„ნინო, „ოცნება“ ყოველთვის არ იქნება…“ – გრიგოლია გიორგობიანს დაუპირისპირდა

„ნინო, „ოცნება“ ყოველთვის არ იქნება…“ – გრიგოლია გიორგობიანს დაუპირისპირდაჟურნალისტი ინგა გრიგოლია გადაცემა „რეაქციის“ პირდაპირ ეთერში ნინო გიორგობიანის სტატუსს გამოეხმაურა. გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ჟურნალისტური ექსპერიმენტის ფარგლებში 112-ს ცრუ შეტყობინება გადასცა.

გრიგოლიას თქმით, ექსპერიმენტი იმისათვის ჩატარდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეპარება ეჭვი შსს-ს მიერ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული, აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში. ჟურნალისტმა, ნინო გიორგობიანს მიმართა და უთხრა, რომ ის ყოველთვის თანამდებობაზე ვერ იქნება.

„ძალიან უხერხული სტატუსია და სირცხვილია, მედიის დადანაშაულება. ამდაგვარ ექსპერიმენტს იმიტომ ვატარებთ, რომ არ გვჯერა იმ ზარის ავთენტურობის, რომელიც თქვენმა სტრუქტურამ გაასაჯაროვა. ნინო, შენ ხარ ყოფილი ჟურნალისტი და ძალიან უხერხულია, ტელევიზიაზე ასეთი თავდასხმა. „ოცნება“ ყოველთვის არ იქნება და არც შენ იქნება ყოველთვის იმ თანამდებობაზე, რაზეც ახლა ხარ“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

გთავაზობთ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებასაც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.