“2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში შესაძლოა, თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე იყოს.
ბერაძე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონს წარმოადგენს, სააგენტოს ხელთ არსებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
“ჯერ არ ვიცი არაფერი”, – განუცხადა “2020NEWS” ბერაძემ აღნიშნული თემის კომენტირებისას.
ბერაძის მთავარი შიდა კონკურენტი “არქი ჯგუფის” დამფუძნებელი მილიონერი დეპუტატი ივლიანე წულაიაა, რომლის გარანტირებულ ადგილს საპარლამენტო სიაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში აღნიშნულ რაიონებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, დეპუტატი და მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და კახა კალაძის მილიონერი მეგობარი და ოჯახის ნათელ-მირონი ივლიანე წულაია წარმოადგენენ. შესაბამისად, “ქართული ოცნების” აღნიშნულ დეპუტატებს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის ამბიცია კვლავ აქვთ. თუმცა, მმართველი გუნდის ფავორიტს “2020NEWS” ინფორმაციით, სწორედ რიმა ბერაძე წარმოადგენს.
რაც შეეხება გიორგი ვოლსკისა და ზაზა პაპუაშვილის სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივებს, ამ ეტაპისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი არის ერთადერთი ოლქი თბილისში, სადაც ოპოზიციას საკუთარი სამაჟორიტარო კანდიდატი არ წარუდგენია.
პოლიტკულუარებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე დიდი ამბიცია და შანსი ამ საარჩევნო ოლქის მოგების, მამუკა ხაზარაძის პარტიას “ლელო საქართველოსთვის” აქვს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იბრძოლებს გამარჯვებისთვის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში “ლელოდან”.