მოდის საქართველოსკენ. ის რაც გადაედო ამერიკიდან ევროპას და ახლა ევროპიდან აქაურობასაც მოადგება უკვე. ეს ტალღა ჩვენამდეც აუცილებლად მოაღწევს და მოასწრებს სწორედ არჩევნების შემდეგ. თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და თანაც ეს დასავლეთთან შეუთანხმებლად გააკეთა, აქ სერიოზული ტალღა აგორდება და ამ აგორებულ ტალღას გაყალბებული არჩევნების ფონზე, წინ ვერაფერი დაუდგება.
– ბოლო პერიოდის სისხლიანი საქმეები ძალიან ცუდ ფონად მიყვება “ოცნებას” საარჩევნოდ. თუკი შაქარაშვილის საქმე არ გაიხსნა და რეალური დამნაშავეები არ დაისაჯა, ეს საქმე ამ ხელისუფლებას გადაიყოლებსო. ასევე კობა კობალაძის შვილის სკანდალური საქმე გასკდა. ეს რამდენად აზარალებს “ოცნებას?
– კობალაძეს რაც შეეხება, მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანის მოთოკვა უნდოდათ და მაგიტომ გამოაგდეს ეს საქმე. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად დაიდგა.
– რატომ, რას ერჩიან?
– მე როგორც ვიცი, სამომავლოდ აღარ არის მისი ადგილი პარლამენტში. მას რომ არ ჰქონდეს ეს ამბიცია. ამიტომ გააშავებენ. ზოგადად ესე ხდება ხოლმე.
– რისი თქმა გინდა, ლადო, რომ თვითონ შეუგდეს ეს ინფორმაცია ტელევიზიას?
– რა თქმა უნდა, ასეა. მთავარი არხი და ტვ პირველი არის “ქართული ოცნების” სამაშველო რგოლი. როდესაც “ქართული ოცნებიდან” ამა თუ იმ ადამიანზე უნდათ რაღაცის აგორება და ეს მოდის ყველაზე მაღალი რგოლებიდან. ეს არ არის საპარლამენტო დონე. უფრო ბიძინას გარემოცვიდან მოდის ეს ყველფერი. როცა უნდათ, რომ ადამიანი გაშავდეს, მიუგდებენ ხოლმე ხან მთავარს, ხანაც ტვ პირველს და ამით აკეთებენ შავ საქმეებს. სჭირდებათ ეს ტელევიზიები და ამიტომაც ყავთ, თორემ დამიჯერეთ, ისე მოათვინიერებენ, როგორც დაგიბარებიათ.
– შაქარაშვილის საქმეზე რას იტყვით?
– შაქარაშვილის საქმეს რაც შეეხება, მე გეთანხმებით იმაში, რომ აქ საქმე მართლა ძალიან ცუდად წავა. ანუ ეს იქნება კარგი მიზეზი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას კრიმინალებთან ურთიერთობაში დასდო ბრალი. ამ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები ჩამოშალო. თუნდაც ისე, როგორც გირგვლიანის საქმეზე მოხდა.
– პარალელს ავლებთ?
– არა, მე არ ვაკეთებ შედარებას, არ ვამბობ, რომ ეს ერთი და იგივეა, მაგრამ მე ვიძახი, რომ ძალიან დაახლოებულია ეს ორი საქმე ერთმანეთთან. მეორე არჩევანიც არის, ეს საქმე რომ გახსნან, იქ წავა ისეთი ადამიანების დაკავება, რომელზედაც დგას “ქართული ოცნების” ბნელი მხარე.
– “ქუჩის ბიჭები”, სპორტსმენები და ასე შემდეგ?
– დიახ. წინასაარჩევნოდ შენ დაიჭირო ის ძალა, რომელიც ქუჩაში “ბირჟავიკებს ხოდავს”, ეს სულ თავდაყირა დააყენებს “ოცნების” საქმეებს. თუმცა პრემიერის სიტყვებს გავიხსენებ, ეს ადამიანი სულ იმას იძახის, რომ კანონი უზენაესია, ყველასთვის ერთია. ხოლო თუ კანონი უზენაესია და ყველსთვის ერთია, თუ ასეა, მაშინ ველოდებით კიდევ დაკავებებს.
– იმის თქმა გსურთ, რომ ყველა მონაწილე დაკავებული არ არის?
– კი, ასეა. თუ არა და მიიღებენ იმას, რაც მიიღო თავის დროზე კვირიკაშვილმა სარალიძის საქმით. აქ ორი ვარიანტია, ან უჩალიჩებენ გახარიას, ან გახარია უჩალიჩებს კალაძეს, ამას პირდაპირ გეუბნებით. უფრო ვფიქრობ, რომ გახარია უჩალიჩებს კალაძეს, რადგან ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში არიან ჩართულები, ნაწილობრივ კალაძესთან აქვთ ბოლოები. ამის მიჩქმალვა შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს არ მიიჩქმალა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ აქ ჩართულია რაღაც სხვა დონე. ეს არ არის მარტო საგამოძიებო და შსს-ს დონე, არა! ამ საქმეს უნდა გადაყვეს ვიღაცა. თუ ვინ უნდა გადაყვეს, ჯერ არ იკვეთება.
– გადაყვება?
– მაქვს დიდი ეჭვი, რომ გადაყვება. არჩევნებამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა რეალურად და ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ამ ოთხი თვის განმავლობაში. მე კობალაძის შვილის ამბავს ვხედავ ზუსტად ისე, როგორც მე თქვენ გითხარით. აღარ უნდათ ის პარლამენტში, დასჭირდათ ამ ადამიანისთვის რქების წატეხა და ამ მეთოდით უტეხენ მას რქებს. ეს ხომ ბოროტული სახელმწიფოა, ეს არის სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ფეესბეს მეთოდებით. რაც მათ ისწავლეს იქ თავის ცხოვრების განმავლობაში, ჩამოვიდნენ საქართველოში და რეალურდ ამ ვითარებას ალაგებენ. რაც იქ ხდება, იგივე ხდება ჩვენთან. აი ეს რეალობა გვაქვს.