“შაქარაშვილს ძალადობა ეტყობოდა და რატომ არ დაიწყო გამოძიება მკვლელობის მუხლით?!”

"შაქარაშვილს ძალადობა ეტყობოდა და რატომ არ დაიწყო გამოძიება მკვლელობის მუხლით?!"იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზამ დასკვნა დადო, სადაც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. თუმცა დადგინდა, რომ მას დაზიანებები სიცოცხლეშივე მიაყენეს და გარდაცვალების მიზეზი ეს გახდა. დასადგენია ის, ნაცემი ფეხბურთელი თავის ინერციით ჩავარდა წყალში თუ ჩააგდეს, ან სულაც არაგვში ჩაახრჩვეს.
გამოძიება გადაკვალიფიცირდა და სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის მიუხედავად კითხვები ისევ მრავლადაა და საზოგადოების ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ გამოძიება ახლა მაინც წარიმართება სწორად.
ამ საქმეზე, ვისაც ბევრი კითხვა და ეჭვები უჩნდება “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი სანდრო ბარამიძეა, რომელიც ამ ხელისუფლების მმართველობის დროს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 5 წელზე მეტი ხანი იკავებდა. იურისტი და პოლიტიკოსი ამ საქმის შესახებ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს:
– გავეცანი თქვენს რამდენიმე მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაწერეთ სოციალურ ქსელში, მათ შორის კითხვები გაქვთ ექსპერტიზის ვადებთან დაკავშირებითაც. ფიქრობთ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და სახეზე გვაქვს საქმის ფალსიფიცირების თვალსაჩინო მაგალითები?
– ამის თვალსაჩინო მაგალითები თუნდაც შაბათ საღამოს ტელე-ეთერებშიც იყო და ახალი გარემოებები გამოიკვეთა. მაგალითად ის, რომ, სადაც იდო ჩანთა, იმ ჩანთიდან 150 მეტრის მოშორებით, მდინარის დინების მიმართულებით იპოვეს გვამი და როდესაც აჩვენა “მთავარმა არხმა” დინების მიმართულებები, რაღაცა ვერ ემთხვევა ერთმანეთს. მდინარის ის ნაწილი, რომელსაც შეეძლო გვამი წაეღო, იყო მარჯვენა მხარეს, როგორც ამას გვიხსნიან, მაგრამ შაქარაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს მარცხენა მხარეს. ესეც ახალი გარემოებაა, რაც ძალიან სერიოზულ ეჭვებს მიჩენს, რომ ჩხუბი იქ კი არ მოხდა, რასაც ოფიციალური ვერსია მისდევს, არამედ სრულიად სხვაგან. აქ უამრავი კითხვაა.
– რატომ ვერ თუ არ სცემს ამ კითხვებს პასუხებს გამოძიება და პირიქით, უფრო და უფრო რატომ ამრავლებს ამ კითხვებს?
– მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ გამოძიებას თავიდანვე არ ჰქონდა სურვილი, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაედგინა. ამისი ბევრი საფუძველი არსებობს. მათ შორის თუნდაც ის, რომ ორი მანქანის მგზავრები დააკავეს დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ამ ტრაგიკული ინციდენტის დღიდან. იმის მიუხედავად, რომ გამოძიებას ყველა საფუძველი უნდა ჰქონოდა იმისათვის, რომ ეს გაეკეთებინა უფრო ადრე, მაგრამ არ გააკეთეს და მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ იძულებულები, რომ წარედგინათ ბრალი, რაც ატყდა ხმაური მედიასა და საზოგადოებაში. ოღონდ წარადგინეს საკმაოდ უცნაური კვალიფიკაციით. თავიდანვე რატომღაც ჯიუტად არ უნდოდათ, რომ ბრალი წარედგინათ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ან თუნდაც განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით წარედგინათ. იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილი ადამიანი აღმოაჩინეს და რომელსაც ძალადობის კვალი ჰქონდა და, ბუნებრივია, რომ ეს წარმოშობს კითხვებს. იყო საფუძველი, რომ გამოძიება წარმართულიყო მკვლელობის მუხლით და არა რაღაც უცნაური კვალიფიკაციით, ჯგუფური ძალადობით და ა. შ.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მაქვს სერიოზული ეჭვი. იმიტომ, რომ ეს დასკვნა შედგება სამი ნაწილისგან. ერთი ეს არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მეორეა ფისტოლოგიური, ხოლო მესამე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური. მეორე და მესამე დასკვნებს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირვებოდა. ფისტოლოგიური ექსპერტიზა ეს არის მოლეკულების გამოკვლევა და ა. შ. ქსოვილების აღება სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან და მათი უჯრედოვანი კვლევა. ამას დრო სჭირდება, მაგრამ რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, ეს არის გვამის გაკვეთა. რაც მოხდა გვამის აღმოჩენიდან პირველივე საათებში და რატომ დასჭირდა ამ ნაწილში დასკვნის დაწერას 22 დღე, ეს ჩემთვის გაუგებარია.
