„მერაბიშვილი კენჭს იყრის თუ არა, ელისაშვილმა უნდა გადამიწყვიტოს?!“

„მერაბიშვილი კენჭს იყრის თუ არა, ელისაშვილმა უნდა გადამიწყვიტოს?!“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციაში არსებული პრობლემების შესახებ მეგი გოცირიძე პასუხობს.
– მეგი, ოპოზიციის შიგნით კვლავ დიდი არეულობაა. დაასახელეს თბილისის მაჟორიტარების ნაწილი და დანარჩენზე ვერ თანხმდებიან. თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდა ოპოზიციურ ერთობას, ალეკო ელისაშვილმა კი საერთოდ დატოვა ეს გაერთიანება. რა ხდება?
– მე ვერ ვიტყოდი, რომ იმ ოპოზიციურ ერთობაში, რომელსაც “ძალა ერთობაშია” ჰქვია, მწვავე დაპირისპირებაა.
– ნათელაშვილის ფორმატად წოდებულ ერთობაშია დიდი დაპირისპირება.
– დღეს ნაცმოძრაობას ”ოცნებაზე” მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ადგა ეს რეიტინგული პარტია და თქვა, აგერ ორი კვოტა მიმაქვს და დანარჩენი თქვენ გაინაწილეთო. მე ვარ ამ პარტიის არა წევრი, არამედ აქტიური მხარდამჭერი და, რაც ვიცი და რასაც ვხედავ, არის ის, რომ აიღო თავისი ორი კვოტა ნაცონალურმა მოძრაობამ და დაიწყო მუშაობა. დანარჩენი ვინ ვის ებრძვის, არ ვიცი.
კი ბატონო, თაკო ჩარკვიანმა დამოუკიდებლად დააყენა თავისი კანდიდატურა და, მე რომ საბურთალოს მხარდამჭერი ვიყო, აუცილებლად დავუჭერდი მხარს თაკო ჩარკვიანს.
ელისაშვილს კი ძალიან არასერიოზულად აღვიქვამ. ის, რომ თბილისის მერის არჩევნების დროს “ოცნებამ” ნაციონალების ბიულეტენები გადაუწყო და ასე შემდეგ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მე არ ვიცი, საერთოდ რა პრეტენზიებს აცხადებს, კაცმა ორ მესიჯს ვერ მოუარა.
– იმ სკანდალურ მესიჯებს გულისხმობთ?
– დიახ! ან მოიტყუა მაშინ ბესელია-კობახიძესთან დაკავშირებით და ან ფული აიღო და გაჩუმდა! ორ მესიჯს ვერ უპატრონა კაცმა და ქვეყანას უპატრონებს?! ატეხა სკანდალი, ქარიშხალი ჭიქაში და მერე რა გააკეთა?! ასეთი კაცი ორ მაჟორიტარს ითხოვს?! მე გამარჯვებული ვარო, გაიძახის. ვის ხარჯზე? ბიძინამ დახარჯა ფული და ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა. მართლა ვერ ვხვდები, რა პრეტენზია აქვს.
ამ ორი მესიჯის ამბავი დამოკლეს მახვილივით კიდია მის კისერზე, თორემ განა მე არ ვიცი, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე რას წარმოადგენენ და რისი მკადრებლები არიან.
– ეკა ბესელია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში იჯდა.
– სულ არ მაინტერესებს, სად იჯდა ეკა ბესელია! მე მაქვს ჩემი პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება და ამას ვიტყვი ყველგან და ყოველთვის. სწორედ ამ ქალბატონებმა აქციეს 200-მდე პატიმარი პოლიტპატიმრად. რუსეთის ჯაშუშები, ნარკობარიგები, კრიმინალები, ადამიანები, რომლებსაც საერთოდ პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს და ამაში ფული აიღეს. ჯერ აუტეხა სკანდალი ელისაშვილმა ამ ქალებს და, როდესაც საგამოძიებო ორგანოებმა დაუძახეს, მესიჯები ვეღარ მიიტანა, აღარ მაქვსო. ასეთი რამე გაგიგიათ?! ჩვეულებრივი ქოცია, მენტალური ქოცი! მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაშიო. ვისთან, ანა დოლიძესთან ერთად, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო?!
– ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სატელიტები არიან?
– კი, რა თქმა უნდა! ელისაშვილიც, ინაშვილიც, ახლა მარშიც – ყველანი “ოცნების” დაკვეთით გააქტიურდნენ და ეს თითო-ოროლა ადამიანი ივანიშვილს სჭირდება იცით, რისთვის?!
– რისთვის?
– იმისთვის, რომ იქ ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობა შეუქმნან, თუმცა ესეც არ უშველის ბიძინას. მთელი ქვეყანა მაგას აგინებს. ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში!
– ახალი კანონით ჩატარდება არჩევნები. “ოცნების” მხარდამჭერები ამბობენ, ოპოზიციამ იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ ამ ახალი სისტემითაც ვერ შევლენ პარლამენტში, ისეთი დაბალი რეიტინგი აქვთო. ამაზე რას იტყვით?
