სერგეენკო, წულუკიანი თუ მდინარაძე – ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ საბურთალოზე?!

სერგეენკო, წულუკიანი თუ მდინარაძე - ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ საბურთალოზე?!თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, მამუკა მდინარაძე და გაიოზ ვასაძე – „ქართული ოცნება“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს ამ ოთხი პირიდან აარჩევს.
როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მათ შორის „საუკეთესოს“ შერჩევა საბურთალოს რაიონის ამომრჩევლის კარდაკარ გამოკითხვით, სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება.
„ოცნების მარადმინისტრი“ თეა წულუკიანი რომ იუსტიციის 8 წლიანი მინისტრობის სავარძელს ემშვიდობება, ამას წულუკიანის გარემოცვის წევრებიც ადასტურებენ, რადგან წულუკიანს „მინისტრის ჩემოდანი“ უკვე ჩალაგებული აქვს. როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდის „ღვაწლმოსილი“ წევრი ახლა უკვე დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის ემზადება.
საარჩევნო პოლიტ-კასტინგში მონაწილეობს ჯანდაცვის ექს-მინისტრი და საეჭვოდ გაუჩინარებული დავით სერგეენკო. სოციალური კვლევის აგენტები საბურთალოელებს ეკთხებიან, სურთ თუ არა საკუთარ მაჟორიტარად დავით სერგეენკო.
პოლიტ-კასტინგის მონაწილეა საბურთალოს რაიონის მოქმედი მაჟორიტარი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც. ივანიშვილის გუნდი მის რეიტინგსაც ტესტავს საბურთალოზე.
კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი გაიოზ ვასაძეა – საბურთალოს რაიონის გამგებელი და დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დაახლოებული პირი.
გაიოზ ვასაძის კანდიდატურის ირგვლივ, პირველ რიგში მისი ცნობადობიდან გამომდინარე, კითხვები ბევრია.
იმის მიუხედავად, რომ ვასაძე, სხვა კანდიდატებთან შედარებით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, პრაიმერისში მაინც მოხვდა. ერთი იმის გამო, რომ კალაძის დედაქალაქის მერად არჩევის შემდეგ მას საბურთალო ჩააბარეს და მეორეც – ვასაძეს ბევრი მეგობარი ჰყავს ე.წ. მოძველბიჭო ქუჩის მაყურებლებში, რომელთა დიდი იმედიც აქვს „ოცნებას“ არჩევნებში.
„2020NEWS“-მა გაარკვია, რომ “ოცნება“ სხვა რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებსაც ზუსტად ამ პრინციპით ტესტავს.
მმართველი გუნდი საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ივლისის შუა რიცხვებიდან გეგმავს.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული სიიდან, ხოლო 30 დეპუტატს მაჟორიტარული ოლქებიდან აირჩევს.