“კალაძე ივანიშვილისგან გამოყოფას დღეს ვერ გაბედავს”

"კალაძე ივანიშვილისგან გამოყოფას დღეს ვერ გაბედავს"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი  გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, ნაციონალებმა განაცხადეს, რომ რეგიონებში ყველგან დააყენებენ საკუთარ კანდიდატურებს. თბილისშიც ბოლომდე ვერ მოხერხდა შეთანხმება მაჟორიტარებზე. რატომ არის ამდენი პრობლემა ოპოზიციის შიგნით?
– მოდით, თბილისით დავიწყებ, რაც შეეხება იმას, რომ ვერ შევთანხმდით, მე ასე არ ვიტყოდი, იმიტომ, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის და დროც არის საკმარისი. მე ვფიქრობ, რომ იქითა კვირისთვის მოლაპარაკებები დასრულდება და იქნება შეთანხმებული თბილისის დარჩენილი მაჟორიტარები.
რეგიონებში ალბათ ყველა დააყენებს თავის კანდიდატს. თუ რომელიმე პარტიას ეყოლება უკონკურენტო კანდიდატი, ჩვენ ამ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ხოლო ისეთ ოლქში, რომელიც ოთხი რაიონისგან შედგება და არის ასეთი სამაჟორიტარო ოლქები, აქ უკეთესიც კია, ყველა პარტიამ დააყენოს საკუთარი კანდიდატი კონკრეტული რაიონიდან, რომელიც მაქსიმალურად ბევრ ხმას წაართმევს “ოცნებას”.
– თუკი ყველას თავისი კანდიდატურა ეყოლება და არ შეთანხმდებით ერთიან კანდიდატზე, რეგიონებში ეს უფრო მომგებიანი იქნება?
– რეგიონებში, განსაკუთრებით კი ისეთი ოლქებში, რომლებიც რამდენიმე რაიონისგან შედგება, უფრო მომგებიანი იქნება. მაგალითად, გაერთიანებულია ონი, ამბროლაური, მესტია და ლენტეხი. ეს ერთი საარჩევნო ოლქია. ერთი მომგებიანი კანდიდატურის მოძებნა ძალიან რთულია, ამიტომ, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება ოპოზიციიდან, უფრო მეტ ხმას წავართმევთ “ქართული ოცნების” ერთ კანდიდატს და მეორე ტურში მთელი ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც გავა მეორე ადგილზე. ეს იქნება, რა თქმა უნდა, მომგებიანი.
– რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი, მან უარი თქვა თბილისში მაჟორიტარობაზე.
– დიახ, ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა. როდესაც საუბარი იყო თბილისთან დაკავშირებით, 6 ადგილი იყო დარჩენილი, იცით, რომ ორი ნაციონალურმა მოძრაობამ წაიღო. 6 ადგილას იყო 7 კანდიდატი, მაშინდელი მონაცემებით, შესაბამისად, ირაკლიმ თქვა, რომ მთავარია შენარჩუნდეს ერთობა და მე გავიწევი გვერდით და დაგვრჩება ექვს ადგილას ექვსი კანდიდატი და არ იქნება არაფერი საჩხუბარიო. შემდეგ ამ ექვსიდან ორ ადგილს ითხოვდა ალეკო ელისაშვილი და შემდეგ უკვე მისი პოზიცია ყველასთვის ცნობილი გახდა. მან ძალიან გვიან დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ის აღარ აპირებდა ამ ერთობაში მონაწილეობას.
– მისმა განცხადებებმა ხომ არ დააზარალა ოპოზიცია?
– მისმა განცხადებებმა დააზარალა მხოლოდ და მხოლოდ მისი თავი. სხვას ნამდვილად ვერაფერი ვერ დააკლო და ვერც ვერაფერს დააკლებს. არ მინდა ახლა მასზე საუბარი, რბილად რომ ვთქვა, არასწორი იყო და ჩემთვის ძალიან მიუღებელი, ალეკო ელისაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი.
– რა ხდება ხელისუფლების შიგნით?
– ხელისუფლების შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა, ამას უკვე ყველა თვალნათლივ ვხედავთ. ის, რომ აქამდე ჰყავდათ 73 მაჟორიტარი და ახლა არის 30, უფრო ზრდის დაპირისპირებას შიგნით. აქ მთავარი იქნება ის, თუ სახელისუფლო გუნდში არსებული რომელი კლანი უფრო ძლიერი აღმოჩნდება ივანიშვილისთვის და უფრო სანდო. ეს იქნება გახარიას კლანი, კალაძის თუ სხვა.