– ამას რომ ლაპარაკობენ, ვის აყენებენ შეურაცხყოფას? სად ცხოვრობენ, სხვა რეალობაში, სხვა საქართველოში თუ რა ხდება?! რა კვლევა მჭირდება იმისთვის, რომ “ოცნება” ურეიტინგოა?! სადაც გინდა, წადი, გინდ სოფლად, გინდ ქალაქად, ნებისმიერ ადგილას – ყველა აგინებს ივანიშვილს!
ბაზრობა არ დატოვა კაცმა, რომ არ გადაეწვა, იმიტომ, რომ ბოლომდე გააუბედუროს ხალხი და გაამწაროს. ტყე არ დატოვა, თურმე მარტო თვითონ უნდა ისუნთქოს თავის დენდროლოგიურში. არაფერი არ დატოვა წმინდა ამ ადამიანმა. ეკლესიაში შევარდა, წაბილწა იქაურობა. მეცინება, რომ ამბობენ, ნაციონალები ებრძოდნენ ეკლესიასო. მიშას დროს მღვდელი რომ დაეჭირა ვინმეს, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა?! ახლა კი ათზე მეტი მღვდელია დაჭერილი. ეკლესიას ვინ შეურყვნა ავტორიტეტი?! ხომ ყველა ხედავს, რა სიტუაციაა და რა დღეშია საპატრიარქო! ესენი ამბობენ, რეიტინგი გვაქვსო და ჩვენ გვიწოდებენ დესტრუქციულებს. ეს ცვლილებებიც ჩვენი მოთხოვნა იყო, ახლა რომ ზეიმი აქვთ.
– მხარი რომ არ დაუჭირეს?
– არც უნდა დაეჭირათ მხარი, იმიტომ რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული. რატომ არ უშვებენ რურუას? არ გიჩნდებათ ეს შეკითხვა?! უგულავა და ოქრუაშვილი თუ გამოუშვეს?!
– რატომ არ უშვებენ?
– იმიტომ არ უშვებენ, გიორგი რურუა გარეთ რომ იყოს, მთაწმინდაზე და არა მარტო მთაწმინდაზე, აი, მაგათი ჩაცუცქული ტიპები და ვითომ კაი ბიჭები ვერ იბლატავებენ! ხალხსაც ვერ დააშინებენ და ეს იცის ყველამ.
– ანუ საარჩევნოდ არ აწყობთ მისი გამოშვება და ამის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ?
– რა თქმა უნდა, ასეა, თანაც ისეთი სამარცხვინოები არიან, რომ დასავლელ პარტნიორებს ფურცელზე უწერენ და უგზავნიან, ნახეთ, რა დანაშაულებში ვედავებითო. 25 წელზე მეტია გასული, ისეთ რაღაცებს უხსენებენ და ამერიკას ეუბნებიან, კრიმინალი იყო და თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩვენს შიდა საქმეებში რომ ერევითო. ამ საქმეებზე არ დაკითხულა რურუა, არ დაუძახიათ, არავის უკითხავს, ეს მართალია თუ გიგონებენო?! სწორად მოიქცა ოპოზიცია, რომ არ დაუჭირა მხარი.
– ოპოზიციის გარეშეც მიიღეს ეს ცვლილებები.
– რა თქმა უნდა, მიიღებდნენ. სხვა გზა ჰქონდათ?! იმავე ხალხმა მიიღო, ვინც ჩააგდო. ივანიშვილი იმხელა საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ იყო, რომ შანსი არ იყო, ეს არ მიეღო! პირდაპირ სახელითა და გვარით დაწერეს, ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნი მილიარდები საქართველოს გაუბედურებას ხმარდებაო.
– ოპოზიციის შიგნითაც პროცესებს ივანიშვილი მართავსო. ამაზე რას ფიქრობთ?
– თუ ელისაშვილი იგულისხმება მაგაში, მაშინ ვეთანხმები. თუ ირმა ინაშვილი იგულისხმება, ვეთანხმები.
– კიდევ ვინ არის ოპოზიციის შიგნით ისეთი, ვინც ამ ერთობას ხელს უშლის?
– საუბრობენ ერთობაზე და ეს ერთობა რისთვისაც შედგა, ეს მიზანი მიღწეულია. ვგულისხმობ იმ ცვლილებას, რომელიც მიიღო პარლამენტმა. თბილისის მაჟორიტარებზე იყო ლაპარაკი და ამაზეც შეთანხმდნენ. რეგიონებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი.
– რატომ, რეგიონებში საერთო მაჟორიტარი ცუდი იდეაა?
– გამორიცხულია, ვერ შეთანხმდება ყველა. თბილისი სხვა შემთხვევაა და აქ მოხერხდა შეთანხმება. აქ ერთმანეთისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. ყველგან რანაირად შეთანხმდებიან. ყველა პარტიას აქვს მიზანი, რომ თავისი მაჟორიტარი გაიყვანოს.
– ვანო მერაბიშვილს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობა სურს და ამაზეც უთანხმოებაა ოპოზიციის შიგნით?
– ვინ არის ერთი წინააღმდეგი? რა, ალეკო ელისაშვილმა უნდა გადამიწყვიტოს, ვანო მერაბიშვილი კენჭს იყრის თუ არა?! ძალიან სასაცილოა. ჩატარდება არჩევნები და შედეგსაც ვნახავთ.
ესენი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩებიან.