“შიდა ქართლში ჩვენ რუსული კაგებე გვებრძვის“

"შიდა ქართლში ჩვენ რუსული კაგებე გვებრძვის“ოთარ კვირიკაშვილი: “ოცნებამ” საქართველო “ცეხად” გადააქცია”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” წევრი ოთარ კვირიკაშვილი პასუხობს.
– ოთარ, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? ვხედავთ, რომ უჭირთ შეთანხმება. თბილისში ორ ოლქში კიდევ ვერ შეთანხმდნენ. რეალურად ვერ აღიქვამს ოპოზიცია იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნებზე?
– ოპოზიციის ერთ ნაწილში არის ასეთი განწყობა, რომ მთავარია ჩვენი იყოს და აღარ უყურებენ იმას, ვის რა რეიტინგი აქვს რეალურად. რაც არ უნდა მაღალი რეიტინგი ჰქონდეს რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს, მაინც ცდილობენ, რომ თავისი კადრი დააყენონ საერთო კანდიდატად. თუკი ასეა, მაშინ რაღაზე ვებრძვით “ოცნებას”?! იქაც ხომ ეს პრობლემებია. ნეპოტიზმია, საკუთარ კანდიდატებს ტენიან ყველგან, თავისი პროტეჟეები ჰყავთ და რისთვისღა ვებრძვით?! აი ეს გამოიკვეთა საერთო ოპოზიციური კანდიდატების განხილვისას. თუმცა თბილისში მეტ-ნაკლებად ექვსი ოლქი მაინც დალაგდა. ორ ოლქზე ჯერჯერობით პრობლემაა. იმედია, იქაც ისე დალაგდება, რომ ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს.
– ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საბურთალოზე თაკო ჩარკვიანს დაუჭერს მხარს. ასევე “ლელოდან” ჯაფარიძე იყრის კენჭს. ხმები სერიოზულად გაიყოფა. ეს წამგებიანი არ არის?
– რა თქმა უნდა, გაიყოფა. თაკო ჩარკვიანის არც პირადი ჯინი ჭირს არავის და არაფერი, მაგრამ რეალურად ხომ უნდა შევხედოთ სიტუაციას?! ის არ არის კონკურენტუნარიანი კანდიდატი. თუკი ოპოზიციის ერთი ნაწილი, ყველაზე დიდი გაერთიანება, როგორც თვითონ ეძახიან თავის თავს, ასეთ კანდიდატზე ჯერდება, ფაქტიურად, ამით ხაზს უსვამს იმას, რომ მთავარია, ადამიანი მათი ინტერესების გამტარებელი იყოს და არავინ არ უყურებს რეალურად რეიტინგებს. ასევეა მათი დამოკიდებულება რეგიონებთან მიმართებაში.
– საუბარია, რომ რეგიონებში ყველას თავისი კანდიდატი ეყოლება.

– რეგიონებთან მიმართებაშიც იგივე პრინციპს ატარებენ, რასაც ჩარკვიანთან მიმართებაში. რეალურად ამით იკვეთება ტენდენცია, რომ მათ ხელისუფლების ცვლილება კი არ უნდათ, მათ უნდათ ის, რომ ოპოზიციაში ჰქონდეთ პირველის სტატუსი.

– მთავარი ოპოზიციონერის ტიტულისთვის იბრძვიან?
– ფაქტიურად ასე გამოდის. მათი ქმედებები ამაზე მეტყველებს. ამ დროს კი “ოცნება” მთელი თავისი სახელისუფლო რესურსით, სუსით, ადმინისტრაციული რესურსით, დიდ ფულით და აბსოლუტურად ყველაფრით გებრძვის ისე, როგორც რინგზე ახვიდე ცარიელი ხელებით ავტომატიან ადამიანთან. ამ დროს კი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უშლიან ხელს.
– ოთარ, ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისში მაჟორიტარ კანდიდატობაზე უარი თქვა. რა ხდება რეგიონებში. გეყოლებათ თქვენი კანდიდატები? როგორც ვიცი, გორში თქვენი კანდიდატურა განიხილება.