– რა ეჭვებს გიჩენთ ეს?
– ეს მიჩენს ეჭვს, რომ გამოძიებას თავიდანვე არ ჰქონდა ობიექტური ჭეშმარიტების მიზანი. შესაძლოა ისინი უბრალოდ ხელს აფარებდნენ მკვლელებს.
– ანუ, გარედან ჩარევის მცდელობებს ხედავთ გამოძიებაში, იქნებიან ესენი გავლენიანი თუ პოლიტიკური ფიგურები და ა. შ?
– ალბათ. აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო?! როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, რას აკეთებენ ხოლმე?! მიდიან ადგილზე, ხდება შემთხვევის ადგილის დაცვა, ხდება ადგილზე პირველივე საათებში კრიმინალისტიკური სამუშაოების ჩატარება, მტკიცებულებების ამოღება, გამაგრება და ა. შ.
– საინტერესო თემას შეეხეთ. კითხვებს ის არ აჩენს, როცა არ მოხდა შემთხვევის ადგილის შემოღობვა, დაცვა, ექსპერტიზის ნიმუშების აღება და სხვა საგამოძიებო მოქმედებები?
– პოლიციის ეკიპაჟი მივიდა ტაქსივით, ჩაისვა ფოტოგრაფი ბრეგვაძე და წაიყვანა თბილისში. ეს იყო და ეს, მეტი ხომ არაფერი გაუკეთებიათ?! მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე გვეუბნებიან, რომ შეტყობინება მივიღეთო. ის, რა საუბარიც გამოქვეყნდა ფოტოგრაფსა და 112-ის ოპერატორს შორის, ამაზე ამბობენ, რომ “ფეიქია”. ეს მე არ ვიცი. თუ “ფეიქია” ეს ცალკე დანაშაულია, იმიტომ, რომ ამას ჰქვია მტკიცებულებების შეკერვა, მაგრამ თუ ეს არ არის “ფეიქი”, თუნდაც პირველი ზარი, ვხედავთ, რომ კაცმა თქვა, რომ თავს დაგვესხნენ, მოდით და გვიშველეთო. იმის ნაცვლად, რომ ადგილზე მისულიყვნენ რეალურ დროში… 112-ს გააჩნია ადგილმდებარეობის დადგენის ფუნქცია და ეს რას ნიშნავს?! მას აქვს შესაძლებლობა, რომ სატელიტის მეშვეობით დაადგინოს ტელეფონი, საიდანაც ზარი განხორციელდა. რომც არ ეთქვა მისამართი, მაინც უნდა მიეგნოთ. აბა რისთვის არსებობს 112?! ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ეჭვს წარმოშობს, მით უმეტეს, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა და მე ვიტყოდი, განსაკუთრებული სისასტიკით, უმოწყალოდ არის ნაცემი ადამიანი, რამდენადაც ამას იტყობინებიან. თუმცა, რატომღაც ექსპერტიზის დასკვნა ამბობს, რომ ეს ყველაფერი მსუბუქი იყოო.
– ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა მთლიანად ჩამოიშალა?
– მთლიანად დავარქმევთ, ნაწილობრივ თუ რას ვიზამთ, არ ვიცი, მაგრამ გვაქვს ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოცდილება, შაქარაშვილის ტრაგედიის გამოცდილება. შაბათს საღამოს “ტვ პირველზე” გავიდა კობალაძის საქმის ისტორიაც. როგორც ირკვევა, დეპუტატ კობა კობალაძის ვაჟი თურმე 24 ივნისს გარეული იყო ახალგაზრდა ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემთხვევაში. თავს დაესხნენ და თავი გაუტეხეს 6 ადგილას და დანით აწვალესო. როგორც ირკვევა, არც არავინ დაუკითხავთ, მათ შორის, არც დაზარალებული და არც დაკითხული არავინ იყო. მას შემდეგ, რაც პარასკევს ეთერში გავიდა გადაცემის ანონსი, მხოლოდ მას შემდეგ დაუკავებიათ კობალაძის ვაჟი დილის 3 საათზე.
ასეთ რაღაცებს რომ ვხედავთ, რა უნდა ვთქვათ?! გვაქვს რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა და ამ დროს პოლიცია და მთლიანად სამართალდამცავი სისტემა იმით არის დაკავებული, რომ როგორმე გააყალბოს მტკიცებულებები, როგორმე ხელი დააფარონ დამნაშავეს და როგორმე არ დაადგინონ საქმეზე ჭეშმარიტება, რის მოთმენაც შეუძლებელია.