ივანიშვილის მიზანია, რომ დღეს საკუთარი გუნდი შეავსოს ყველაზე ერთგული ადამიანებით. ვინაიდან ძალიან კარგად იცის, რომ თუკი არჩევნებს ვერ მოიგებს, მოუწევს სერიოზული ბრძოლა და, შესაბამისად, ისიც იცის, რომ არასანდო ადამიანები ძალიან მალე იპოვიან თავიანთ ადგილს.
– არჩევნებამდე კიდევ მოიმატებს დაძაბულობა და შესაძლოა კონკრეტული ჯგუფებიც გამოეყოს “ოცნებას”?
– ვფიქრობ, რომ უპირობოდ მოხდება ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ დამარცხებული კლანი შეეცდება, ცალკე თამაში დაიწყოს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ თვითონ ივანიშვილმაც მიზანმიმართულად გაათამაშოს ეს სცენარი, ვითომ განხეთქილების და შემდეგ ორი ფრონტიდან შემოუტიოს ოპოზიციას. ამ ყველაფრის მიუხედავად, მას მაინც არანაირი შანსი არ აქვს, ვინაიდან ხალხი ხედავს ყველაფერს.
საზოგადოება ხედავს, რომ დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. ხალხი ითხოვს ცვლილებებს და როდესაც ხალხი ითხოვს, ისინი აუცილებლად განხორციელდება.
– “ოცნებიდან” კალაძე და მისი გუნდი შესაძლოა ცალკე გავიდეს. რამდენად მომგებიანი იქნება ახლა კალაძისთვის დამოუკიდებელი თამაშის წამოწყება?
– ამ ინფორმაციას მეც ვფლობ, რომ ნამდვილად დაპირისპირებაა კალაძესა და ივანიშვილს შორის. თუმცა, არა მგონია, რომ დღეს და ხვალ კალაძემ გადადგას ეს ნაბიჯი და მან დაიწყოს დამოუკიდებელი თამაში, თუ მას არ ექნება თანხმობა ბიძინა ივანიშვილისაგან. ხოლო, როგორც კი ის დაინახავს, რამდენიმე თვეში, რომ “ქართული ოცნება” დასრულებულია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და როგორც ხელისუფლება, რა თქმა უნდა, იგი შეეცდება, რომ ცალკე თამაში ითამაშოს და შეძლოს, რამდენიმე ადამიანი გაიყვანოს თავისი გუნდიდან.
– “ოცნებას” შიდა კვლევებითაც კი დაბალი რეიტინგი აქვს. წავლენ კოალიციურ მთავრობაზე თუ ისევ გაყალბების იმედად დარჩებიან?
– ისინი თუ შეეცდებიან გაყალბებას, როგორც კი ეს აზრი გაუელვებთ თავში, იმ დღესვე უკვე წაგებულები იქნებიან და წასულები ხელისუფლებიდან! იმიტომ, რომ არც ერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამას არ აპატიებს ხელისუფლებას და ისინი მიიღებენ მხოლოდ უარყოფით დასკვნებს. და თუ დასავლეთმა არ აღიარა არჩევნები, ის ვერ იქნება ლეგიტიმური, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება დასრულებულია. რაც შეეხება იმას, რომ დაბალი რეიტინგი აქვთ, რა თქმა უნდა, დაბალი რეიტინგი ექნებათ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არ შეიძლება, ხელისუფლებას, რომელსაც 80% მოსახლეობისა ჰყავს მშიერი და 80% თავს გრძნობს დაუცველად, თუნდაც კრიმინოგენური სიტუაციიდან გამომდინარე, ჰქონდეს მაღალი რეიტინგი.
ადამიანებს უკვე ყველაფრის ეშინიათ, ეშინიათ გარეთ ავტომობილის გაჩერების, ეშინიათ ბავშვების გარეთ გაშვების. დღე არ გავა, არ გავიგოთ, რომ ვიღაცამ ვიღაცას ესროლა, მოკლა, დაჭრა… აგერ ვხედავთ, რაც ხდება იგივე შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ანგელოზივით ბავშვი მოკლეს და ექსპერტიზის პასუხსაც კი არ აცნობენ მოსახლეობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან უსუსურები და დღეს ჩვენს ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია არის ზენიტში ასული. შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი არ ყოფილა ასეთი სიტუაცია, როგორიც დღეს არის ამ თვალსაზრისით. ქვეყანას მართავენ კრიმინალი ავტორიტეტები, ქურდები და მსგავსი ტიპის მოძველბიჭო ელემენტები.
– თქვენ ფიქრობთ, რომ აგებს 2020-ის არჩევნებს “ოცნება”?
– არა, არ ვფიქრობ, რომ აგებს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება და ოპოზიციური ძალებისგან შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რომელიც მაქსიმალურად მოკლე დროში შეეცდება, ქვეყანა ამოიყვანოს ამ ჭაობიდან!