– გორში რეალურად ასეთი სიტუაციაა, მალე გადაწყდება ჩვენიდან ვინ იქნება.
– ჯერ არ გადაწყვეტილა?
– გადაწყვეტილია, მაგრამ რამდენიმე დღეში ოფიციალურად ვიტყვით. რეალურად, გორში ერთ მხარეს ვართ ჩვენ, თანამედროვე ქართული ჯარის დამფუძნებელი ოქრუაშვილი, მისი გუნდი და მეორე მხარეს არის, არა სუსი, არამედ კაგებე. რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ამას არ ვამბობ ისე, რომ თითქოს სურათს ვამძაფრებდე.
– გორში “ოცნების” კანდიდატი ხოჯევანიშვილია.
– დიახ, ხოჯევანიშვილი, რომელსაც ბიზნესინტერესები აქვს რუსეთში, რომლის ბიზნესპარტნიორი ყაზანის საკონდიტრო ქარხნის დირექტორია და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ინტერესები აქვს რუსეთში ამ ადამიანს. ასევე მისი მხარდამჭერები აქ, ადგილზე, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე, მამამისი, რომელსაც რუსეთში აქვს კაგებეს სასწავლებელი გავლილი და რუსული გავლენებია მათ მხარესაც. ასევე მეზურნიშვილი, ვინც ახლა დანიშნეს ხოჯევანიშვილის შტაბის უფროსად, მოქმედი პარლამენტარი, ეს ადამიანი რუსეთშია გაზრდილი, პუტინის სტიპენდიანტია, ფაქტიურად რუსული ინტერესების წარმომადგენელი და შევარდნაძის დროინდელი რუსეთის კონსულის შვილი. რეალურად ბრძოლა გვიწევს რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ.
– ნაციონალურ მოძრაობასაც ჰყავს კანდიდატი გორში…
– დანარჩენებს არც განვიხილავ კონკურენტებად, რადგან ძირითადი ბრძოლა ჩვენ შორის წავა. ჩვენსა და რუსულ კაგებეს შორის. არავითარი “ქართული ოცნება” აქ არაფერ შუაში არ არის. ან რა საერთო აქვთ ამ ადამიანებს “ოცნებასთან”.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში ციხეში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს და რაც მაშინ ხდებოდა უბედურება, კვლა და წამება, ფაქტიურად ყველაფერი მაგის თვალწინ მიდიოდა.
– ამას რომ არ ადასტურებს?
– ახლა კი ცდილობს აირიდოს ამ ადამიანმა ეს ტვირთი და აცხადებს, რომ თითქოს და მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებთან უწევდა ურთიერთობა, თუმცა ერთი რეპორტიც კი არა აქვს მომზადებული იმ ციხის უბედურობებზე, რაც მაშინ ხდებოდა. ეს მარტო ციხის კადრები ხომ არ იყო?! ძალიან მოკლე მეხსიერება უნდა გქონდეს, რომ ის უბედურებები არ გახსოვდეს, რაც იმ დროს ხდებოდა. ამას ვერ აირიდებს. მისი ძმა კი ოდეერი იყო ნაციონალების დროს, ეკონომიკის სამინისტროში. შემდეგ იყო ვანო მერაბიშვილის თანაშემწე, რომელიც არის ორი გვამის კადრებშიც. იყო გენინსპექციის უფროსი. ახლა ამ ადამიანებს როგორ შეიძლება “ოცნება” უწოდო?! როცა ჩვენ ციხის კადრებს ვაპროტესტებდით, ეს ადამიანები იმ რეჟიმს ამაგრებდნენ. პლუს ამას ძალიან დიდი კავშირები რუსეთთან.
– დანარჩენი კანდიდატები?
– დანარჩენებს არც კი განვიხილავ კონკურენტებად. რეალური ბრძოლა გაიმართება ჩვენ შორის. გორში ირაკლი ოქრუაშვილის რეიტინგი, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგზე ორჯერ მეტია. ჩვენ იმის შანსიც გვაქვს, რომ პირველივე ტურში ხოჯევანიშვილსაც კი მოვუგოთ. ნაციონალურმა მოძრაობამ ვისი კანდიდატურაც არ უნდა დააყენოს, თვით სააკაშვილიც რომ ჩამოიყვანონ, გორში არანაირი შანსი არა აქვთ!
– ოთარ, ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ და კეთდება შეფასებები, რომ ძალიან დაუმძიმდათ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციაო. გახმაურებული მკვლელობები… რა ხდება, წინასაარჩევნოდ ასე რატომ გაექცათ სიტუაცია?
– რეალურად, “ქართული ოცნება” შეერწყა კრიმინალს! ეს აღარ არის დასამალი. მათ ფაქტიურად კრიმინალები ჩამოჰყავთ ქვეყანაში. ვიღაცა ციხეშია, ციხიდან გამოჰყავთ, ვიღაცა საზღვარგარეთაა, იქიდან ჩამოჰყავთ. შემდეგ ამ კრიმინალურ ელემენტებს სუსი მფარველობს. მიდის გარჩევები, მერე ერთმანეთში ვერ თანხმდებიან და ერთმანეთს ხოცავენ. იგივე ფოთში რაც მოხდა.
– ოთარ, რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეების გამოძიება?
– აქ უკვე ცალსახაა, ბავშვიც კი მიხვდება, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაფარცხოს ეს საქმეები.
– რატომ, რა ინტერესი იკვეთება ხელისუფლების? მით უმეტეს, წინ არჩევნებია?
– მის ინტერესში შედის ის, რომ სწორედ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა მოკლეს გიორგი შაქარაშვილი.
– ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებში ვის გულისხმობ, სპორტსმენებს?
– კი, რა თქმა უნდა, ვისაც იყენებდნენ მთელი არჩევნების განმავლობაში. აი 23 წლის გოგოსთან კი ისეთი თემები იკვეთება, რომ რა გითხრათ. ჯერ დრონით ეძებდნენ, შემდეგ კამერებთანაც საეჭვოდ იკვეთება…
– ავტომანქანის ადგილმდებარეობა ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევსო.
– დიახ, მანქანის ადგილმდებარეობა, მერე კომპიუტერის ვერ გახსნა, მერე მამასთან შანტაჟის ენით საუბარი. მე მგონია, რომ ქართველმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი მშვენივრად იციან. არც ეს გოგო არა არის ვიღაც ჩვეულებრივი ტიპის მოკლული. ისე უნდათ გამოიყვანონ, რომ თითქოს ფულის გამო და რაღაც. ვხედავთ, ის 100 ათასობით ლარი, რაც ჰქონდა, ისევ ანგარიშზე უდევს. რეალურად სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
– რასთან?
– არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ რუსულ-ირანული სანქცირებული კომპანიები, რაზეც 2013 წლიდან წერს დასავლური პრესა, აი ეს ფული თეთრდებოდა საქართველოში. საქართველო იქცა ოაზისად ამ ფულის გათეთრების. ძალიან ბევრი შავბნელი საქმეები კეთდება. სუსმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს კომპანია რაღაც შავბნელ საქმეებს ემსახურებოდა. აი მთელი ხელისუფლება ასეთი შავბნელი საქმეებით არის დაკავებული.
ორი დღის წინ დააკავეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდაზე. ფაქტიურად, “ოცნება” ჩალპა მთლიანად კორუფციაში. შევარდნაძის დროსაც კი არ იყო კორუფცია ასე მოდებული. ყველა იპარავს, რიგითი სპეციალისტით დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული! საკუთარ თარგზე მოიჭრეს მთელი ქვეყანა! რაღაც ერთი “ცეხი” გახადეს მთელი საქართველო! ვინც არ მოსწონთ, კლავენ, იშორებენ. დღეს ჩვენი ქვეყანა 90-იანების რუსულ სტილზე იმართება!