“მოლანდებია, გვერდით კაცი ეწვა და იმიტომ ვესროლეო” – სურამში თიკო რუსიას მკვლელობისთვის ილია ქურდაძეა დაკავებული

"მოლანდებია, გვერდით კაცი ეწვა და იმიტომ ვესროლეო" - სურამში თიკო რუსიას მკვლელობისთვის ილია ქურდაძეა  დაკავებული„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება სურამში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები.

33 წლის თიკო რუსიას მკვლელობაში მისივე მეუღლე, 35 წლის ილია ქურდაძეა ეჭვმიტანილი.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც, მეზობლების გადმოცემით, მკვლელობის მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ცოლს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან საწოლში სამი ტყვია ესროლა.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია ისიც, რომ ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მომენტში ილია ქურდაძე ალკოჰოლთან ერთად, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაც იყო.

თიკო რუსიამ სიცოცხლის უკანასკნელი წამები დედასთან გაატარა.

„როცა ქმარმა ცოლი იარაღით მოკლა, ბავშვებმა ბებიას, დედის დედას დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დედას დალაპარაკებია. საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია.

უპატიოსნესი გოგო იყო, ბავშვობიდან ვიცნობ. მკლვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. მეუღლეს, სავარაუდოდ მოლანდებები ჰქონდა, უცხო კაცი გვერდით ეწვაო, უთქვამს ქმარს და ამიტომ ვესროლეო.

იმ დროს, მოკლული ქალი სახლში ბავშვებთან ერთად მარტო იყო.“  – კურიერთან საუბრისას ამბობს ადგილობრივი.

საუბრობენ მამაკაცის ფსიქიკურ პრობლემებზე. ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

„ხშირად სვამდა, ალბათ, „თეთრი ცხელება” დაემართა და ჰალუცინაციები ჰქონდა, ამიტომ მოხდა ეს ტრაგედიაც, ისე ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარი დაკავებულია.

პრაიმ ტაიმია