– გგონიათ თუ არა, რომ ეს საქმე ისეთივე რეზონანსული გახდება, როგორიც თავის დროზე იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და რამაც მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი მაშინდელ ხელისუფლებას?
– ეს საქმე უკვე გახდა ასეთი. ასეთივე იყო ხორავას საქმეც. კობალაძის საქმეც კიდევ ერთი გახმაურებული საქმეა, თუმცა იქ, საბედნიეროდ, გადარჩა დაზარალებული. როგორც გვეუბნებიან, სასწაულებრივად გადარჩაო. ადამიანს 6 ადგილას თავს რომ გაუტეხავ და კიდევ დამატებით დანით ჭრილობებს მიაყენებ, გასაოცარია, როგორ გადარჩა ის ადამიანი, მაგრამ საბედნიეროდ კიდევ ერთი ტრაგედია თავიდან ავიცილეთ.
ეს ყველაფერიმ, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ამ ხელისუფლების შედეგებზე არჩევნებში. იმიტომ, რომ ამის მოთმენა შეუძლებელია. თავმოყვარე ადამიანი ამას უბრალოდ ვერ მოითმენს, როდესაც პოლიცია და კრიმინალური ჯგუფები ერთობლივად ანადგურებენ ჩვენი ბავშვების სიცოცხლეს.
– როდესაც ხელისუფლება ამ საქმეებისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემაში ედავება პოლიტიკოსებს, მედიას თუ საზოგადოებას, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
– ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო თემა. რას ჰქვია პოლიტიკურ კონტექსტში გადასვლა?! თუ არ უნდოდათ, რომ ეს მომხდარიყო, მაშინ ელემენტარულად უნდა გამოეძიებინათ ეს საქმე სწრაფად და ეფექტიანად. მხედველობაში მაქვს როგორც შაქარაშვილის საქმე, ასევე სხვა საქმეები. შესაბამისად, არავის ექნებოდა საფუძველი, რომ პოლიტიკურ კონტექსტზე ელაპარაკა. მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ აშკარად ხდება საქმის ფაბრიკაცია თუ მტკიცებულებების განადგურება და შემდეგ რაღაცების კეთება იძულებით უწევთ იმის გამო, რომ მედია წინ უსწრებს გამოძიებას და თვითონ ადგენს აქამდე უცნობ ფაქტებს და მერე ამათ უხდებათ ამაზე რეაგირება, სხვა რა უნდა თქვა, გარდა იმისა, რომ ამისთანა ხელისუფლება, რომელიც ასეთ რამეს უშვებს, რა თქმა უნდა, უნდა წავიდეს. თვითონვე გიბიძგებენ პოლიტიკური განცხადებებისაკენ და ამასაც კი ვერ ხვდებიან. თუ არ უნდოდათ, მაშინ გამოეძიებინათ, ეს არის მარტივი პასუხი.
– ამ შემთხვევაში ხომ არ დგება შს მინისტრის და გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი?
– არ ვიცი. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს არჩევნებზე. მე არ ვიცი, რას იზამენ – დააყენებენ თუ არა გომელაურის და შოთაძის პასუხისმგებლობას. მაგრამ ერთი გომელაური წავა და მეორე მოვა, ერთი შოთაძე წავა და მეორე შოთაძე მოვა თუ მესამე, ეს ყველაფერი შესაცვლელია. ჯერ ეს ხელისუფლებაა სახლში გასაშვები და მერე ეს სისტემაა შესაცვლელი. ამ სისტემაში აბსოლუტურად სიღრმისეული და მასშტაბური რეფორმაა განსახორციელებელი. ერთი მინისტრის და პროკურორის გადადგომით არაფერი არ შეიცვლება. ხორავას საქმის დროს, სერიოზულად რომ მიეღოთ ყველაფერი და შოთაძის მაშინდელი გადადგომა და მაშინდელი გაკვეთილები ესწავლათ, აქეთ რომ არ ეკიჟინათ, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გამოვიძიეთ, უბრალოდ, შოთაძემ მორალური ნაბიჯი გადადგაო და რაღაც სისულელეები და მერე რომ არ დაებრუნებინათ შოთაძე გენერალურ პროკურორად და ა. შ. ეს ყველაფერი რომ არ გაეკეთებინათ, მაშინ შეიძლება შაქარაშვილის ტრაგიკული ინციდენტის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით, მაგრამ დღეს უკვე სრულიად აშკარაა, რომ ეს ხელისუფლება კავშირშია კრიმინალურ ბანდებთან და აქედან გამომდინარე ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს.